ავტორი:

ჩვენი დროის "შავლეგოს" გზა და ნაკლებად ცნობილი ფოტოები

ჩვენი დროის "შავლეგოს" გზა და ნაკლებად ცნობილი ფოტოები

მერაბ კოსტავა: "დადგება დრო, როცა საქართველო გახდება თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ თუ ამ დროს შენ არ იქნები თავისუფლებისთვის მებრძოლი, მაშინ შენც და ქვეყანაც დაკარგავთ ამ თავისუფლებას".

  • 1939 წელს, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაიბადა.
  • 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან დაიღუპა. ის მაშინ 50 წლის იყო.

დღემდე ძნელია დაზუსტებით იმის მტკიცება, ბორითთან მომხდარი ავტოავარია მართლაც უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი მკვლელობა. ბავშვობიდან დისიდენტი მერაბ კოსტავა ქართული ეროვნული მოძრაობისთვის იმდენად დიდი ფიგურა იყო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შემთხვევითობა თავიდანვე გამორიცხა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე.

სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში.

გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით, იმის გამო, რომ კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა, IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. კარგად უკრავდა, მღეროდა, ლექსებს წერდა. მოსწავლეობის პერიოდიდან იწყება პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას და მასთან და რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირველი პატრიოტული, არალეგალური ორგანიზაცია "გორგასლიანი" დააარსა.

1956 წლის დეკემბერში კი რუსთაველისა და მაშინდელი "პლეხანოვის" გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისთვის საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე და გურამ დოჩანაშვილი დაიჭირეს. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

1972 წელს მერაბ კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: "მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისთვის.

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა იყო.

"ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, - დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე - ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში "კე-გე-ბე იყო შესული", - იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი.

გადასახლებაში ყოფნისას

1980 წელს ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში გადაასახლეს. იქ მისი მონახულება დედამ და მეგობარმა მოახერხეს. "ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია. ავტირდი. მერაბი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მან თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ, შეკონილი იყიდებოდა," - იხსენებს ზურაბ შაუთიძე.

დედასთან და მეუღლესთან - რუსუდან ბერიძესთან ერთად
რუსუდან ბერიძესთან და პატარა ირაკლისთან ერთად

გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, - 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ზედმეტი ხუთი წელი ამის გამო მიუსაჯეს.

როგორც ამბობენ, სუკ-შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც. "პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს "გასატანად" მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: "პრივეტ, ბრატცი!"

1978 წელს მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე, არადა, მაშინ მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებსა და სამეგობროს ჰქონდათ.

ირაკლისთან ერთად

ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა - 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე...

პოლიტიკური ზეწოლის გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა, მერაბ კოსტავა გაეთავისუფლებინა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ არაერთი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში ასწავლიდა.

ციცინო მაღლაფერიძე ასე იხსენებდა:

"ახალი ჩამოსული იყო, როცა ჩემთან სახლში მოვიწვიე. იმჟამად ტრანსკავკასიური რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით დიდი ამბები იყო ატეხილი. სუფრაზე ჩემმა მეგობარმა მერაბს ჰკითხა - "ბატონო მერაბ, მგონია, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რკინიგზა არ უნდა გავიდეს". იმ წუთში რკინიგზის პრობლემა ძალიან პატარად ეჩვენა და ერთობ უცნაური პასუხი გასცა:

რა თქმა უნდა, არ უნდა გავიდეს, მაგრამ გავა თუ არ გავა ტრანსკავკასიური რკინიგზა, საქართველო მაინც იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა! ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხი შევამზადოთ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!ამის გაგონების შემდეგ ჩემი მეგობარი შეცბა, რადგან იმ წუთში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მერაბს საქართველოს მომავალზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი; იმ წუთში არ თქვა, მაგრამ მან იცოდა, როგორ და რა გზით უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ამის შესახებ ჩემთვის არაერთხელ უთქვამს; რასაც ამბობდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ განხორციელება უტოპიურად მიმაჩნდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მერაბი მართალი იყო, მას ეს ყველაფერი გააზრებული ჰქონდა".

თამარ ჩხეიძესთან ერთად

1987 წლის 26 მაისს, ჯავახიშვილის 1-ში (ახლანდელი ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. "მერაბმა სიტყვით გამოსვლისას ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. შემდეგ თავისი სახლის სახურავზე სამფეროვანი დროშა აიტანა და დაკიდა.

დაახლოებით საათნახევარში მილიციელები მოვიდნენ და მერაბს დროშის ჩამოღება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მერე დროშა თავად მილიციელებმა ჩამოიღეს, რაზეც მერაბმა ასეთი რამ უთხრა: "ცოტა ხანში მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნება აღმართული" - იხსენებდა ციცინო მაღლაფერიძე.

მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო.

ერთხელ დედამისისთვის უთქვამს - "დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენ". ზვიადს რომ დაინახავდა, თურმე აღარავინ ახსოვდა... 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით "შავლეგო" შეარქვა.

1989 წლის 9 აპრილს კოსტავა მიტინგის ორგანიზებისთვის ისევ დააპატიმრეს. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 9-ში დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული იყო...

ამ ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ აიღო. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, პასუხობდა: "მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო". 1989 წლის ზაფხულში სატელევიზიო პაექრობისას განაცხადა: "თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ".

სიკვდილამდე 1 დღით ადრე მისი ინიციატივით საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი შეიქმნა, რომელიც იმავე მიზნების აღსრულებას ითვალისწინებდა, რაც მე-19 საუკუნის II ნახევარში დიდი ილიას მიერ დაარსებულმა სათავადაზნაურო ბანკმა.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) დაიღუპა.