2012 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ ავანსცენაზე დომინანტი ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა იყო - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და "ქართული ოცნება“. 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკური მიზნები და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ჩამოაყალიბა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და შექმნა კოალიცია "ქართული ოცნება", რომელშიც 6 პარტია გაერთიანდა. კოალიცია მმართველი ძალის, "ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად კონკურენტად იქცა. ჭრელ კოალიციაში ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული "ქართული ოცნების“ გარდა, ერთიანდებოდნენ როგორც შედარებით ლიბერალური, ისე კონსერვატიული ღირებულებების პარტიები, - პროდასავლურიც და ნაკლებად პროდასავლურებიც...
კოალიცია "ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, დავით უსუფაშვილის "საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და კახა შარტავას "ეროვნული ფორუმი“. მოგვიანებით კოალიაციას შეუერთდნენ კონსერვატორები (ზვიად ძიძიგური) და მრეწველები (ზურაბ ტყემალაძე).
კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მმართველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% პროპორციული სიით და 41 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და დააკომპლექტა საქართველოს მთავრობა.
2012 წლის არჩევნებიდან უკვე თითქმის 13 წელიწადი გავიდა, ხელისუფლებაში ისევ "ქართული ოცნებაა", თუმცა 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გადახალისებული. ცვლილებები მოხდა "ნაციონალურ მოძრაობაშიც".
ambebi.ge დაინტერესდა, როგორ გამოიყურებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ს და "ოცნების“ სიის პირველი ოცეული და დღეს რას საქმიანობენ ეს ადამიანები.
კახა კალაძე - სიის პირველი ნომერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, წარსულში ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების კაპიტანი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან - 2016 წლის 9 სექტემბრამდე და 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2017 წლის 10 ივლისამდე იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე - თბილისის მერი.
მანანა კობახიძე - 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2012-2013 წლებში - "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, 2018 წლის 12 იანვარს კი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ჯერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად, 2021 წლის 1 დეკემბერს კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ირაკლი ალასანია - "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“-ს თავმჯდომარე, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იყო თავდაცვის მინისტრი, 2014 წლის 4 ნოემბერს პოსტიდან გადააყენეს, რის მერეც ის ოპოზიციაში წავიდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩაერთო. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ის დღესდღეობით რამდენიმე საინვესტიციო და დეველოპერული კომპანიის დირექტორია.
დავით უსუფაშვილი - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც 2012 წელს მე-8 მოწვევის პარლამენტმა ის თავმჯდომარედ აირჩია, 2016 წლის 29 ოქტომბერს უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და 2017 წლის 16 ივნისს პოლიტიკური პარტია "შენების მოძრაობა“ დააფუძნა. 2019 წელს უსუფაშვილი "ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა და ამჟამად მისი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.
გუბაზ სანიკიძე - "ეროვნული ფორუმის“ დამფუძნებელი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაირკვა, რომ "ეროვნული ფორუმი" კოალიციის ფარგლებში ვეღარ მიირებდა მონაწილეობას არჩევნებში, რის მერეც სანიკიძემ დატოვა "ფორუმიც" და ნინო ბურჯანაძის "ერთიან საქართველოს“ შეუერთდა. 2019 წელს ისიც დატოვა და პოლიტიკური პარტია "გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 2020 წლის 11 დეკემბრიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“. ამჟამად სანიკიძე ოპოზიციაშია.
გოგი თოფაძე - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი. 2025 წლის 16 თებერვალს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზვიად ძიძიგური - "საქართველოს კონსერვატიული პარტია“. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის 21 ოქტომბრის სხდომაზე ის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერად დამტკიცდა მანანა კობახიძესა და ზურაბ აბაშიძესთან ერთად. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2016-2019 წლებში იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის 15 ნოემბერს დატოვა. დღეს ზვიად ძიძიგური დღეს ოპოზიციაში "გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრია.
ივანე კიღურაძე - აკადემიკოსი, პროფესორი, 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. ივანე კიღურაძე პოლიტიკიდან წასულია.
დავით საგანელიძე - სიის მეცხრე ნომერი, 2012-2015 წლებში - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. იყო პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2015 წლიდან 2023 წლამდე იყო "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ამ ეტაპზე არის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ირაკლი ღარიბაშვილი - "ქართული ოცნების“ პირობებში ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ასევე, იყო თავდაცვისა და შს მინისტრი და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე. ღარიბაშვილი პოლიტიკიდან ორიოდე თვის წინ წავიდა.
კობა დავითაშვილი - "ხალხის პარტია“, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ (2012-2016). 2013 წელს კობა დავითაშვილმა საქართველოს მთავრობასთან უთანხმოების გამო მალე დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა (ის პირველი იყო, ვინც "ქართული ოცნების“ კოალიცია დატოვა) და კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ არჩევნებში მარცხის შემდეგ, მან დადებული პირობა შეასრულა - პოლიტიკიდან წავიდა. კობა დავითაშვილი 2020 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
გია ჟორჟოლიანი - ასოცირებული პროფესორი, "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“. მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. დღესდღეობით, ჟორჟოლიანი აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორებულია.
გიორგი გაჩეჩილაძე - "საქართველოს მწვანეთა პარტიის“ ლიდერი 2017-2020 წლებში იყო პარლამენტის "ქართული ოცნება - მწვანეთა ფრაქციის“ თავმჯდომარე, დღეს პილოტიდან დისტანცირებულია.
მაია ფანჯიკიძე - დიპლომატი, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2014 წლის 5 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მსგავსად (რომელიც ფანჯიკიძის დის მეუღლეა) ტოვებდა მინისტრის პოსტს და ასევე კოალიცია "ქართულ ოცნებას“. მისი გადაწყვეტილების მიზეზად ფანჯიკიძემ ის საფრთხე დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ემუქრებოდა. მაია ფანჯიკიძე ამ ეტაპზე პოლიტიკიდან არის წასული.
დავით ბერძენიშვილი - "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტში ფრაქცია "რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე. დღეს ისევ ამ პარტიაშია და ოპოზიციაშია.
ნოდარ ხადური - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ყოფილი ფინანსთა მინისტრი 2012-2016 წლებში. 2012-2018 წლებში აირჩიეს "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრად. ნოდარ ხადური 2019 წელს გარდაიცვალა.
ნინო გოგუაძე - "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, 2014-2016 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, 2016-2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. მან 2019 წელს ფრაქცია დატოვა და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო. დღეს გოგუაძე აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორებულია.
გელა ხვედელიძე - "ოცნების“ რეგიონული მდივანი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი 2012 წლის 21 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრამდე, ის მალევე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2013 წლის მაისში ხვედელიძე ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავეს. მას ბრალად ედებოდა პირადი საიდუმლოების ხელყოფა. გელა ხვედელიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 5-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
გიორგი ხეჩინაშვილი - "ეროვნული ფორუმი“, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ის სამედიცინო სფეროს დაუბრუნდა.
თედო ჯაფარიძე - დიპლომატი და მეცნიერი, 2012-2016 წლებში ეკავა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ასევე, გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი (2016-2018 წწ.). 2019-2021 წლებში, იყო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად თედო ჯაფარიძე ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" მრჩეველია.
იმავე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ოცეული კი ასეთია:
დავით ბაქრაძე - არჩევნებამდე პარლამენტის თავმჯდომარე, 2012-2016 და 2016-2020 წლებში - საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიული სიით. 2017 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმეთვიანი შიდადაპირისპირების შემდეგ, გაიყო. პარტიიდან წასულ ჯგუფში იყო დავით ბაქრაძეც, რომელიც იმავე წლის 27 მაისს აირჩიეს ახალდაარსებული "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ. 2018 წელს ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც "ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა. პირველ ტურში მან მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადა "ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. 2020 წლიდან იყო მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“. 2021 წლის 10 აპრილს ბაქრაძემ "ევროპული საქართველო“ და პოლიტიკა დატოვა
პეტრე ცისკარიშვილი - პარლამენტის წევრი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატი. 2022 წლის 10 იანვარს აირჩიეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად.
გიორგი ბარამიძე - საქართველოს პარლამენტის ხუთგზის წევრი. არის "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი.
თინათინ ბოკუჩავა - საქართველოს სამი მოწვევის (2012, 2016, 2020) პარლამენტის წევრი. 2024 წლის 8 ივნისიდან არის პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
გიორგი თევდორაძე - ქუთაისის ყოფილი მერი 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ენმ-ს პარტიული სიით. 2016 წლიდან მან "ევროპულ საქართველოში“ გადაინაცვლა, საბოლოოდ კი პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა.
ჩიორა თაქთაქიშვილი - პარლამენტის წევრი, 2012-2016წლებში. 2020 წლის 8 თებერვალს ჩიორა თაქთაქიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებდა. პარტიის ყოფილმა პრეს-სპიკერმა პოლიტიკაზე საერთოდ თქვა უარი და დღესდღეობით აშშ-ში საქმიანობს (კერძოდ,ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრში დაიწყო მუშაობა).
მიხეილ მაჭავარიანი - პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე, 2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს“. 2016 წელს მაჭავარიანმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებაც გააკეთა. 2021 წელს დაიცვა დისერტაცია და მიიღო სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
გიორგი ვაშაძე - უპარტიო, პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 2016 წელს ენმ-ის სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივანმა გიორგი ვაშაძემ პარტია დატოვა, რის შემდეგაც დააფუძნა და გახდა ბლოკ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი.
დავით საყვარელიძე - ენმ, 2012-2015 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით. 2015 წლის 16 თებერვალს ის დაინიშნა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. 2016 წელს შეუერთდა უკრაინულ პარტია "ახალ ძალთა მოძრაობას“.
მარიამ საჯაია - საზოგადოებამ გაიცნო როგორც განათლების სამინისტროს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერი. ის ყველაზე ახალგაზრდა - 21 წლის დეპუტატობის კანდიდატი იყო, თუმცა მაისში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, დეპუტატის ქვედა ზღვრული ასაკი 25-დან 21 წელზე ჩამოვიდა და მალევე "ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის არჩევნებისთვის წარმოდგენილი სიის პირველ ათეულში მისი სახით ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი წარადგინა. რამდენიმე წლის წინ მარიამ ჯაში პოლიტიკიდან და თბილისიდანაც წავიდა - ოჯახთან ერთად მუხრანში დასახლდა.
გიორგი (გოკა) გაბაშვილი - პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე; 2017 წლიდან ფრაქცია "ევროპული საქართველო-თბილისი"-ს თავმჯდომარე. ბოლო წლებში აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა.
ზურაბ ჯაფარიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, უპარტიო, რომელიც ენმ-მ სიაში მე-12 ნომრად წარადგინა. ჯაფარიძე პარტიის დატოვებამდე მისი აღმასრულებელი მდივანი იყო. 2015 წლის მაისში ზურაბ ჯაფარიძემ პავლე კუბლაშვილთან, გიორგი ხაჩიძესთან და გიორგი მელაძესთან ერთად დატოვა "ნაციონალური მოძრაობა“ და ჩამოაყალიბა ახალი პოლიტიკური პარტია "გირჩი“. 2020 წლის 26 დეკემბერს მანვე დააფუძნა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება“. პოლიტიკოსი ამჟამად დაკავებულია "ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.
სერგო რატიანი - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, უპარტიო. მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2017-2020წწ. ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე. რატიანი აქტიურ პოლიტიკას ჩამოსცილდა და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას დაუბრუნდა.
გიორგი ოჩიაური - მოქანდაკე, გრაფიკოსი. 2012-2015 წლებში - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“. გიორგი ოჩიაური 2017 წლის 18 ოქტომბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნიკოლოზ ყიფშიძე - შპს "ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი“, უპარტიო, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. ნიკოლოზ ყიფშიძე 2024 წლის 25 დეკემბერს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ირმა ნადირაშვილი - "ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით. ნადირაშვილი ამჟამად პოლიტიკას ჩამოშორებულია.
გიგი წერეთელი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 2017 წელს გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2018 წლიდან გახდა არჩეული პრეზიდენტი. არის პარტია "ევროპული საქართველოს“ ლიდერი.
პავლე კუბლაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი. 2015 წლის 25 მაისს პალიკო კუბლაშვილმა გოგა ხაჩიძესთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და გოგი მელაძესთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა და "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ დააფუძნა. 2016 წლის 28 ნოემბერს კუბლაშვილმა პარტია და პოლიტიკა დატოვა.
გიორგი კარბელაშვილი - მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში, ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა.
რამაზ ნიკოლაიშვილი - უპარტიო, საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“.