ავტორი:

ივანიშვილი განმარტავს რატომ არ შეხვდა აშშ-ის ელჩს -  "პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია"

ივანიშვილი განმარტავს რატომ არ შეხვდა აშშ-ის ელჩს -  "პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია"

ექსპრემიერი, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რითაც აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურება და განმარტავს რატომ არ შეხვდა საქართველოსი აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს. განცხადებაში ვკითხულობთ:

"საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც "ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და "მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე. ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია.

გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე. წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი "იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.) ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც". წაიკითხეთ სრულად