ავტორი:

საქართველოს ნაკრების ახალი საშინაო ფორმა საყელოთი და ღილებით - რა კავშირი აქვს 35 წლის წინანდელ მატჩთან და რა დაუწუნა გულშემატკივარმა?

საქართველოს ნაკრების ახალი საშინაო ფორმა საყელოთი და ღილებით - რა კავშირი აქვს 35 წლის წინანდელ მატჩთან და რა დაუწუნა გულშემატკივარმა?

27 მაისს საქართველოს ნაკრების ახალი საშინაო ფორმა გიორგი ჩაკვეტაძემ წარადგინა. ოფიციალური ვიდეო ნაკრების "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრების ნაწილს დიდად არ მოეწონა მაისური საყელოთი და ღილებით.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

  • "ამათ რომ ერთმანეთის თრევა იციან მაისურებით, რა ვიცი, სულ ჰაერში იფრიალებს ღილები. წარმატების მომტანი ყოფილიყოს ახალი ფორმა ჩვენი ბიჭებისთვის, უკეთესიც შეიძლებოდა"
  • "ისეთი ფორმაა, რომ გულშემატკივარი სამსახურებშიც უპრობლემოდ ვივლით ამ მაისურებით, ქორწილებშიც და ოფიციალურ შეხვედრებზეც"
  • "ჩაკვეს" ყველაფერი უხდება,მაგრამ ეს ფორმა არაა კომფორტული თამაშის დროს! გამოახრჩვეთ ახლა ჩვენი ბიჭები"
  • "ბარემ ჰალსტუხიც გაგეკეთებინათ"

როგორც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, ფორმა შექმნილია რეტრო სტილით და ეძღვნება 1990 წლის 27 მაისს საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით.

"1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვას ნაკრების წინააღმდეგ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი მატჩი გამართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 35 წლის იუბილეზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრები გუნდების ახალ სათამაშო ფორმას წარადგენს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი დიზაინის მაისურებით იასპარეზებს, რომელსაც პირველად ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე მოირგებს. ახალგაზრდული ნაკრები კი ახალი ფორმებით უეფას 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ეროვნული გუნდების უნიკალური დიზაინის უნიფორმები საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორთან, იტალიურ კომპანია “მაკრონთან” თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. მაისურის დიზაინში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის, ეროვნული ნაკრების ბრენდბუქის ელემენტებთან ერთად გამოყენებულია ნაკრების ძველი სათამაშო ფორმის ელემენტები", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • რაც შეეხება 35 წლის წინ ჩატარებულ მატჩს...

მატჩი 1990 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს იგეგმებოდა, მაგრამ ამ დღის მნიშვნელობიდან და იმ დროს არსებული რთული და დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩი საბოლოოდ 27 მაისს გადაიტანეს, სტადიონზე ბევრი ხალხი რომ მისულიყო.

მანამდე, 1990 წლის 15 თებერვალს, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაფუძნდა, რომელიც იმ დროისთვის არც ფიფა-ს და არც უეფა-ს წევრი იყო, საბჭოთა კავშირის ფედერაცია კი ცდილობდა, დამოუკიდებლობის გამო საქართველოს ფედერაცია დაესაჯა - აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდთან თამაშს ყველა ერიდებოდა.

თბილისში სტუმრობას პოსტსაბჭოეთში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყნის, ლიეტუვის ნაკრები დათანხმდა. მატჩი თბილისში, "დინამოს“ სტადიონზე ("ამჟამად "დინამო არენა“) გაიმართა და ფრედ დასრულდა.

ანგარიში მე-12 წუთზე პენალტით სტუმართა თავდამსხმელმა არმინას ნარბეკოვასმა გახსნა. წონასწორობა მეორე ტაიმში საჯარიმო დარტმით გია გურულმა აღადგინა. 4 წუთში ლიეტუველები ვირგინიუს ბალტუშნიკასმა ისევ დააწინაურა, მაგრამ 81-ე წუთზე კახი კაჭარავამ მეტოქის კარი მეორედ აიღო და ისტორიული მატჩის შედეგი დააფიქსირა - 2:2.

  • გუნდების შემადგენლობა

საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (71. კახი კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46. როსტომ თორღაშვილი), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46. გოჩა გოგრიჭიანი)მწვრთნელი: გივი ნოდია

ლიეტუვა: ვალდემარას მარტინკენასი (86. არვიდას კონციავიჩუსი), ვლადიმირას ბუზმაკოვასი, რუტის ნარუშევიჩიუსი, რომას მაჟეიკისი, არვიდას იანონისი (კაპ) (17. ვირგინიუს ბალტუშნიკასი), რობერტას ტაუტკუსი, რომას ჩირბა, ვალდას ივანაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი, ვიაჩესლავ სუკრისტოვი, არმინას ნარბეკოვასიმწვრთნელი: ბენიამინას ზელკიავიჩუსი

მსაჯები: მევლუდ მიმინოშვილი, ჯემალ წერეთელი, ავთანდილ კოკაია

ნახეთ მატჩის უნიკალური კადრები lelo.ge -ზე