მეორე დღეა, მსოფლიო მედია რუსეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ, წერს. 15 წლის ანასტასიამ დაბადების დღეზე მეგობრები დაპატიჟა, რათა მოზარდებს უფროსების გარეშე გაეტარებინათ დრო. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღესასწაული ტრაგედიად გადაიქცეოდა. ღამით 17 წლის ბიჭმა დანა აიღო და მეგობრები დახოცა.
17 წლის მიხაილ პარამონოვმა, რომელიც იმ დროისთვის ძლიერად ნასვამი გახლდათ, დანა აიღო და მძინარე მეგობრებს თავს დაესხა: ოთხი მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ოთხი კი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს (14 წლის მოსწავლე კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია).
წინასწარი ინფორმაციით, ბიჭმა ხოცვა-ჟლეტა უპასუხო სიყვარულის გამო მოაწყო - აღმოჩნდა, რომ მას იუბილარი გოგონა მოსწონდა და სწორედ მისთვის იქირავა აგარაკი. თუმცა გოგონამ მისი საქციელი არ დააფასა და დასცინა.
ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მოზარდმა ვიდეო გადაიღო, რომელშიც ამბობდა, რომ აპირებდა "მაგრად დათრობას". მოგვიანებით გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ მოზარდებმა სამი ბოთლი არაყი, 15 კოქტეილი, ჯინი და მაგარი ლუდი იყიდეს.
ორი გოგონა სასწაულებრივად გადაურჩა ტრაგედიას: ერთმა აგარაკი ხოცვა-ჟლეტამდე დატოვა, მეორემ კი დამნაშავეს თავი მკვდრად მოაჩვენა. მიხეილმა გოგონას დანა დაარტყა, მსხვერპლი დაეცა და თვალები დახუჭა. როდესაც დამნაშავე სხვა ოთახში გავიდა, დაჭრილი სახლიდან გამოვარდა და ყვირილი დაიწყო. მეზობლები დასახმარებლად მივიდნენ და მაშინვე პოლიცია გამოიძახეს.
თავდასხმის შემდეგ მკვლელმა სახლში ხანძარი გააჩინა, მაგრამ იქიდან გამოსვლა თავადაც ვერ შეძლო და დაიწვა.
მომხდარზე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ("ორი ან მეტი პირის მკვლელობა") და 30-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ("ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა") საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამჟამად სამართალდამცავები საგანგებო სიტუაციის ადგილზე მუშაობენ და მოწმეებს კითხავენ.
წვეულების ყველა მონაწილე ერთ სკოლაში სწავლობდა. დირექტორს ტრაგედიაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ბაიკალსკის მერმა ვასილი ტემგენევსკიმ ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ირკუტსკის ოლქის ხელმძღვანელმა იგორ კობზევმა გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა. "ახლა აუცილებელია გადარჩენილებსა და დაღუპულთა ოჯახებს ნებისმიერი შესაძლო დახმარება აღმოვუჩინოთ. ეს მართლაც შოკისმომგვრელი სიტუაციაა. არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ მშობლებს ამ უბედურებასთან პირისპირ", - განაცხადა ოლქის ხელმძღვანელმა.
17 წლის მიხაილ პარამანოვმა დახოცა: 13 წლის ნიკოლაი მალიშევი, 14 წლის ვადიმ პავლოუშკინი, 14 წლის ოიბეკ ბონდურსკი, 16 წლის პოლინა მარკოვა.
დაშავებულები არიან: 14 წლის რუსლან ფედოტოვი; 14 წლის ვიქტორია ვიშნიაკოვა; 15 წლის ვერონიკა რაკიტენკო; 15 წლის დიმიტრი სემინი.
იუბილარმა გოგონამ და კიდევ ოთხმა სტუმარმა სახლი მანამდე დატოვეს, ვიდრე მიხაილი ხოცვა-ჭლეტას მოაწყობდა. ანასტასიას არ მოეწონა, თაყვანისმცემელი ბიჭის ქცევები და საკუთარი დაბადების დღიდან გაიქცა. გოგონამ მასობრივი მკვლელობის შესახებ დილით შეიტყო.
წაიკითხეთ ასევე: