ავტორი:

"მე თვითონ დავიკელი ჰონორარები, კონცერტები, "ქართუს“ სტიპენდიაზეც უარი ვთქვი. არავინ მითხრას, რომ ამერიკა მაფინანსებს ან "ნაცებმა" მიყიდეს. წავედი იმის გამო, რომ მეგონა, ევროპაში მივდიოდით და აღმოჩნდა, რომ გავჩერდით" - ირმა სოხაძე

"მე თვითონ დავიკელი ჰონორარები, კონცერტები, "ქართუს“ სტიპენდიაზეც უარი ვთქვი. არავინ მითხრას, რომ ამერიკა მაფინანსებს ან "ნაცებმა" მიყიდეს. წავედი იმის გამო, რომ მეგონა, ევროპაში მივდიოდით და აღმოჩნდა, რომ გავჩერდით" - ირმა სოხაძე

ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუ“ ძირითადად მკითხველის კითხვებზეა აგებული. პრინციპი ასეთია - დაუსვი შეკითხვა რესპონდენტს ambebi.ge - ს კომენტარების ველში და დაელოდე მის პასუხს "პალიტრანიუსის“ ტელეეთერში.

"სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მომღერალი, მუსიკოსი, ირმა სოხაძე.

გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო „სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

- ქალბატონო ირმა, მაინტერესებს თქვენი საჯარო პროტესტის შემდეგ, თუ გქონიათ კიდევ მიწვევა სამთავრობო ღონისძიებებიდან?

- მე თვითონ გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე მქონდეს პროტესტი, არ მივიღო არაფერში მონაწილეობა, დავტოვე სამსახური და კიდევ ბევრ თანმდევ პირობაზე ვთქვი უარი. ამიტომ არ მპატიჟებენ, რადგან იციან, რომ არ მივიღებ მონაწილეობას. ამიტომ ჩვენი ეს კომუნიკაცია ამ ეტაპზე შეწყვეტილია.

- "ევროვიზიის“ კონკურსზე როგორია ზოგადად თქვენი აზრი - რა უშლის საქართველოს ხელს, რატომ ვერ არღვევს იმ ჯადოსნურ წრეს? თუმცა ამას უმცროს შემსრულებლებზე ვერ ვიტყვით. თუკი პატარები ამას ახერხებენ, დიდებს რა სჭირთ?! წელს ჩვენი კონკურსანტის ნამღერი, სიმღერა, კონკურსანტი, ინსცენირება მისაღები იყო თქვენთვის?

- ბევრს ვნერვიულობთ ამ "ევროვიზიაზე,“ ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ ნუ ვიღებთ საერთოდ ამ კონკურსში მონაწილეობას... ჩვენი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ევროპული მაუწყებლების წევრია, ამიტომ მაუწყებელს ვალდებულება აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში.

მგონი, ვაჭარბებთ, როცა ვამბობთ, რომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა... თან ვაქილიკებთ, ვლანძღავთ და თან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რატომ ვერ გადავედით მეორე ტურში. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მონაწილე ყოველთვის გამორჩეულად კარგია. ასე იყო წელსაც, მარიამ შენგელია ძალიან მომწონს და მიყვარს. მან კარგად აჩვენა თავისი თავი, რაც უნდა გაკეთებინა, ის გააკეთა. ამიტომ ვულოცავ ამ გამოჩენას. უზარმაზარ აუდიტორიას გააცნო თავისი თავი და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ადგილ დაიკავა.

იმას თუ არ მივყევით, რაც "ევროვიზიის“ დავალებაა, მუდამ ასე იქნება... კარგია, რომ ეს კონკურსი ტარდება, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. ვიღაც მას მუსიკალურად აფასებს, ვიღაც - პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ და ყოველთვის კარგი შემსრულებლები გავაგზავნოთ.

- დღეს არსებულ ქართულ შოუ-ბიზნესს რა სახელი ჰქვია და საერთოდ არსებობს თუ არა ის? შეაფასეთ...

- რთული კითხვაა. ქართული შოუ-ბიზნესი, ისევე როგორც რაღაც ფაქტი, მოვლენა განყენებულად არ არსებობს. ეს ყველაფერი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ზოგადად რა ფონიცაა სახელმწიფოში, ქვეყანა საით მიდის, გვემღერება, არ გვემღერება, - ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა, ახლა ქართული შოუბიზნესისთვის არ არის საუკეთესო პერიოდი, ამისთვის არც ხასიათი, განწყობაა, დიდად არც სიმღერები იწერება...

დღეს კონცერტების გამართვის ხალისი რომ აქვს ბევრ ჩემს კოლეგას, უცნაურია, თუმცა ღმერთმა მისცეთ განწყობა, ეს თითოეულის პირადი გადაწყვეტილებაა. რაც არ უნდა დავარქვათ - ესტრადა, შოუბიზნესი თუ მსუბუქი ჟანრი, ფაქტია, რომ ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი სიმღერები. მათ ესტრადის კლასიკას ვუწოდებ და მაქვს იმედი, რომ კიდევ არაერთი მარგალიტი შეემატება კლასიკური ნიმუშების რიცხვს.

- კარიერის განმავლობაში საკუთარ თავს შეცდომად რას უთვლით?

- კარიერის თვალსაზრისით შეცდომა ალბათ ყველას მოგვდის, სხვათა შორის, ხშირად ყოფილა ასეთი, რომ მიფიქრია, - ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მერე ისე მობრუნებულა ყველაფერი, რომ მითქვამს, - რა სწორი გადაწყვეტილება მივიღე - მეთქი. ამიტომ ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ ღმერთმა დამიფარა, რომ სისულელე არ გავაკეთე, ცუდი ნაბიჯი არ გადავდგი. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, რომ მართალი ვიყო საკუთარ თავთან, არ შემრცხვეს არავის თვალებში შეხედვა. ამიტომ არ გავაკეთე დიდი კარიერა რუსეთში, თუმცა მქონდა ბევრი შემოთავაზება. ერთხელ მაქსიმ გალკინმა დამპატიჟა თავის გადაცემაში და თქვენ ხომ ჩვენი "არანჟევაია დევოჩკა“ ხართო. ბებია ვარ უკვე დიდი ხანია-მეთქი, თუმცა ნარინჯისფერი ალბათ ვარ-მეთქი... მქონდა ყველანაირი პირობა, არც დიდი თანხა არ დასჭირდებოდა ჩემს პოპულარიზაციას, მაგრამ ეს არ გავაკეთე. შეიძლება იმ ეტაპისთვის ეს ვიღაცამ შეცდომად ჩამითვალოს, მაგრამ დღეს ხომ ხედავთ, რა სწორი ნაბიჯი გადავდგი - დავრჩი ჩემს საქართველოში. მინდა აქ გიმღეროთ, ბევრი კონცერტი აქ გავმართო. მოვახერხო ის, რისი სურვილი, უნარი და შესაძლებლობა ჯერ კიდევ მაქვს.

- ქალბატონი ირმა მეუღლესთან ერთად ძალიან მომეწონა გადაცემა "იმღერეში“ და მომწონდა, როგორც წამყვანი. გული დამწყდა, რომ უცბად, ასე მოწმენდილ ცაზე გაიხურა "იმედის“ კარი. ასეთი უეცარი გარდასახვა მართლა გასაკვირია. იმედია, ნანობთ...

- არ ვნანობ, ესეც ის ერთ-ერთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც არ ვნანობ. სინანული არ მახასიათებს, რადგან ჯერ ვფიქრობ და გადაწყვეტილებას მერე ვიღებ. გული რასაც მეუბნება და რასაც ჩემი სინდისი მკარნახობს, ყოველთვის ისე ვიქცევი. ეს წასვლა რა მოსატანია, ორჯერ ისეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული... პირველად - 2004 წელს "საზოგადოებრივ მაუწყებელში", როცა იქ 25 წელი მქონდა ნამუშევარი და იქაურობა ჩემთვის მეორე ოჯახი იყო. 1980 წლის დასაწყისში რომ მივედი, 2004 წლამდე სხვაგან არსად მიმუშავია. როდესაც რეფორმა დაიწყო და ყველა ჩემი კოლეგა და მეგობარი გაუშვეს, დავრჩი მარტო. სხვადასხვა ტელევიზიიდან მოვიდნენ ვიღაც ახალგაზრდები, დირექტორი არ მიშვებდა, დარჩენას მთხოვდა, მაგრამ მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი იმ ეტაპზე აღარ იყო და დიდი გულისტკივილით წამოვედი...

2008 წელს ისევ მივედი - ოპოზიციის კვოტით "საზმაუს“ ბორდის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. რომ მეუბნებიან, ახლა რომ აკრიტიკებთ, ადრე ჩუმად რატომ იყავითო?! ჩუმად არასდროს ვყოფილვარ, 2009 წელს ბორდის დემარშით დატოვება მომიხდა. "მოამბეში“ მე ვთქვი ის ტექსტი, რომელიც უნდა გვეთქვა ოპოზიციური კვოტის წარმომადგენლებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი იქ ყოფნა უაზრობა იყო. მართლა საოცარი ინსინუაციები მიდიოდა ეთერში, ამასთანავე, ფაქტების დამახინჯება და სულ ვჩხუბობდით, ვხმაურობდით, მაგრამ იმ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. ექვსი წელი მქონდა ვადა და წელიწად-ნახევარში წავედი და დავტოვე. დამერწმუნეთ, ეს მაშინ ადვილი არ იყო... იქ გული დავტოვე, ხედავ შენს ახლობელს უსამართლოდ ექცევიან, საქმე არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, მაგრამ ვერ ეხმარები. დღემდე ასეთი განცდა მაქვს. ახლა ეს გადაწყვეტილება ისე, უბრალოდ და რატომღაც არ მიმიღია. ძალიან მინდა, კარგად გაიგოთ.

- კრიზისულ პერიოდში როგორ მართავთ თავს? რა მეთოდს, ხერხს იყენებთ?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ხასიათის თვისებები ინსტინქტურად მეხმარება, რომ უარყოფითი ავისხლიტო. ახლაც მიმაჩნია, რომ კრიზისული პერიოდი მაქვს, ოღონდ, მარტო მე არა. კრიზისი აქვს საერთოდ ქვეყანას, ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყოველთვის ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი, მაქვს იმის იმედი, რომ ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს, აბსურდამდე მივიდეს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქმევა, ყველაფერი გამოსწორდება... ვაპატიებთ ერთმანეთს, ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ, გეზი და ხაზი უნდა გამოვასწოროთ და იყოს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და ჩვენ გვინდა.

- თქვენი სიმღერა "ზღაპრის ბოლო კეთილია" ბოლოდროინდელ აქციებზეც არაერთხელ გაჟღერდა. ალბათ, ავტორისთვის სასიამოვნოა, როცა ყველა თაობის წარმომადგენელი ამ სიტყვებს ღიღინებს. საერთოდ ამ სიმღერის ასე გაპოპულარულებას როგორ უყურებთ?

- ეს ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა. ერთხელ, როდესაც მეგობართან ერთად, მარათონს ვაკეთებდი, არ მქონდა მარათონის ფინალი. გია მაჭარაშვილმა ეს მელოდია მომიტანა, მაგრამ არ იყო ლექსი და მერე ეს ტექსტი რაღაცამ დამაწერინა, მართლა 10 წუთში დავწერე. ოღონდ, ეს იყო "დაიძინე, დაიძინე პატარა“. იავნანა იყო, რომლითაც ბავშვებს ვეფერებოდით, - მარათონი კონკრეტულად წყნეთის ბავშვთა სახლის მობინადრეებისთვის გავმართეთ.

მერე როდესაც მერაბ სეფაშვილმა მე და გია მაჭარაშვილს გვთხოვა, კლუბურ სიმღერად გადავაკეთებო, გადავაკეთეთ. გახდა - "გაიღიმე, გაიღიმე“ - მერაბი "იავნანას" ხომ არ იმღერებდა? გამოვიდა ჰიტი, რომლის ტექსტის ავტორი ვარ და ძალიან ამაყიც. ის მარათონი 1990 წელს ჩატარდა და 35 წლის მერე ამ სიმღერას ასე მღერიან, ზეპირად იციან, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ და მიხარია.

- დაგვისახელეთ ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიციაზე ძალადობას ან შეურაცხყოფის მიყენებას არ პასუხობენ?

- არ ვიცი, გამიჭირდება ასეთი ქვეყნის დასახელება. ყველა ქვეყანაში პოლიციაზე ძალადობას პასუხობენ კონკრეტულად იმ ადამიანს, ვინც იძალადა და პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა. მაგრამ არცერთი ქვეყნის მაგალითზე არ გამიგია, რომ 50 ბიჭი იმის გამო, ჰყავდეთ დაკავებული, რომ შეიძლება რომელიღაცამ ქვა ან ჯოხი ისროლა, ან სხვა რამ... ეს არც ერთს უმტკიცდება, არც ერთი პოლიციელი მათ ხელს ვერ ადებს, მაგრამ ესენი უკვე ნახევარი წელია, მაინც ციხეში არიან.

ამის გარდა რა დღეში ჩააგდეს ხალხი, ქუსლებით დაუჩეჩქვეს სახე, სასიკვდილოდ გაიმეტეს, მართლა ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ არავინ დაღუპა. ძალოვნებმა ეს ადამიანები გაწირეს და არც ერთი მათგანი დაკითხულიც არ არის. ეს თქვენ უხერხულობას არ გიქმნით?! ამის გარდა მზია ამაღლობელს 7 წელი ემუქრება... ეს უსამართლობა მგონია!

- არ გეჩვენებათ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან უსამართლოდ ექცევა ლამის მთელი სამყარო? არაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვისაც თქვენ შეუერთდით...

- არავის შევუერთდი, უეცრად კი არ გადავწყვიტე, რომ მოდი, ახლა ასე ჯობია-თქო. მინდა გითხრათ, რომ უსამართლოდ არავინ გვექცევა... იქნებ გაიგოთ რას ვამბობ, მაგრამ ევროპისგან ისეთი მტრის ხატია დახატული, რომ ჩემი ერთი პასუხით ამას ვერ გავაბათილებ. ერთი ადამიანი მაინც რომ დაფიქრდეს, რა დაგვიშავა ევროპამ? თუ მშვიდობა გვინდა, სად არის მშვიდობა, ევროპის გარდა?! რუსეთთან არ არის მშვიდობის გარანტია. ამ აგრესორ ქვეყანას ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. რატომ უნდა გვინდოდეს ოკუპანტთან მეგობრობა, ოკუპანტის გამარჯვება, თუნდაც უკრაინის ომში. ზელენსკიზე ზოგიერთები ქილიკობენ, მას საშინელი ეპითეტებით ამკობენ. უხარიათ, რომ მას ტრამპმა შეურაცხყოფა მიაყენა. უხარიათ, რომ შეიძლება მან წააგოს. თუ წააგებს, ვინ მოიგებს, ჩვენი ოკუპანტი, ხომ? ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.

ევროპამ რა დაგვიშავა, რაც კარგი არ გაგვიკეთა. როდის გვითხრა, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, არ მიგიღებთ ევროკავშირშიო, ჩვენთვის სასიკეთო რეკომენდაციები მოგვცა. იქონიეთ დამოუკიდებელი სასამართლო, პოლარიზაცია შეამცირეთ, ადამიანების უფლებებს პატივი ეცითო. ნუ დათრგუნავთ და ნუ დაჩაგრავთ მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მტრად ნუ მიიღებთო. რა შეეშალათ იმ ბავშვებს დაკავებულები რომ არიან, ან მე რა შემეშალა, ან იმ მსოფლიოს რა შეეშალა?!.

ბოლო არჩევნებამდე "ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერი ვიყავი, იმიტომ, რომ მათ საოცარი საქმე გაგვიკეთეს, გაუშვეს წინა სასტიკი რეჟიმი. დაგვპირდნენ, რომ ევროპაში მივდიოდით. ამ არჩევნებზეც ხომ ეწერათ ბანერებზე ღირსებით ევროპისკენო.

ვინც "ოცნებას“ ამ არჩევნებზე ხმა მიეცით, თავს მოტყუებულად არ გრძნობთ?! მეუხერხულება, რომ ამის პარალელურად იყო ევროპის ისეთი ლანძღვა, ისეთი რაღაცების დაბრალება, მაგალითად, რომ ომში გვითრევენ. რომელმა ევროპულმა ქვეყანამ გვითხრა, რომ ომში ჩათრევა კარგი იქნებაო... არ მგონია, რომ ევროპას აქ ომი უნდოდეს და მეორე ომი ჰქონდეთ გასაჩერებელი. რას გვერჩის სამყაროო? - იკითხეთ. არაფერს გვერჩის. სამყაროს ბევრი პრობლემა აქვს, შესაბამისად, ჩვენც ამ პრობლემებსა და ტურბულენტობაში ვართ. ერთი რამ გადავწყვიტოთ, რა გვირჩევნია, ევროპა, თუ რუსეთი.

რაც შეეხება ანაზღაურებას - მე თვითონ დავიკელი ჰონორარები, კონცერტები, "ქართუს“ სტიპენდიაზეც კი უარი ვთქვი. აქედან გამომდინარე, ანაზღაურება არაფერ შუაშია. არავინ მითხრას, რომ ახლა ამერიკა მაფინანსებს, ან "ნაცებმა" მიყიდეს. ამ აბსურდს გთხოვთ, ნუ გაიმეორეთ. "ნაცების" გვერდით ცხოვრებაში არ ვმდგარვარ და არ ვაპირებ, რომ დავდგე. წავედი იმის გამო, რომ მეგონა, ევროპაში მივდიოდით და აღმოჩნდა, რომ გავჩერდით. 4 წელი გავჩერდით და 4 წლის მერე რას დავეწევით, ძალიან საკამათოა. ეს იყო მთავარი მიზეზი.