პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი გელა გელაძე წარუდგინა.
"მინდა ვისარგებლო შეხვედრით და მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს პირველ რიგში თქვენი საქმიანობისთვის.თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. შინაგანს საქმეთა სამინისტრო არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამაზე დგას ჩვენი სიმტკიცე. გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, თუმცა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის სიმტკიცის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ბევრი გამოწვევის დაძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება.
ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ბატონ ვახტანგ გომელაურს და მისი ეს დამსახურება მინდა ცალკე აღვნიშნო, დღეს საჯაროდაც გადავუხადე მადლობა მისი მრავალწლიანი საქმიანობისთვის. ბატონი ვახტანგი გახლდათ ყველაზე სტაჟიანი მინისტრი - ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ძალიან რთულ საქმეს. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ამ უწყების ხელმძღვანელობა, მით უმეტეს ასეთ დროს. მარტო ბოლო ოთხი წლის გახსენება რად ღირს, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სამინისტროს და პირადად მინისტრს ძალიან რთულ პრობლემებთან, გამოწვევებთან გამკლავება.
საჯაროდაც გვითხრეს, რომ იყო ოთხი მცდელობა, მოეწყოთ არეულობა, შეეცვალათ არეულობის გზით ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, სწორედ ბატონი ვახტანგის და თქვენი დამსახურებით, ჩვენ მოვახერხეთ პრობლემების თავიდან აცილება და სახელმწიფომ მოახერხა რაც მთავარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება - ამ ყველაფრისთვის მადლობა ბატონ ვახტანგს.
ჩვენთვის საწყენი იყო, რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება არა მარტო იმის გამო, რომ ის იყო ძალიან ძლიერი ლიდერი ამ უწყებაში, ძლიერი ხელმძღვანელი, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ყველას მასთან გვაკავშირებდა, უფრო სწორად გვაკავშირებს ძალიან მეგობრული ურთიერთობები. შესაბამისად, ადამიანურადაც იყო საწყენი, პროფესიული თვალსაზრისითაც, თუმცა, ამდენი წლის შემდეგ ჩვენთვის გასაგები იყო მისი ეს გადაწყვეტილება.
აქვე შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს და კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში და ამისთვისაც მინდა ბატონ ვახტანგს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. მას მინდა ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო მის არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად. ვიტოვებ იმედს, რომ კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მადლობა კიდევ ერთხელ!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წაიკითხეთ ასევე: