თბილისში არაერთი ლამაზი და გემოვნებით მოწყობილი აივანი არსებობს, სადაც უამრავი მცენარეა ხოლმე თავმოყრილი. ეს აივნები ძირითადად ისეთ ადამიანებს ეკუთვნით, ვისაც მცენარეები ძალიან უყვართ და ძირითადად აივანსაც ასე გულმოდგინედ იმიტომ ამწვანებენ.
„ქიმიკოსი ვარ, უნივერსიტეტი „წითელ დიპლომზე“ კი დავამთავრე, თემაზეც ვმუშაობდი, მაგრამ ამჟამად დიასახლისი გახლავართ, დრო ბავშვების აღზრდას დავუთმე,“ - ასე გაგვეცნო ლელა გრძელიშვილი, ქალბატონი, რომელსაც ვაკეში, ერთ-ერთ სახლის მესამე სართულზე, ულამაზესი აივანი აქვს, სადაც საკუთარ ბაღნარი აქვს შექმნილი. ქალბატონი ლელა, ასევე ქიმიკოს და ინჟინერ მეუღლესთან, ზურაბ გველესიანთან ერთად, წლებია, თავიანთი აივნის გამწვანებითაა დაკავებული. ეს საქმე მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.

ლელა გრძელიშვილი:
- ძალიან პატარა აივანი გვქონდა, სადაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო რაიმეს წამოწყება. ადრეულ წლებში აივნების მიშენება აქტიურად რომ დაიწყეს, ჩვენც მივაშენეთ და შემდეგ მის ნელ-ნელა გამშვენიერებას შევუდექით. დავდგით მაგიდა და სკამები. საერთოდ აპრილიდან სანამ კარგად არ აცივდება, სულ იქ ვართ და ყოველ დილას ყავას სვამთ...
ჩემს მეუღლეს ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. რომ ვიტყვი, ეს გადავრგოთ, ამას სხვა ქოთანი უნდა-თქო, სიტყვა დასრულებული არ მაქვს, რომ მიწა უკვე გაშლილი აქვს. აქტიურადაა ჩართული - ზედმეტად ცოტა დიდ ქოთნებსაც ირჩევს. ვეუბნები, საჭირო არ არის ამხელა ქოთნები-მეთქი...
მე აქტიურად ვეცნობი ლიტერატურას, საიდანაც სხვადასხვა რჩევას ვიღებ და ამ ინფორმაციას მეუღლესაც ვაწვდი. მას ინტერესი მეტი აქვს, უნდა, რომ მთელი აივანი, რომელიც 14 კვადრატული მეტრია, სულ შევსებული იყოს. თუ რამე მცენარე გახმა, სასწრაფოდ უნდა, რომ ახალი შევიძინოთ. ყვავილს თუ რამე ავადმყოფობა გაუჩნდება, ამაზე დაკვირვება, მისი დროულად მიხედვა, უკვე ჩემი პრეროგატივაა - ეს გამოცდილებაც ნელ-ნელა მოვიდა. ასე რომ, ერთმანეთს ვავსებთ.
თავდაპირველად ბევრი მცენარე გაგვიფუჭდა. მარტო წყლის დასხმა არაფერია, თუ მცენარე დაავადდა, დახმარება სჭირდება. თუ ის დაავადება არ აღმოაჩინე, არ შეწამლე, მაშინ მცენარე გაფუჭდება. თავიდან რამდენიმე კარგი ყვავილი ასე გაგვიფუჭდა.
- მოკლედ შვილებივით უვლით, ხომ?
- ასეა, შვილივით უნდა მოუარო. თან ყველას სხვადასხვა ბუნება აქვს, ზოგს ჩრდილი უნდა, ზოგს - მზე, ზოგს - მეტი წყალი, ან პირიქით. გამორჩეულად მიყვარს ბალბები, საოცარ გარემოს ქმნიან, აქტიური ყვავილობით გამოირჩევიან და სულ ღაჟღაჟებენ. მთელი წელი ყვავიან. ზამთარში თუ ყინვა არ არის, შინ არ შემომაქვს, რადგან სახლის პირობები დიდად არ უყვართ. ამიტომ ვცდილობ, შიგნით მხოლოდ ყინვის დროს შემოვიტანო. მოკლედ, კლიმატის ცვლილების დროს, რომელსაც დახმარება სჭირდება, სახლში შემოტანით ვეხმარები.
- და ასე ერთობლივად და დაუზარლად აკეთებთ ყველაფერს...
- კი, გვსიამოვნებს და არ გვეზარება... ბალბების ბევრნაირი ფერის მაქვს. ეს მცენარე ყველაზე ადვილი მოსავლელია. ამის გამო, მიმაჩნია, ყველა აივანზე უნდა იყოს. მზიანი მხარე უყვარს, ჩრდილს ვერ იტანს. ვისაც აივანზე ჩრდილი არ აქვს, ისინი ბალბით არ უნდა დაინტერესდნენ. ჩვენს აივანს მზე აღმოსავლეთიდან აცხუნებს, ისე სიამოვნებთ ეს ადგილი, რომ ტოტს ვერ ნახავთ, ორი-სამი კვირტი არ ჰქონდეს ერთდროულად. ყველა ერთად რომ აყვავდება, სასწაულ გარემოს ქმნიან. მოკლედ ყვავილობით თავს იკლავენ. ზამთარში ყვავის-მეთქი, ხომ გითხარით, მაგრამ ზამთარში ყვავილობა სასურველი არ არის, ამიტომ ტოტებს ზოგჯერ სპეციალურად ვატეხ, რომ დაისვენოს. ყოფილა შემთხვევა, ბევრი რომ უყვავილია, ვეღარ გაუძლია და დაღუპულა. აქამდე არ უნდა მივიყვანოთ.
- წყალი ზომიერად უყვარს?
- კი, ასეა... ასე რომ, მოყვარულ მემცენარეებს აივანსაც ულამაზებს და ხასიათსაც. ფერად-ფერად ყვავილებს რომ უყურებ, თუ მცენარე გიყვარს, ეს დიდად გახარებს. თუ ყვავილი ოდნავ მაინც გიზიდავს, ასეა. მე ძალიან მხიბლავს, ოღონდ, მოწყვეტილი არა, რომ მომართმევენ, იმაზე ვფიქრობ, რამდენიმე დღეში რომ უნდა გახმეს და ეს არ მსიამოვნებს.
- ბალბას საზამთროდ ტოტებს მგონი, ატეხენ...
- როცა შევატყობ, რომ გადაბერებული ტოტები აქვს, ზედა ნაწილში ვჭრი, რადგან ძალა აღარ აქვს. საღ ტოტს პირდაპირ მიწაში ვრგავ. ფხვიერი მიწა უნდა, თუ სილანარევიც იქნება, უკეთესია. გაზაფხულსა და შემოდგომაზე მათი ასე განახლება შესაძლებელია. ზაფხულში კი კალამს გახარება ცოტა გაუჭირდება.
- საერთოდ რა ნიშნით არჩევთ მცენარეებს?
- მოყვავილეები გვიყვარს, ჩინური ვარდიც გვაქვს, კარგად ყვავილობს, მაგრამ გამოვა ყვავილი და ერთ დღეში ცვივა, რაზეც გული მწყდება... საერთოდ მიყვარს, რომ ყველაფერი დიდხანს ყვავილობს. არამოყვავილე მცენარეებიც ბევრი გვაქვს, მაგალითად, სამნაირი დრაცენა, რომლებიც საკმაოდ დიდებია. ეგენი ზამთარში ოთახში შემომაქვს, მათაც შვილივით ვუვლი. პელარგონია ბალბას „ბიძაშვილია“ - უფრო გამოყვანილი ჯიშია, მეტად სათუთი და ძალიან ვუფრთხილდები, რომ ზამთარში არ გამიფუჭდეს... სინათლე, სითბო, წყალი - ეს ყველაფერი უნდა აბალანსო.
- იმ პირველი ყვავილებიდან აივანზე რომ განალაგეთ, თუ გაქვთ რომელიმე შემორჩენილი?
- ასეთია კრასულა, „ფულის ხეს“ რომ ეძახიან და საკმაოდ დიდი ხნისაა. რამდენჯერმე იყვავილა კიდეც. სხვათა შორის, იმ წელიწადს, როცა ყვავილობდა, საკმაოდ კარგი წელი გვქონდა. კარგი რაღაცები მოხდა... ნოემბერში პატარა წანაზარდებს იკეთებს და მერე ყვავდება. რამდენიმე ქოთანში მაქვს, ერთნაირი მოვლა აქვს ყველას, ერთმანეთის გვერდით აწყვია, მაგრამ მათგან შეიძლება ერთი აყვავდეს, ან ისიც არა.
- სხვათა შორის, კრასულას ყვავილობა იშვიათია.
- კი... გიორგის წარმატება რომ იყო, ნაკრებში რომ მიიწვიეს, იმ წელს გაყვავდა... ზამთარში ყვავის და ახალ წელს არის ყველა ტოტზე გადაპენტილი. ყვავილებს თეთრი, ოდნავ ღია ვარდისფერი გადაჰკრავს. მისი ყვავილობა ორ თვემდე გრძელდება.
- გიორგის უყვარს მცენარეები?
- დიდად დაინტერესებულია-მეთქი ამ ყველაფრით, ასე არ არის, მაგრამ წავკისში ახალ სახლი რომ გააკეთა, დაინტერესდა. ეზოში კარგი ხეები ჩარგო, მაგრამ რომ მოუაროს, ამისთვის არ სცალია, თან აქ არ არის. ქვეყანაში რომ დაბრუნდება, მწვანე გარემოს მიმართ ინტერესი ალბათ მეტად გაუჩნდება. მის მეუღლეს უფრო აინტერესეს ეს ყველაფერი და ეზოს ერთად გაამწვანებენ...
უნდა გითხრათ, რომ ჩემი საყვარელი მცენარე კიდევ ბეგონიაა, მაგრამ ცოტა ძნელი მოსავლელია, ძალიან ჭირვეულია. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობ, გავახარო. ბეგონიის ბოლქვები გერმანიიდან ჩამოვიტანე და ბევრმა გაამართლა.
ბოლო წლებში სუკულენტებიც მოვამრავლე. მაქვს შეფლერა და ძალიან მიყვარს - ასევე სხვადასხვა ფერის კალანხოები, რომლებიც ზამთარშიც ყვავის... ჯუჯა ალოებიც მშვენივრად გრძნობენ თავს. ახალი ჩარგული მაქვს „სამეფო გვირგვინი“ და ველოდები, ისე, არ ვიცი, აივანზე თუ გაიხარებს, გერმანიიდან ჩამომიტანეს, ვნახოთ. მაღალი იზრდება და ზემოდან გვირგვინივით ვარდისფერ თავს იკეთებს, ულამაზესია.
პეტუნიები მიყვარს და ყოველ წელს სხვადასხვა ფერისას ვყიდულობ, ხან მიმართლებს, ხან - არა.
- რას გულისხმობთ?
- რაღაც წებოვანი დაავადება უჩნდება ხოლმე. პირველად რომ ვიყიდე, აივანი აგვიყივლეს, ტევა არ იყო, იმდენი გვქონდა. თან ისეთია, შემოდგომის ჩათვლით ყვავის. მცენარეები კედლებზეც კი გვაქვს ჩამოკიდული. ჩემი მეუღლე მცენარეებს თაროებსაც უკეთებს... აივანზე სავარჯიშო ადგილიც აქვს მოწყობილი - მოკლედ ეს 14 კვადრატი ყველაფერს იტევს. ზაფხულობით ერთ-ორი სტუმარი რომ მოდის, აუცილებლად აივანზე ვსვამთ, ყველას სიამოვნებს იქ ყოფნა. სიჩუმე და სიწყნარეა, დილას ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკი ისმის...
კუმკვატიც მაქვს, ლიმონს რომ ჰგავს, პატარა ნარინჯისფერი ნაყოფი აქვს. ეგ გარეთ ხარობს და სახლში შემოტანა არ უნდა.
- დღის განმავლობაში ეს მცენარეები რა დროს იკავებს?
- ყოველდღიურად უნდა პატრონობა, ჩემი მეუღლე დილას რომ იღვიძებს, გადახედავს მცენარეებს, წყალს დაასხამს, დაათვალიერებს, მერე მე მივხედავ. ქარის დროს ქოთნები შემთხვევით რომ არ გადავარდეს, ჩემს მეუღლეს სულ დაბმული აქვს. არ არის ადვილი, მაგრამ ეს საქმე უნდა გიყვარდეს, სიყვარული გაკეთებინებს ამ ყველაფერს...
ვიმეორებ, მათი ყურება რომ არ მსიამოვნებდეს, შეუძლებელია, ეს ვაკეთო. კარგ განწყობას გვიქმნის, გვახალისებს. მომსვლელები რომ ამბობენ, რა ლამაზია, ჩემთვის ეს დიდი რამეს ნიშნავს. სტუმარი ჩემს მეუღლეს პირველი აივანზე გაჰყავს ხოლმე და აქაურობას აჩვენებს...
დილას დამიძახებს, ყავა მზად არისო. გავდივარ და ყავას, როგორც გითხარით, აივანზე ვსვამთ. ახლა ზაფხულში ფაქტობრივად სულ აივანზე გადავინაცვლებთ. ფარდებიც გვაქვს, მზემ რომ არ დააცხუნოს, მცენარეებს მზისგან ვიფარავთ.
ვისაც უნდა, რომ აივანი გაამწვანოს, ვურჩევდი, ბალბებით დაიწყოს. ბალბები მწვანე სამყაროს ისე შეაყვარებს, რომ მერე სხვა მცენარეც მოუნდება, მაგრამ ჯობს, ჯერ ადვილად მოსავლელით დაიწყოს...