თეთრ სახლში ილონ მასკთან ერთად გამართულ კონფერენციაზე, ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, რას ურჩევდა საფრანგეთის პრეზიდენტს იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მემედ იქცა ინტერნეტში.
თავდაპირველად ტრამპმა განაცხადა, რომ დეტალებში არ იყო გარკვეული, თუმცა შემდეგ ირონიით დაამატა: "ვურჩევ კარს კარგად კეტავდეს. ეს ცუდი ჟესტი იყო". ამასთან, მან აღნიშნა, რომ კარგად იცნობს მაკრონების წყვილს და ისინი "ძალიან კარგ ადამიანებად" მოიხსენია. დაამატა, რომ მისი ინფორმაციით, მათი ურთიერთობა „წესრიგშია“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში აქტიურად განიხილავდნენ ვიეტნამის აეროპორტში გადაღებულ ვიდეოს, რომელიც ფრანგული დელეგაციის ჩასვლის შემდეგ გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ იღებს საფრანგეთის პრეზიდენტი სილას ვიღაცისგან, ვინც თვითმფრინავის ბორტზე ჩანს. რამდენიმე წამის შემდეგ ჩნდება ბრიჟიტი.
შემდეგ მაკრონი ეშვება ტრაპზე და ცდილობს მეუღლეს ხელი გაუწოდოს, მაგრამ ბრიჟიტი მის ჟესტს უგულებელყოფს და უკან მისდევს. მოგვიანებით ელისეს სასახლეში სცადეს ვიდეოს ნამდვილობის უარყოფა, თუმცა საბოლოოდ აღიარეს, რომ ის ავთენტურია. თავად მაკრონმაც დაადასტურა ვიდეოს ნამდვილობა, თუმცა უარყო ჭორები ქორწინებაში პრობლემებზე, განაცხადა, რომ ისინი უბრალოდ „ეხუმრებოდნენ ერთმანეთს“.
ემანუელ მაკრონი და მისი ყოფილი ფრანგული ენის მასწავლებელი ბრიჟიტ ტრონიე, რომელზეც ის სკოლის დროიდან იყო შეყვარებული, 2007 წლიდან დაქორწინებულები არიან. ის მაკრონზე 24 წლით უფროსია. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს, თუმცა ბრიჟიტს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს.
წაიკითხეთ ასევე: