ჟორჟ სიმენონი ქართველი თუ უცხოელი მკითხველებისთვის ხშირად მხოლოდ კომისარ მეგრესა და მის ჩახლართულ საქმეებთან ასოცირდება. თუმცა, სინამდვილეში, იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი იყო და გარდა დეტექტიური ნაწარმოებების სერიისა, წერდა რომანებს, რომლებსაც კრიტიკოსების აღიარება არ მოჰკლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმენონის წიგნების 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა ჯერ კიდევ ავტორის სიცოცხლეშივე და მისი პერსონაჟები დღემდე არ კარგავენ პოპულარობას.
ფრანგი ნობელიანტი მწერალი, ანდრე ჟიდი სიმენონის შესახებ წერდა, სიმენონი დიდ რომანისტად მიმაჩნია, შესაძლოა, უდიდესადაც კი, თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაშიო. შთამბეჭდავია ისიც, რომ სიმენონმა 192 რომანი გამოაქვეყნა საკუთარი სახელით, კიდევ 200 - სხვადასხვა ფსევდონიმით, გამოსცა ოთხი ავტობიოგრაფია და მემუარების 21-ტომეული.
სერიაში „იკითხე კლასიკა“ პალიტრა L-მა ჟორჟ სიმენონის ორი რომანი „ადამიანები მოპირდაპირე ფანჯარაში“ და „შავკანიანთა კვარტალი“ გამოსცა, რომლებიც მოულოდნელიც კი შეიძლება იყოს იმ მკითხველებისთვის, ვინც კომისარ მეგრეზეა შეყვარებული.
„შავკანიანთა კვარტალი“ უახლეს გამოცემებს შორისაა. ეს რომანი 1935 წელს დაიწერა. რომანში ორი კონტრასტული სამყაროა აღწერილი - მჩაგვრელებისა და ჩაგრულების სამყარო. მთავარი პერსონაჟი, დიუპიუში, ახლად დაქორწინებული ინჟინერია, რომელიც ცოლთან ერთად ტოვებს მშობლიურ ქალაქს და ახალი საქმის დასაწყებად მიდის სახლიდან შორს. თუმცა, მოულოდნელი შემთხვევა რადიკალურად ცვლის მის გეგმებს და ეხმარება იმის დანახვაში, რაც მისი სოციალური ფენისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება. სწორედ ამ უეცარი აღმოჩენების შემდეგ, დიუპიუში თავის მშვენიერ თეთრკანიან ცოლს მიატოვებს, რათა შავკანიან გოგონასთან, ვერონიკასთან იცხოვროს და ჯერ გაუცნობიერებლად, შემდეგ კი განზრახ და საგანგებოდ დაუპირისპირდეს ყველაფერს, რასაც მისგან ფრანგული საზოგადოება თუ მეზობელი ფრანგები მოითხოვენ.
„წმიდაო ქალწულო, წმიდა იოსებ და შენ, ჩემო ლამაზო პატარა იესო, გააკეთე ისე, რომ მამაჩემს ყოველთვის ჰქონდეს სამუშაო, დედაჩემს ზურგი აღარ სტკიოდეს და ყველანი ერთად მოვკვდეთ“ - ასე ლოცულობდა ბავშვობაში დიუპიუში, ზრდასრულობისას კი თავად კარგავს სამუშაოს, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩება და იძულებულია, მისი სოციალური ფენისა და გამოცდილებისთვის სრულიად შეუსაბამო საქმიანობებით დაკავდეს. მეორე მხრივ, მისი ცოლი ადვილად პოულობს თავის ადგილს, თავისივე წრეში, ქმარს კი სულ უფრო და უფრო შორდება.
ეს განშორება ბიძგია დიუპიუშისთვის, რომ დაინახოს - ის, რაც აქამდე სჯეროდა, მხოლოდ სიცარიელე და არარაობაა. ეს აღმოჩენა კი როდია ადვილი ასატანი ადამიანისთვის. ამ სიცარიელის ამოვსებას ალკოჰოლით, ძველი ცხოვრებისგან დისტანცირებითა და მძიმე ფიზიკური სამუშაოს დაწყებით ცდილობს. თუმცა განცდა, რომ სამყაროში მნიშვნელობა აღარაფერს აქვს, მაინც არ უჩინარდება და დიუპიუშს იმ აზრთან უწევს თანაცხოვრება, რომ ქვეყნად არავის ესმის მისი.
უცხო ქვეყანა, რომელიც თავიდან ახალ შესაძლებლობებსა და მატერიალურ უზრუნველყოფას პირდება, საბოლოოდ, მძიმე სიმართლესთან შეჯახების ადგილი ხდება „შავკანიანთა კვარტლის“ პროტაგონისტისთვის.
„ალბათ, ვერასოდეს გაიგებდნენ მათ შორის არსებული სიცარიელის შესახებ, რომ არა მოულოდნელად უსახსროდ აღმოჩენა უცხო ქვეყანაში, ყოველგვარი შესაძლო დახმარებისგან შორს. ვინ იცის, იქნებ მთელი ცხოვრება იმ რწმენით ეცხოვრათ, რომ ერთმანეთი ნაზად უყვარდათ?“ - ამბობს მთხრობელი დიუპიუშისა და მისი ცოლის შესახებ. და იგივე შეიძლება ითქვას სხვა ურთიერთობებზეც, თუნდაც ურთიერთობებზე თანამემამულეებთან.
„თეთრკანიანი მამაკაცი ზანგ ქალთან ერთად!“ „აქ მყოფ ყველა ფრანგს არცხვენ!“ - ეუბნებიან დიუპიუშს გამუდმებით ფრანგები, რომლებსაც უკვე აუწყვიათ თავიანთი საქმე და დიუპიუშს ისე უყურებენ, როგორც უიღბლო, დამარცხებულ ადამიანს.
რა გამოსავალი რჩება ამ დროს ყველასგან გაუცხოებულ კაცს? რას უნდა შეაფაროს თავი მან, ვისაც ბედნიერების განცდის უნარი აღარ აქვს?
ჟორჟ სიმენონი გასაოცარი სიზუსტით აღწერს იმ იმედგაცრუებული, დანებებული კაცის გზას, რომელიც აცნობიერებს საშიშ სიმართლეს და, ამ გაცნობიერებით შეძრული, საკუთარ თავს კარგავს.
R