ავტორი:

მუსიკალური ფესტივალი – Tbilisi Open Air 2025 დასრულდა

მუსიკალური ფესტივალი – Tbilisi Open Air 2025 დასრულდა

Tbilisi Open Air 2025, რომელიც უკვე მე-16 წელია იმართება, წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. მთავარი სცენა მხოლოდ ქართველ შემსრულებლებს მასპინძლობდა.

წლევანდელი ფესტივალი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებოდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა. ფესტივალმა სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის ქართველი შემსრულებლები გააერთიანა. ბენდებთან ერთად, სცენაზე იდგნენ ლეგენდარული მომღერლები - ნანი ბრეგვაძე და გიული ჩოხელი.

საპროტესტო მუხტი ფესტივალს ორი დღის განმავლობაში სრულად გასდევდა. იყო ანტისაოკუპაციო, საპროტესტო პერფორმანსიც. საპროტესტო მოწოდებები “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ცეცხლი ოლიგარქიას” – ისმოდა ფესტივალის მთავარი სცენიდან.

მსმენელებმა მსოფლიო ბანთან, პაატა ბურჭულაძესთან და ჯგუფ "მწვანე ოთახთან" ერთად იმღერეს – ‘მე ვარ საქართველო”, რომელიც პროტესტის სიმბოლოდ არის ქცეული.

სიმღერა "სამშობლო“ კი მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ჯგუფ “არა”-სთან ერთად შეასრულა.

“გავიმარჯვებთ იცოდეთ, ისეთი დღეა. ვინ აჯობებს ამ ახალგაზრდებს. გეშინოდეთ ჩვენი, გეშინოდეთ.“ - ასე მიმართა მსმენელს სცენიდან ჯაზის ქართველმა ლეგენდამ, გიული ჩოხელმა.

Open Air - ის სცენაზე ქართველი მსმენელის წინაშე, ნანი ბრეგვაძემ და Kordz-იმ ახალი დუეტი წარადგინეს.

ეროვნულმა ანსამბლმა “სუხიშვილებმა” მაყურებლის წინაშე ხორუმი იცეკვეს და აღნიშნეს, რომ ეს ცეკვა ბრძოლის სიმბოლოა.

ბენდმა Loudspeakers - მა Open Air- ის სცენიდან ორი ახალი სიმღერა წარადგინა. ფესტივალის სტუმრებს, ბენდის სოლისტმა, ლევან ლაუდაძემ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საპროტესტო განწყობას შეუერთდა, მან აქციების დროს დაკავებულებს თავისუფლება, საქართველოს კი ევროპულ ოჯახთან გაერთიანება უსურვა.

მრავალფეროვანი იყო დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებებიც. ფესტივალს მასპინძლობდნენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართველი მეღვინეები, თბილისის წიგნის ასოციაცია.

"ყველანი ერთად შევეგებეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს. ჩვენ დღესაც ვიბრძვით 26 მაისის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვრისთვის - დამოუკიდებლობისთვის.

მიუხედავად ბევრი წინაღობისა, დღევანდელმა დღემ დაგვარწმუნა, რომ ამ უდიდეს მონაპოვარს არასდროს დავთმობთ, რადგან ჩვენ თავისუფლება და ერთმანეთისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს. Tbilisi Open Air 2025-ის იდეაც სწორედ ეს იყო. თავი მოგვეყარა იმ ქართველი მუსიკოსებისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ამ ღირებულებების დაცვას ემსახურებიან.

ტრადიციულად, განსაკუთრებულად დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს - თქვენ გარეშე ეს ორი არაჩვეულებრივი დღე ვერ შედგებოდა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენ ვართ საქართველო!” - აღნიშნეს Tbilisi Open Air -ის ორგანიზატორებმა.

ფესტივალი საქართველოს ჰიმნით დასრულდა და მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

ავტორი: თეკლა ჯანელიძე

ფოტო: ვანო გორგიშვილი, მარიამ პლატონოვა