ავტორი:

"მეუბნებოდნენ, ვერაფერს მიაღწევ, ეს კაცების საქმეაო... ახლა უკვე არაფრის მეშინია, თავისუფლად ვარ, მიზანს მივაღწიე..." - ნარგილეს ბრძოლა: რას ჰყვება ერთადერთი აშუღი ქალი საქართველოდან?

"მეუბნებოდნენ, ვერაფერს მიაღწევ, ეს კაცების საქმეაო... ახლა უკვე არაფრის მეშინია, თავისუფლად ვარ, მიზანს მივაღწიე..." - ნარგილეს ბრძოლა: რას ჰყვება ერთადერთი აშუღი ქალი საქართველოდან?

საქართველოში 150 კაცი აშუღია, სერიოზული ოსტატები არიან, მაგრამ ქალი აშუღი ერთია და ესაა თინათინ - ნარგილე მეჰთიევა. რთული გზა გაიარა ნარგილემ აქამდე. დიდი წინააღმდეგობების დაძლევა მოუხდა, მაგრამ შეძლო და დღეს ერთადერთი აშუღი ქალია საქართველოში.

როგორ გაიარა ნარგილემ ეს გზა, რას ნიშნავს მისთვის აშუღობა და როგორ შექმნა საკუთარი თავი, - ამაზე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- საბუთებით თინათინი ვარ, ჩემი სახელი მერე ბებიას (მამის დედა) არ მოეწონა და ნარგილე დამარქვა, რაც ბროწეულს ნიშნავს... მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაშიც იქ დავდიოდი. მამა მატარებლის მემანქანე იყო, ახლა აღარ მუშაობს, დედა დიასახლისი იყო და ახლაც დიასახლისია. მყავს ერთი ძმა.

- მუსიკა როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

- ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და ჩემთვის ვმღეროდი ხოლმე. დედაც ნიჭიერი ქალბატონია, ხმაც ჰქონდა, როცა სამზარეულოში ფუსფუსებდა ან სხვადასხვა საქმეს აკეთებდა, თავისთვის სულ ღიღინებდა. ძალიან მომწონდა დედაჩემის ნამღერი და მეც მასწავლიდა. საერთოდ, ისეთი ადამიანია, რომ ყვავილებსაც კი ელაპარაკება და უმღერის... დედა ადრე დოლზეც უკრავდა, რიტმიც კარგად გამოსდიოდა. მოკლედ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

პაპაჩემის პაპა (დედის მხრიდან) საქართველოში ყარაბაღიდან იყო ჩამოსული. კასპის რაიონის სოფელ ჩანგილარში ცხოვრობდნენ. პაპაჩემი, რომელიც უკვე გარდაცვლილია, მეზურნე გახლდათ, ქორწილებში ზურნას უკრავდა. აშუღური ჰანგებიც კარგად იცოდა. აშუღები ჩვენთანაც მოდიოდნენ და ვიცოდი საზი (საკრავი) რა იყო. პაპამ შენიშნა ჩემი საზის მიმართ სიყვარული, ხმაც რომ მქონდა, ესეც იცოდა. ერთად ხშირად ვუსმენდით ხოლმე აშუღურ ჰანგებს. სულ მეუბნებოდა, - აშუღური ჰანგები რთულია და თუ ამ საქმეს ხელს მოჰკიდებ, მისი სწორად შესრულება უნდა ისწავლოო.

- აშუღები ძირითადად მამაკაცები არიან...

- ასეა, მაგრამ პაპა სულ ამბობდა, რომ შენ გაქვს ამის უნარი, ნიჭი, შეძლებ აშუღობას და ეს შესაძლებლობა არ უნდა დაკარგო. ეს ღმერთისგან მოცემული ნიჭიაო... პატარა ვიყავი და ამ სიტყვებს მაშინ დიდად არ ვუკვირდებოდი. ეს ყველაფერი მერე და მერე გავაცნობიერე და მისი სიტყვები სულ მახსენდებოდა... პაპა ჩემს აშუღობას მოესწრო.

- აზერბაიჯანული წესებისა და ტრადიციების მიხედვით აშუღი ქალი ალბათ მისაღები არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, პაპა ასე არ ფიქრობდა...

- კი, ტრადიციები ამ ყველაფერს კრძალავს, მაგრამ ჩემთან სხვანაირად მოხდა... პაპა ეშხიანი კაციც იყო, სულ მღეროდა, სულ ღიღინებდა, ლექსებს წერდა და ნიჭიერი ხალხი უყვარდა და ჩემთან დაკავშირებითაც ასე ფიქრობდა... მამასაც ძალიან უყვარდა აშუღური ჰანგები, - ოჯახშიც სულ აშუღურ ჰანგებს უსმენდნენ... მშობლებმა არ იცოდნენ საზზე დაკვრა, მაგრამ ძალიან მოსწონდათ. ჩვენთან აშუღები რომ მოდიოდნენ, მიხაროდა, მათი სამოსიც ძალიან მომწონდა და საზიც, მაგრამ უფლებას არ მაძლევდნენ, რომ მასზე დამეკრა. არადა, ამ ინსტრუმენტის ჟღერადობა, ხმა დიდად მხიბლავდა... ბავშვი ვიყავი და საზს არ მანდობდნენ, ფრთხილობდნენ, რომ შემთხვევით არ გამეფუჭებინა. მოკლედ, ეს ინსტრუმენტი ასე ნელ-ნელა შემიყვარდა.

- მუსიკალური განათლება გაქვთ?

- ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდა და სწავლა კონსერვატორიაში დავიწყე, სადაც 5 წელი ვისწავლე. საზს იქ დავეუფლე.

საქართველოში მცხოვრები აშუღები სხვანაირი ჟღერადობით უკრავენ, დაკვრის სხვა მანერა აქვთ. ეს საქართველოს გავლენაა. ჰანგი უფრო სევდიანია და რაღაც უფრო თავისთავადი.

- აშუღი არის ადამიანი, რომელიც ლექს, მუსიკას წერს და ინსტრუმენტზე თვითონვე ასრულებს. თქვენ შემთხვევაში როგორ არის?

- ჩემს შემთხვევაშიც ასეა, ვწერ ტექსტსაც, მუსიკასაც და დასთანს (მოთხრობა, ამბავი, ზღაპარი) ვუკრავ, ვმღერი. თან ვყვები, თან ვმღერი და თან ვუკრავ. როცა სცენაზე ვარ და ვასრულებ, ფაქტობრივად, სრულიად სხვა ადამიანი ვხდები. ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ... არასდროს, არავისთვის, ჩემი ოჯახისთვისაც კი, უფლება არ მიმიცია, რომ ჩემთვის საყვარელი საქმიანობა, პროფესია და ჩემი საზი წაერთმია.

- ამის მცდელობა იყო?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან ქალი ვარ და ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალი უნდა იყოს ოჯახში და ბავშვებთან... არადა, ოჯახშიც ვიყავი, შვილები თვითონ გავზარდე, დამხმარე არავინ მყოლია. 2 შვილი მყავს - გოგო 21-ის გახდება, ბიჭი -22 წლისაა...

ბევრი კაცი აშუღი მეუბნებოდა, რომ თინა, შენ ამას ვერ მიაღწევ, ეს კაცების საქმეა, საზოგადოებამ ეს პროფესია მამაკაცებისგან მიიღო... მიუხედავად ამისა, საყვარელ საქმეს არ ვუღალატე. ძნელი იყო, მაგრამ ჩემი გავიტანე. ახლა უკვე ამას არავინ მეუბნება. მთავარია ადამიანმა საყვარელი საქმე გააკეთო და მისი კეთება მართლა უნდა გინდოდეს.

- ე.ი. კონსერვატორია ბაქოში დაამთავრეთ და საქართველოში დაბრუნდით. იქ დარჩენის სურვილი არ გაგიჩნდათ?

- არ გაგვიჩნდა და უკან დავბრუნდით. ბებიას საქართველოს გარდა სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოედგინა. ამბობდა, აქ რომ დავრჩე, მოვკვდებიო. საერთოდ, მშობლების სურვილი იყო, რომ ჩემთვის პატარა საკრავი ეყიდათ, იქ კონსერვატორიაში დაკვრას ვისწავლიდი და მერე კი სახლში დავუკრავდი. ის, რომ მომავალში აშუღი გავხდებოდი, ამისთვის ამდენს ვიწვალებდი, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ფიქრობდნენ, რომ გოგოა, გათხოვდება, უფლებას არ მისცემენ, რომ დაუკრასო.

რადგან საქართველოში და თბილისში დიდი სიყვარულით ვცხოვრობდი, სურვილი მქონდა, რომ ჩემი საქმიანობა აქ გამეგრძელებინა, მაგრამ როგორ, - ეს არ ვიცოდი. ვერც იმას ვხდებოდი, როგორ უნდა გამეცნო და შემეყვარებინა ის ქართული საზოგადოებისთვის. მოკლედ, დინებას მივყევი...

გავიცანი საქართველოს მრავალეროვნულ ქალთა კავშირის წევრები, ძალიან ნიჭიერი ქალბატონები, ნელ-ნელა პატარ-პატარა ღონისძიებებზე გამოვდიოდი. ბევრს ვფიქრობდი და ბევრს ვშრომობდი. ყოველი ჩემი გამოსვლა დიდი სანახაობა იყო. ამ ყველაფერში ჩემს თავს თვითონაც დავეხმარე, მაგრამ ღმერთმაც ხელი შემიწყო.

- გაგიცნეს და შეგიყვარეს, ხომ?

- ერთხელაც საქართველოს ფოლკლორის ცენტრიდან დამირეკეს, - ფოლკლორის ფესტივალზე მიმიწვიეს... მერე იქ ბევრი საინტერესო ადამიანს შევხვდი, დავმეგობრდით, ეს უკვე გამარჯვებად მიმაჩნდა. ბევრი ადამიანიც დამეხმარა. მერე სასწაული მოხდა - საქართველოს ფოლკლორის ცენტრმა უნიკალური შემსრულებლის პირველი ადგილი მომანიჭა. სცენიდან ჩემი სახელი რომ გავიგონე, ვერ დავიჯერე, რომ მე მაცხადებდნენ...

მოკლედ, იმის შემდეგ მეტად დავრწმუნდი ჩემს ძალებში, მივხვდი, რომ მეტი შემიძლია. ახლა უკვე არაფრის მეშინია, თავისუფლად ვარ, მიზანს მივაღწიე. ვიცი, რა და როგორ უნდა გავაკეთო. ჩემი საქმის ოსტატი ვარ.

- თვითონ აზერბაიჯანულ თემში როგორ ხართ აღქმული? ალბათ გაფასებენ? მეუღლე რას ამბობს?

- მეუღლე ცოტა ჭირვეულობდა, ახლაც ჭირვეულობს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, არავის და არაფრის მეშინია. საერთოდ, სახლიდან როცა გამოვდივარ, არავის მოსწონს, მაგრამ ვისაც ვუყვარვარ, ჩემი პროფესია და საქმე მოსწონს, უნდა ასეთად მიმიღოს. თუ ჩემი არავის ესმის, მაშინ რა აზრის ამ ყველაფერს?!

თურქეთსა და აზერბაიჯანში როგორც აშუღს კარგად მიცნობენ, ასევე ევროპაშიც. ლონდონში ხშირად მიწვევდნენ - 3-4 თვეში ერთხელ ჩავდიოდი, კონცერტები მქონდა. ჩინეთშიც ვიყავი კონცერტებით. ბოლოს საქართველოს კულტურის სამინისტროს დახმარებით ბრიუსელში ვიყავი. იქ 4 წელიწადში ერთხელ ფესტივალი ტარდება და ერთ ქვეყანას ეთმობა. შარშან საქართველოს კულტურა და მუსიკა იყო მთლიანად წარმოდგენილი. მეც მიმიწვიეს. ორჯერ მქონდა სხვადასხვა ქალაქში სოლო კონცერტი. ბრიუსელში კონცერტი დამახურვინეს. ქალბატონი თეა წულუკიანი შვილთან და მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. ძალიან მოეწონა, აღფრთოვანებული იყო. გამესაუბრა, მითხრა, - ბევრი ვიფიქრე, შენი ამ ფესტივალზე წამოსვლის შესახებ, მაგრამ დიდ მადლობას გიხდი, რომ საქართველო ასე წარადგინე, ასეთი მუსიკოსი ხარ, ჩვენი ხარო! ეს სიტყვები მესიამოვნა.

საერთოდ სადაც არ უნდა გამოვიდე, ყველგან საქართველოს სახელით გამოვდივარ, საქართველოს წარმოვადგენ. აქ ვისწავლე, აქ შევდექი მუსიკოსად.

- გილოცავთ, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, შეძელით და დაამტკიცეთ, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, შეუძლებელია არაფერია...

- ყოველთვის ის პოზიცია მქონდა, რომ მე ქალი ვარ და ვარ ადამიანი, მაქვს სურვილი, მიზანი, ჩემი საყვარელი საქმე, ჩემი სიყვარული და ადამიანურად უნდა ვიცხოვრო. ეს საქმე რომ არ გამეგრძელებინა, მაგალითად, სხვა მომავალი აშუღი პატარა ნარგილესთვის, ცუდი მაგალითი ვიქნებოდი. ხომ იტყოდა, რომ ვერაფერი შეძლო?!. ამაზე ფიქრმაც ძალა მომცა და მასწავლა, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დავყარო.

- ახლა ახალგაზრდებსაც უზიარებთ თქვენს ცოდნას?

- მირზა ფართალი ახუნდოვის მუზეუმში პედაგოგი ვარ და საზზე დაკვრას ვასწავლი. ასევე ერთ წელია, მარნეულშიც ვმუშაობ - კვირაში ერთხელ იქაც საზზე დაკვრას ვასწავლი.

- შვილები საზის მიმართ ინტერესს არ იჩენენ?

- არ მინდოდა, რომ ის გზა, რაც მე გავიარე, მათაც გაევლოთ. რთულად მოვიდა ჩემთან ყველაფერი. მინდოდა, სხვა უნარები გამოეჩინათ. მათ ჩემი მეორე საყვარელი საქმიანობა - მხატვრობა აირჩიეს. გოგონა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. მე თვითნასწავლი მხატვარი ვარ. საყვარელ საქმეს, უნარებს ადამიანმა არასდროს უნდა უღალატოს.