უკვე მეორე დღეა ექიმები 58 წლის კაცის, კობა ჭეიშვილის გადარჩენას ცდილობენ. როგორც “ტელეკომპანია პირველთან“ დაზარალებულის ოჯახის წევრი აცხადებს, მამაკაცს სახის თითქმის ყველა ძვალი აქვს ჩამტვრეული. ასევე დაზიანებული აქვს თავის ქალა, დამტვრეული აქვს ფეხები.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა სცემა.
შემზარავი დანაშაული მცხეთის რაიონში, სოფელ ერედაში მოხდა. როგორც ირკვევა, თანასოფლელები ერთ-ერთი მეზობლის სახლში იყვნენ შეკრებილები, ამ დროს მათთან მივიდა ასევე თანასოფლელი - 29 წლის მამაკაცი და სუფრაზე მყოფ ორ მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა.
ოჯახის მეპატრონე, სადაც თანასოფლელები იყვნენ შეკრებილები, აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე მას მიაყენა შეურაცხყოფა, ის გათიშა და შემდეგ გაუსწორდა ორ მამაკაცს.
ორივე მამაკაცი ამჟამად მცხეთის “ჯეოჰოსპიტალში“ იმყოფება.
“მძიმე მდგომარეობაშია მცხეთის საავადმყოფოში. სახის ძვლები აქვს სულ ჩამსხვრეულ, არც ერთი ძვალი არ არის მთელი. გუშინ გაუკეთდა ოპერაცია, მიმდინარეობდა 8 საათი. ექიმმა თქვა, როგორც შევძელით ავკინძეთ ეს წვრილ-წვრილი ძვლებიო, გავაერთიანეთო...
ასე გავიგე, რომ თავდამსხმელს ჰქონდა ჩაქუჩი, სამზარეულოს რაღაცა მოწყობილობა, სახეში აქვს ნარტყამი.
ოჯახში იყვნენ, სვამდნენ თუ რა ხდებოდა არავინ იცის. ეს პიროვნება -გუგა ფოცხვერაშვილი, მერე მივიდა, ერედვის მკვიდრია. გუგა ბირჟაზე იდგა ბიჭებთან, როცა ვიღაცა ბავშვმა აღმოაჩინა რომ იყვნენ ნაცემები.
ისე სცემა, რომ არც ერთს სახე აღარ ეტყობოდა. როდესაც ბიჭმა დაინახა, რომ ვიღაცები დაბლა იწვნენ, ვერც ერთი ვერ იცნო, ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა სახეები. ნაცემები იყვნენ თავში, სახეში და მეორეს ფეხები ჰქონდა მომტვრეული, თავის ქალა, შუბლი ჩამტვრეულია, ჰემატომები აქვთ თავებში ორივეს,“ - აცხადებს რესპონდენტი.