ავტორი:

"ყოველ ჯერზე მეგონა, რომ უკანასკნელად ვჭამდი" - სასტიკი და სახიფათო სამსახური: რას ჰყვებოდა ქალი, რომელსაც ჰიტლერის საჭმლის გასინჯვა ევალებოდა

"ყოველ ჯერზე მეგონა, რომ უკანასკნელად ვჭამდი" - სასტიკი და სახიფათო სამსახური: რას ჰყვებოდა ქალი, რომელსაც ჰიტლერის საჭმლის გასინჯვა ევალებოდა

ამბობენ, ეშმაკთან ვახშმობისას გრძელი კოვზი უნდა გქონდესო. მაგრამ ქალებისთვის, რომლებსაც ეშმაკისთვის უნდა ეჭამათ, ყველაფერი გაცილებით რთულად იყო.

ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორს ჰიტლერს სჯეროდა, რომ მისი მოწამვლა უამრავ ადამიანს სურდა. ის შეპყრობილი იყო აზრით, რომ მოწამლავდნენ, ამიტომ ჰყავდა დაქირავებული ქალები, რომლებსაც მისი საკვების გასინჯვა ევალებოდათ.

  • 2013 წელს 95 წლის მარგო ვოლკმა ათწლეულების დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ის და კიდევ 14 ქალი ჰიტლერის საჭმლის გასინჯვით იყვნენ დაკავებულები, რათა დარწმუნებულიყვნენ მის უსაფრთხოებაში.

"გვეშინოდა, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი კვება იქნებოდა", - ამბობდა ქალი.

ახალი ფილმი, რომელიც ვოლკის გასაოცარი ისტორიით შთაგონებულ რომანზეა დაფუძნებული, ეკრანზე მალე გამოვა.

ფილმის, სახელად "გამსინჯველების" პრემიერა გერმანიის კინოთეატრებში მაისში გაიმართება.

  • რეჟისორმა სილვიო სოლდინიმ "გარდიანს" განუცხადა, რომ მისი ფილმი აჩვენებს, "თუ როგორ მოქმედებს ეს ქალებზე ამ "პატარა" სამყაროში, სადაც ისინი იძულებულნი არიან გააკეთონ რაღაც საშინელი: მუდმივად ითამაშონ რუსული რულეტკა".

ვოლკი ამტკიცებდა, რომ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საჭმლის გამსინჯველად "მგლის ბუნაგში" - ჰიტლერის მკაცრად დაცულ სამეთაურო ცენტრში, რომელიც ახლა პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

"საჭმელი გემრიელი იყო, მხოლოდ საუკეთესო ბოსტნეული, ასპარაგუსი, ბულგარული წიწაკა, ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ და ყოველთვის ბრინჯით ან მაკარონით გარნირად.

მაგრამ ეს იყო მუდმივი შიში... ჩვენ ვიცოდით ყველა იმ ჭორის შესახებ მოწამვლის მცდელობებზე და არასდროს შეგვეძლო საჭმლით ტკბობა. ყოველდღე გვეშინოდა, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი კვება იქნებოდა", - იხსენებდა ქალი.

  • ვოლკი ამტკიცებდა, რომ მისი კავშირი ჰიტლერთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მოკავშირეთა საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაღწევად ბერლინიდან გაიქცა. მისი ქმარი გერმანიის არმიაში მსახურობდა და ის ნათესავებთან გადავიდა საცხოვრებლად მაშინდელ გერმანიის ქალაქ რასტენბურგში. მან თქვა, რომ სამოქალაქო სამსახურში გაიწვიეს და გამსინჯველად დანიშვნის გარდა, "მგლის ბუნაგის" კომპლექსში სამზარეულოს აღმრიცხველადაც მუშაობდა

ქალმა, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა, განაცხადა, რომ ჰიტლერი პირადად არასდროს უნახავს. მან მხოლოდ დიქტატორის გერმანული ნაგაზი ბლონდი დაინახა.

ჰიტლერის პარანოია საკუთარი უსაფრთხოების შესახებ მისი ლიკვიდაციის რამდენიმე მცდელობიდან მომდინარეობდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული 1944 წლის 20 ივლისის შეთქმულება, ოპერაცია "ვალკირიაა", რომლის დროსაც გერმანელმა ოფიცერმა კლაუს ფონ შტაუფენბერგმა და მისმა თანამზრახველებმა ჰიტლერის მოკვლა ჩემოდანში დამალული ბომბით სცადეს.

დიქტატორი გადარჩა და მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ვოლკს ახსოვდა აფეთქება. "ხის სკამებზე ვისხედით, როცა წარმოუდგენლად დიდი აფეთქების ხმა გავიგონეთ და ვიგრძენით. სკამებიდან ჩამოვცვივდით და გავიგონე ვიღაც ყვიროდა: "ჰიტლერი მკვდარია!" მაგრამ ის არ იყო მკვდარი", - იხსენებდა ქალი.

  • აფეთქების შემდეგ, ვოლკი ამტკიცებდა, რომ ნაცისტებმა უბრძანეს დაეტოვებინა სახლი და გადასულიყო მიტოვებულ სკოლაში, რომელიც კომპლექსთან უფრო ახლოს მდებარეობდა.

ქალის თქმით, საჭმლის გამსინჯველი გუნდის სხვა ქალებმა რასტენბურგში დარჩენა გადაწყვიტეს, რადგან იქ მათი ოჯახები ცხოვრობდნენ და ეს მათი სახლი იყო. "მოგვიანებით გავიგე, რომ რუსებმა ყველა გოგონა დახვრიტეს", - ჰყვებოდა ვოლკი.

ჰიტლერის ახლო თანაშემწეების, ჰაინც ლინგესა და ოტო გიუნშეს დაკითხვების საბჭოთა ანგარიშის თანახმად, დიქტატორი სიცოცხლის ბოლოს იმდენად პარანოიკი გახდა, რომ მოითხოვდა გაეკეთებინათ მისი საპირფარეშოს წყლისა და იმ წყლის ანალიზი, რომლითაც საჭმელი მზადდებოდა.

  • 1945 წლის 30 აპრილს ბერლინში ჰიტლერის თვითმკვლელობისა და საბჭოთა ჯარების მიერ გერმანიის დედაქალაქის აღების შემდეგ, ვოლკი ამტკიცებდა, რომ რუსებმა არაერთხელ გააუპატიურეს. მან თქვა: "რუსები შემდეგ ბერლინში მოვიდნენ და მეც მომიყვანეს. ექიმის ბინაში წამიყვანეს და 14 დღის განმავლობაში ზედიზედ მაუპატიურებდნენ. ამიტომ ვერასოდეს შევძელი შვილების ყოლა. მათ ყველაფერი გაანადგურეს."

1946 წელს ქალმა იპოვა ქმარი, რომელიც მკვდარი ეგონა და წყვილი ერთად ცხოვრობდა მის გარდაცვალებამდე, 1990 წლამდე. ვოლკმა სიცოცხლის ბოლო წლები გერმანიაში, საკუთარ ბინაში, პრაქტიკულად შინ გამოკეტილმა გაატარა. მისმა ისტორიამ თავდაპირველად გერმანულ მედიაში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში დიდი ყურადღება მიიპყრო.