ავტორი:

იურისტის დიპლომი, სამუშაო გამოცდილება და შთამბეჭდავი ქონება - რა არის ცნობილი შსს-ს ახალ მინისტრზე?

იურისტის დიპლომი, სამუშაო გამოცდილება და შთამბეჭდავი ქონება - რა არის ცნობილი შსს-ს ახალ მინისტრზე?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ახალი ხელმძღვანელი მოვიდა - გელა გელაძე. მან ვახტანგ გომელაური შეცვლა.

გელა გელაძე 1982 წლის 18 სექტემბერს დაიბადა.

  • განათლება:

1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, არის, სამართალმცოდნეობის მაგისტრი.

  • სამუშაო გამოცდილება:

გელა გელაძეს სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები განათლების სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სფეროში.

მისი პროფესიული გზა 1999 წელს, საქართველოს პროკურატურაში სტაჟირებით დაიწყო. ეს იყო პირველი ნაბიჯი კარიერისკენ, რომელიც შემდგომში მოიცავდა მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის გამომძიებლად და სამმართველოს უფროსის მოადგილედაც.

2010-2012 წლებში, ის უკვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავიდა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მისი კარიერული გზიდან ჩანს, რომ გელაძე "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაშიც მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა.

მცირე ხნით კერძო სექტორში მუშაობის შემდეგ, 2012-2016 წლებში, იგი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გახდა.

2016-2018 წლებში კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2018 წელს კი, კვლავ განათლების სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის რანგში, ხოლო 2023 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2024 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. 2025 წლის 5 აპრილიდან დღემდე კი სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

  • ქონებრივი დეკლარაცია

მკითხველს შევახსენებთ, რომ უკვე უკვე ოთხი თვეა, რაც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე წვდომა აღარ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი ანტიკორუფციულ ბიუროს დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებს, გასული წლის დეკემბრიდან საიტზე ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია. ოფიციალურ მიზეზად სახელდება "ტექნიკური ხარვეზი“, რისი მოგვარებაც აქამდე ვერ მოხერხდა.

მოკლედ, გელაძის განახლებული დეკლარაცია ამ ეტაპისთვის მიუწვდომელია, ამიტომ ვიხელმძღვანელეთ "ბათუმელების“ სტატიით , რომელიც გამოცემამ 2023 წლის აპრილში გამოაქვეყნა, მაშინ, როდესაც გელა გელაძე იმჟამინდელმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, თავის პირველ მოადგილედ დანიშნა.

2023 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში გელაძეს წლიური შემოსავლის სახით დაფიქსირებული აქვს მხოლოდ ხელფასი - 42 451 ლარი და ასევე, შპს "დეკო საქართველოსგან“ მიღებული მოგება - 29 500 ლარი.

გელაძე აღნიშნულ კომპანიაში 50%-ის მფლობელია.

გელაძე კიდევ ერთი კომპანიის – "მეტა საქართველოს“ მეწილეა, თუმცა კომპანიიდან მიღებული შემოსავალი წარმოდგენილი არ აქვს.

დეკლარაციის მიხედვით, გელაძემ 2022 წელს "თიბისი“ ბანკიდან 287 000 ევრო ისესხა, წლის განმავლობაში კი სასესხო ვალდებულში გადაიხადა 15 200 ევრო. იმავე წელს მეორე სესხიც აქვს დეკლარაციაში დაფიქსირებული, რომლის ოდენობა 470 000 ლარია, თუმცა ეს სესხი, სავარაუდოდ, ახალი სესხით გადაფარა, ვინაიდან დეკლარაციაში 471 081 ლარის გასავალი აქვს მითითებული.

გელა გელაძემ 2022 წლის აპრილში ავტომანქანა Toyota Camry შეიძინა 65 000 ლარად. 5 500 ლარი კი IPHONE 14-ში გადაიხადა. ამავე წელს 10 ათასად შეიძინა "მეტა საქართველოს“ წილი და 106 ათასი ლარი ქონების გადასახადი გადაიხადა.

დეკლარაციის მიხედვით, გელა გელაძემ ორი შვილის სწავლის საფასურში 6 000 ლარი და 4 130 ევრო გადაიხადა.

ქველმოქმედების სახით კი მას დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს 27 175 ლარი, რომელიც უმაღლესში სწავლის საფასურის სახით აქვს გაღებული.

ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ნაჩვენები მისი მეუღლის ნათია ელიზბარაშვილის სამუშაო ადგილი და შემოსავლები.

ნათია ელიზბარაშვილს 2019 წელს "მერსედესის“ ფირმის ავტომანქანაში 105 ათასი ევრო აქვს გადახდილი, ასევე ფლობს ავტოფარეხს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე და რამდენიმე მიწის ნაკვეთს კოჯორში.

მას 2016 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში 5 ათას ლარად აქვს შეძენილი 23 კვადრატული მეტრი ფართობი კოჯორში.

ნათია ელიზბარაშვილი თანამესაკუთრეა ასევე კოჯორში მდებარე 94 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, რაშიც 2021 წელს 3 168 ლარი აქვს გადახდილი.

წყვილს 2 შვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, 28 მაისს, დილის 9:30 საათისათვის, შსს-ის პრესცენტრმა გაავრცელა ცნობა ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ. მის მიერ სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ექსმინისტრმა გადაწყვიტა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.