ავტორი:

14 წლის გიორგის ბრძოლა გრძელდება – იმედი არის, მაგრამ ოჯახს დახმარება ისევ სჭირდება

14 წლის გიორგის ბრძოლა გრძელდება – იმედი არის, მაგრამ ოჯახს დახმარება ისევ სჭირდება

აპრილში ambebi.ge-ზე 14 წლის გიორგი ავაგუმაშვილის შესახებ სტატია გამოქვეყნდა - ბიჭზე, რომელსაც 7 წლის ასაკში იშვიათი და მძიმედ მიმდინარე დიაგნოზი – ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება დაუდგინდა. აღნიშნული დაავადების დროს, ადამიანის ორგანიზმი ვეღარ ებრძვის ინფექციებს, რაც მის ჯანმრთელობას მუდმივად საფრთხის წინაშე აყენებს.

დღეს, გიორგი კვლავ მკურნალობის რთულ გზას გადის. თბილისში დაწყებული პროცესი ამჟამად უკვე სტამბოლში, კლინიკა „მემორიალში“ გრძელდება. გიორგის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა – მის წინ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ელის.

გიორგის ოჯახი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მადლიერია თითოეული იმ ადამიანის, ვინც თანადგომა გამოუცხადა. დღეს კი გიორგის გვერდით დგომა ისევ სჭირდება - ახალი ეტაპისთვის, რომელიც მას სრულ გამოჯანმრთელებამდე მიიყვანს

გიორგის დედას, ელენე შავთვალაძეს, სტამბოლში კიდევ ერთხელ დავუკავშირდით, რათა გაგვეგო, როგორ არის გიორგი ახლა და რა მოლოდინები აქვთ მომავალთან დაკავშირებით

– როგორია გიორგის ამჟამინდელი მდგომარეობა? არის თუ არა პროგრესი ან რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება?

– გიორგის მკურნალობა გრძელდება. ამჟამინდელი მონაცემებით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

– რას ამბობენ ექიმები? როგორია ამ ეტაპზე მკურნალობის პროგნოზი?

– ექიმები დადებითად არიან განწყობილნი და იმედს გვაძლევენ, რომ გიორგი მალე ამ ინფექციას დაძლევს.

– არის თუ არა რაიმე ახალი ინფორმაცია ფინანსური დახმარების შესახებ?

– სახელმწიფომ, ჯანდაცვამ და მერიამ ჯამურად 13 650 დოლარით დაგვაფინანსა. ამ თვის დანარჩენი ხარჯები კი წინა თვის ჩარიცხვებით დაიფარა – ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას თანადგომისთვის!

– თუ არის რაიმე სიახლე ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გეგმასთან დაკავშირებით? როდისთვის იგეგმება ეს პროცედურა?

– როგორც კი გიორგი ამ ინფექციას დაძლევს, იგეგმება ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია, სავარაუდოდ ივნისის თვეში. შემდეგი 100 დღე მას დასჭირდება ინტენსიური დაკვირვება. თავდაპირველად კვლავ კლინიკაში ვიქნებით, შემდეგ კი სტამბულში მოგვიწევს ცხოვრება. ზუსტი ვადები ჯერ ჩვენც არ ვიცით.

– როგორ ეგუება გიორგი თურქეთში ყოფნას და მკურნალობის პროცესს?

– რთულია, შეეგუო სიტუაციას, როცა 3 თვე საავადმყოფოში გიწევს ყოფნა, მაგრამ გიორგი ძალიან ძლიერი ბიჭია! ბოლომდე აპირებს ბრძოლას და გვჯერა, ყველაფერი კარგად დასრულდება.

– როგორც ვიცი, გიორგის ახლა განსაკუთრებით სჭირდება ფინანსური დახმარება. რა თანხაზეა საუბარი?

– როგორც იცით, მკურნალობა აქაურ საავადმყოფოში ძალიან ძვირი ჯდება (1000 $ დღე). ღეროვანი უჯრედების გადანერგვამდე გიორგი კიდევ საჭიროებს მკურნალობასა და კვლევებს. ტრანსპლანტაციის შემდეგ სტამბულში ცხოვრებაც დაგვჭირდება, თუმცა ჯერ არ ვიცით ზუსტად რამდენ ხანს. უშუალოდ ტრანსპლანტაციის დაფინანსებას სახელმწიფოსგან ველოდებით.

გიორგის მკურნალობის ხარჯები დღითიდღე მატულობს. სტამბოლში მკურნალობა, კვლევები, მომავალი ტრანსპლანტაცია და მის შემდეგ დაკვირვების ეტაპი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. თითოეული თქვენი თანადგომა უმნიშვნელოვანესია გიორგისთვის და მისი ოჯახისათვის.

საქველმოქმედო ზარი: 0901 000 929 (სელფის და მაგთის ნომრებიდან)

საბანკო ანგარიშები (მიმღები: გვანცა შავთვალაძე, გიორგის დეიდა)

თიბისი ბანკი: GE87TB7907245063600013

საქართველოს ბანკი: GE14BG0000000525255073

paypal.me/GShavtvaladze