მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ქვეყნის სკოლებში აკრძალულია სმარტფონების გამოყენება, ესტონეთში, რომელიც მიიჩნევა ევროპის ახალ საგანმანათლებლო ლიდერად, მოსწავლეებს რეგულარულად სთხოვენ, გამოიყენონ თავიანთი მოწყობილობები გაკვეთილებზე. სექტემბრიდან კი მათ მიენიჭებათ საკუთარი AI ანგარიშები.
ბალტიისპირეთის ეს პატარა ქვეყანა, 1.4 მილიონი მოსახლეობით, ნელ-ნელა გახდა ევროპის წამყვანი ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისო მოსწავლეთა შეფასების პროგრამაში (PISA), გადაუსწრო რა, მეზობელ ფინეთს.
PISA ტესტირების ბოლო რაუნდში, რომელიც ჩატარდა 2022 წელს და შედეგები გამოქვეყნდა ერთი წლის შემდეგ, ესტონეთი ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა მათემატიკაში, მეცნიერებასა და კრეატიულ აზროვნებაში, ხოლო კითხვის უნარებში მეორე ადგილი დაიკავა ირლანდიის შემდეგ. საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა ახლა უსწრებს საგანმანათლებლო დონით ისეთ ქვეყნებს, რომელთაც ბევრად მეტი მოსახლეობა ჰყავთ და გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვთ.
ესტონეთი იწყებს ეროვნულ ინიციატივას სახელწოდებით "AI Leap", რომლის მიზანია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიაწოდოს "მსოფლიო დონის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები და უნარები". მიმდინარეობს ლიცენზიების შეთანხმება OpenAI-სთან, რაც ესტონეთს გახდის AI-ის სატესტო პლატფორმად სკოლებისთვის. მიზანია 2027 წლისთვის 58 000 მოსწავლისა და 5 000 მასწავლებლისთვის უფასო წვდომის უზრუნველყოფა უმაღლესი დონის AI სასწავლო ინსტრუმენტებზე, დაწყებული 16-17 წლის ასაკიდან.
მასწავლებლები გაივლიან ტექნოლოგიის ტრენინგს, ყურადღება გამახვილდება თვითმართულ სწავლებასა და ციფრულ ეთიკაზე, ასევე განათლების თანასწორობაზე და AI-ის ცოდნაზე. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ესტონეთი გახდება "ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი AI-ის მომხმარებელი ქვეყანა.
ესტონეთის განათლებისა და კვლევის მინისტრმა, კრისტინა კალასმა ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმზე ვიზიტისას განაცხადა
:
"ვიცი, რომ ევროპის უმეტეს ქვეყანაში სკეპტიციზმი და სიფრთხილეა მობილური ტელეფონებისა და ტექნოლოგიის მიმართ. მაგრამ ესტონეთის შემთხვევაში, საზოგადოება ზოგადად ბევრად უფრო ღიაა და მიდრეკილია ციფრული ინსტრუმენტებისა და სერვისების გამოყენებისკენ. მასწავლებლებიც არ არიან გამონაკლისი".
კალასმა აღნიშნა ასევე, რომ სმარტფონი განიხილება, როგორც ესტონეთის წარმატებული ციფრული განათლების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი.
"არ მსმენია რაიმე პრობლემის შესახებ, გულწრფელად რომ ვთქვა... სკოლები ადგენენ წესებს, რომლებიც ადგილობრივ დონეზე სრულდება. ჩვენ ვიყენებთ მობილურ ტელეფონებს სასწავლო მიზნებისთვის...
ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ამ არჩევნებში 16 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ ხმის მიცემა, მათ შორის შეუძლიათ ონლაინ ხმის მიცემა თავიანთი მობილური ტელეფონების საშუალებით. ასე რომ, ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ, გამოიყენონ მობილური ტელეფონები თავიანთი სამოქალაქო ვალდებულების შესასრულებლად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ინფორმაციის მისაღებად, პოლიტიკური პლატფორმების ანალიზისთვის. შესაბამისად, ცოტა უცნაური იქნებოდა, თუ მათ ავუკრძალავდით სმარტფონების გამოყენებას სკოლაში, საგანმანათლებლო გარემოში. ეს ძალიან დამაბნეველი მესიჯი იქნებოდა 16 წლის ახალგაზრდებისთვის", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ისინი არც უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის აპირებენ აკრძალვას. " ჩვენ მივეცით რეკომენდაციები, განსაკუთრებით ა 12 და 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ან არ გამოყენებული მობილური ტელეფონები, მაგრამ უმეტესმა სკოლამ თავად დაარეგულირა ეს", - თქვა ესტონელმა მინისტრმა.
კალასმა ისაუბრა AI რევოლუციაზე, რის გამოც დღის წესრიგში დადგება არსებული სასწავლო მოდელებთან დამშვიდობება, მისი თქმით, ეს არის გამოწვევა, რასთანაც გამკლავება მარტივი არ იქნება.
"ეს გადაუდებელი საკითხია... ჩვენ ახლა ვდგავართ ამ რევოლუციური განვითარების გამოწვევის წინაშე. ან ვვითარდებით უფრო სწრაფად მოაზროვნე, მაღალი დონის არსებებად, ან ტექნოლოგია მიიტაცებს ჩვენს ცნობიერებას", - განაცხადა მან. წყარო