ავტორი:

ქაოსი შერემეტიევოს აეროპორტში და დამწვარი სახლები - დრონებმა მოსკოვის ოლქს და უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანას შეუტიეს

ქაოსი შერემეტიევოს აეროპორტში და დამწვარი სახლები - დრონებმა მოსკოვის ოლქს და უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანას შეუტიეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას და ფოტოებს ადგილიდან რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

სოციალურ ქსელებში ქვეყნდება დუბნას ცაში დრონების ფრენის, ასევე დაჯახების შემდეგ აფეთქებისა და ხანძრის ამსახველი ვიდეოები.

„კრონშტადტის“ ქარხნის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ის ქმნის უპილოტო საფრენ აპარატებსა და საავიაციო ტექნიკას.

ქალაქი დუბნა დედაქალაქ მოსკოვიდან 121 კილომეტრში მდებარეობს.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დღეს დილით განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ 33 დრონი ჩამოაგდო, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ. ამასთან, მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმის შემდეგ შერემეტიევოს აეროპორტში შეფერხება იყო.

შეტევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო პირი ვანი ნადირაძე:

“300 მდე ჩვენი ჩიტები მუშაობენ , შეტევა მიტანილია მოსკოვის საავიაციო ქარხანაზე სადაც მუშაობენ უპილოტო საშუალებების შექმნაზე. გაჩერებულია შერემეტიევოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები. რუსები უკვე წკმუტუნებენ, პანიკაში არიან, ეშინიათ რომ ჩიტებით საჰაერო ფარს გაურღვევთ და მერე რაკეტებით მივაყენებთ დარტყმას. კარგ დილას გისურვებთ ყველას,“ - წერს ვანო ნადირაძე.

ამ დროისთვის აეროპორტებში შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ბევრი რეისი გადაიდო ან გრაფიკი შეიცვალა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 13 ოლქის თავზე თავზე 296 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს მოსკოვის, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვლადიმირის, ვორონეჟის, ივანოვოს, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერისა და ტულის ოლქების ტერიტორიებზე.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვმა განცხადებით, ოლქში ღამით 42 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

წყარო