"ჰარი პოტერის“ სერიალისთვის HBO-მ ჰარი, რონი და ჰერმიონი ოფიციალურად აარჩია. ჰარის როლს დომინიკ მაკლაჰლინი შეასრულებს, ჰერმიონი არაბელა სტენტონი იქნება, ხოლო რონი - ალასტერ სტაუტი. მას შემდეგ, რაც HBO-მ გასულ შემოდგომაზე ღია ქასთინგი გამოაცხადა, მთავარ როლზე 30 000-ზე მეტმა მსახიობმა გაიარა სინჯები. გადაღებები ზაფხულში დაიწყება.
"ქასთინგის დირექტორების, ლუსი ბევენისა და ემილი ბროკმანის მიერ ჩატარებული გასაოცარი ძიების შემდეგ, სიხარულით ვაცხადებთ, რომ ვიპოვეთ ჩვენი ჰარი, ჰერმიონი და რონი. ამ სამი უნიკალური მსახიობის ტალანტი შთამბეჭდავია და ერთი სული გვაქვს, როდის იხილავს მსოფლიო მათ ჯადოქრობას ეკრანზე. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ათასობით ბავშვს, რომლებმაც სინჯებში მიიღეს მონაწილეობა.
ნამდვილი სიამოვნება იყო ამდენი ახალგაზრდა ტალანტის აღმოჩენა", - განაცხადეს შოუს შემქმნელმა, ფრანჩესკა გარდინერმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა და რეჟისორმა, მარკ მაილოდმა.
ორიგინალი ფილმების სერია 2001 წლის 16 ნოემბერს დაიწყო ფილმით "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" და დასრულდა 2011 წლის 15 ივლისს, ფილმით "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები – ნაწილი 2". სერია მოიცავდა რვა ფილმს.

მთავარ როლებში იყვნენ დენიელ რედკლიფი (ჰარი პოტერი), რუპერტ გრინტი (რონ უიზლი) და ემა უოტსონი (ჰერმიონ გრეინჯერი). ასევე, მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანი როლები შეასრულეს ალან რიკმანმა (სევერუს სნეიპი), მეგი სმიტმა (მინერვა მაკგონაგელი), რიჩარდ ჰარისმა (შემდეგში მაიკლ გამბონმა – ალბუს დამბლდორი), რობი კოლტრეინმა (რუბეუს ჰაგრიდი), ტომ ფელტონმა (დრაკო მალფოი) და რალფ ფაინსმა (ლორდი ვოლდემორტი).