საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე "სამარცხვინო თავდასხმად“ აფასებს "ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.
"ვაიმარის სამკუთხედმა” - საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
"მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.
"ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.