ავტორი:

ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს - “ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა... ძალის გამოყენებით, ახსნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს“

ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს - “ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა... ძალის გამოყენებით, ახსნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს“

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობებით, მისი დაკავება სავარაუდოდ, ლისის ტბის ასახვევთან მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

  • ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, მას საბუთებიც ჩამოართვეს და უცნობია მელიას ადგილმდებარეობა.

“ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ უკვე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს და ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.

გაუგებარია რასთან არის ეს დაკავშირებული, რადგან მას არცერთ საქმეში აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული ჩემთვის უცნობია. ფაქტობრივად მოიტაცეს. აგრესიულად და ახსნა-განმარტების გარეშე მოქმედებდნენ“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა „ტვ პირველთან“.

  • პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ და დეტალებს არკვევენ.

"ლისზე დააკავეს, პოდკასტის ჩასაწერად მიდიოდა, გადაცემის სახელია "ორ ცეცხლს შუა". ფაქტობრივად ოფისთან. საპატრულო პოლიციამ გააჩერა ის იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. მეუბნებიან, რომ 100-მდე იყვნენ. წაართვეს ყველას, მათ შორის დაცვის თანამშრომლებსაც ტელეფონები, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს. მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს", -აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის უფროსი მირანდა ბაღათურია.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არც ნიკა მელია და არც ბრალდების მხარე არ გამოცხადდა, მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს თავად მელიამ განაცხადა, რომ ხვალინდელ პროცესზე მისვლას არ აპირებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.