ავტორი:

ვინ იყო რუსი სამხედრო მეთაური, რომელიც სტავროპოლში ააფეთქეს? - "მას უკავშირდება მარიუპოლზე სასტიკი შეტევა, რა დროსაც ასობით უკრაინელი დაიღუპა"

ვინ იყო რუსი სამხედრო მეთაური, რომელიც სტავროპოლში ააფეთქეს? - "მას უკავშირდება მარიუპოლზე სასტიკი შეტევა, რა დროსაც ასობით უკრაინელი დაიღუპა"

ყოფილი სამხედრო მეთაური, რომელსაც უკავშირდება მარიუპოლზე რუსეთის სასტიკი შეტევა, რასაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, აფეთქების შედეგად, სტავროპოლში დაიღუპა.

რუსული მედია წერს, რომ აფეთქება სავარაუდოდ, "თვითმკვლელმა ტერორისტმა ხელყუმბარის გამოყენებით მოაწყო".

  • 34 წლის ზაურ გურციევი ბოლოს სტავროპოლის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მას მარიუპოლზე რუსეთის სისხლიანი შეტევების გამო არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გურციევთან ერთად აფეთქებისას დაიღუპა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტი იყო.

მათივე ცნობით, მრავალსართულიანი შენობის მახლობლად ორი მამაკაცის დაზიანებული ცხედრები იპოვეს. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ფლობის ფაქტებზე აღძრეს.

  • სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ დგას ორი მამაკაცი გაჩერებულ მანქანებთან და სკამთან ახლოს, რის შემდეგაც კადრში კაშკაშა ნათება ჩნდება და ვიდეო წყდება.

რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ორი მამაკაცის დაღუპვის საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მათ არ დაუზუსტებიათ აფეთქების მიზეზი, თუმცა არც უკრაინის შესაძლო მონაწილეობა უარყვეს.

გურციევის სიკვდილი მაღალი რანგის რუსი სამხედროების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმების სერიის ნაწილია. დეკემბერში მოსკოვში აფეთქების შედეგად რუსეთის სამხედროების ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის განყოფილების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.

გასულ თვეში მოსკოვში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად დაიღუპა რუსეთის გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.

  • თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, რომელსაც ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა აქვს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ დამატებით მოლაპარაკებებზე მოწვევამ ანკარის სამშვიდობო იმედები გაზარდა.

ვაშინგტონში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი, რომელიც ორივე მხარეს შეთანხმებისკენ მოუწოდებდა, იმედოვნებს, რომ სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრა შედგება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს კიევისგან პასუხი არ მიუღია იმის თაობაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში. ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი "ყველაფერს აკეთებს, რათა შეხვედრები უშედეგო იყოს“ და უკრაინის პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა მოსკოვზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ განაცხადა, რომ რუსეთის მემორანდუმის განხილვის შესაძლებლობის გარეშე, კიევი დაასკვნის, რომ "სავარაუდოდ, ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით და მათ ეშინიათ იმის გამჟღავნების, რომ ისინი აჭიანურებენ სამშვიდობო პროცესს“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრიი სიბიგას წინადადებაზე, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მემორანდუმი, პესკოვმა ეს იდეა "არაკონსტრუქციულად“ შეაფასა.

წყარო