28 მაისს, გორის სტადიონზე, გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" შორის მატჩისას დაპირისპირება მოხდა ტრიბუნაზე მყოფ ადამიანებსა და საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას შორის. თამაში რამდენიმე წუთით გაჩერდა და შედეგად, 85-ე წუთზე "დინამო თბილისი" ათი კაცით დარჩა, რადგან კანკავა გააძევეს.
"ის, რაც გორში მოხდა, სრულიად სამარცხვინოა და სხვა შეფასება არ აქვს.
ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, ჯაბა კანკავა ამდენი წელი შენი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო, ძალიან თავმდაბალი, მშვიდი, ღირსეული და პროფესიონალი.
იცი, რომ როცა მოედანზე "დინამო" თბილისია, ე.ი. აკადემიის 16-20 წლის ფეხბურთელების თამაშს უყურებ.
სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ბურთის თითოეულ მიღებაზე, ამ 16-20 წლის ბიჭებს დედას რომ აგინებ, რომლებიც, ასევე შენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ და პროვოკაციულად, გააზრებულად აგინებ ჯაბა კანკავას, რომელსაც დედა გარდაცვლილი ჰყავს და მისთვის ეს ყველაფერი ასჯერ მეტადაა ემოციური, ადამიანობასთან პრობლემები გაქვს და სამწუხაროდ, ვერც სწორად ხარ აღზრდილი", - წერს "90 წუთი“ სოციალურ ქსელში.
"გვსურს გამოვეხმაუროთ 28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს.
მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას - ჯაბა კანკავას.
სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა ამ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რამაც კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ისევ ჩვენი ფეხბურთელი დაისაჯა.
მთელი კლუბის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჯაბას. კატეგორიულად მიუღებელია ფეხბურთელებს მსგავსი პროვოკაციების ფონზე უწევდეთ ასპარეზობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ეხება. ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტ მატჩში უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და ღირსებით.
გვჯერა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუშვებელია პროვოკატორებმა მოთამაშეებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენონ და დისკვალიფიკაციით მოთამაშე დაისაჯოს. ყველა ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო სათამაშო გარემო შევქმნათ", - ნათქვამია განცხადებაში.
მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
იხილეთ ასევე: