დღეს ცნობილი გახდა, რომ "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
რის შემდეგაც ის დააკავეს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
26 მაისს, დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ჯერ კიდევ ძებნაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian-მა გამოაქვეყნა, სათაურით: “ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი - როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი“. ინტერვიუში ის საქართველოდან გაქცევის ახალ დეტალებზე და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

“გიორგი ბაჩიაშვილი გაქცეულია.
ამ თავაზიანმა 39 წლის მამაკაცმა თვალთვალს თავი ორი თვის წინ დააღწია და თბილისიდან, საკუთარი სახლიდან გაექცა სასამართლო პროცესს, რომლის შედეგადაც მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლს მიმართა.
თვითონ კი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებში აქტიურად განიხილება მისი ლიკვიდაციის გეგმა.
ესენი“ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული ჯგუფები, სავარაუდოდ, ჩეჩნები არიან“, - ციტირებს "გარდიანი" ბაჩიაშვილის სიტყვებს.
“ბაჩიაშვილმა განაცხადა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი წევრისგან მივიღე შეტყობინება, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა თქვა: “მე მას ციხეში გავანადგურებ და რაც მინდა, იმას ვაკეთებ“.
ივანიშვილის ადვოკატმა განცხადებას “ყვითელი პრესის დონის უბრალო ჭორი“ უწოდა,“ - წერს გამოცემა.
როგორც ის აცხადებს, გაქცევა კარგად იყო მომზადებული.
“გარდიანის“ ინფორმაციით, ემიგრაციაში ყოფნისას ის სხვადასხვა მთავრობას ესაუბრებოდა თავისი მომავლის შესახებ და სწორედ ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, მას სიკვდილის რისკის შესახებ უთხრეს.
“მათ მითხრეს, რომ რისკს კი არ ხედავდნენ, არამედ იცოდნენ, რომ ეს რეალურად შეკვეთილი იყო“, - თქვა მან. თუმცა, არ სჯერა, რომ ამის უკან ივანიშვილი დგას.
“ვშიშობ, შესაძლოა ეს იყოს საიდუმლო სამსახურები ან რომელიმე ქვეყნის ძალები, რომელთაც სურთ, რომ ივანიშვილი უფრო დაუცველი გახდეს. თუ ისინი მას მკვლელობაში დაადანაშაულებენ, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსია, რომ ივანიშვილი აშშ-სთან ნორმალურ დიალოგს შეძლებს ან ის უფრო მეტად წამოეგება ანკესზე“, - უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას.
“ივანიშვილის ძალაუფლება მისთვის ეგზისტენციალურია. ის მისი სიცოცხლისთვის იბრძვის. მანქანას ჰგავს, რომელიც მხოლოდ მისი რეპტილიური სურვილების დასაკმაყოფილებლად მუშაობს. და ეს სურვილი სიცოცხლის შენარჩუნებაა“, - თქვა მან.
“იმისათვის, რომ რაღაცა შეიყვაროს, მას უნდა ფლობდეს. ასეთია მისი მსოფლმხედველობა“, - ამბობს რესპონდენტი და მილიარდერის ზებრების, ფარშავანგებისა და სხვა ეგზოტიკური ცხოველების კოლექცია მოჰყავს მაგალითად.
ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილი ხეებს სიცოცხლის ენერგიის წყაროდ მიიჩნევს.
“ის შეპყრობილი იყო საკუთარი მოკვდაობით. იტარებს უამრავ ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურას, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ეს “ვუდუ“ რაღაცები. ერთი ასეთი “ვუდუ ოსტატი“, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს“, - თქვა მან.
“გარდიანი“ წერს, რომ კრუშანოვა საკუთარ თავს უწოდებს “დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის სპეციალისტს“ და, სხვადასხვა მედიის ცნობით, რომელიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული, დაქორწინებულია რუსეთის უსაფრთხოების ოფიცერზე.
ამასთანავე, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.
ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: