ავტორი:

"ერთადერთი ვაჟი რომ არ დამეკარგა, დღეს უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი! ახლა ეკა, თავის შვილებთან ერთად, ჩვენთვის ყველაფერია" - იმედა კახიანი როლებსა და ოჯახზე

"ერთადერთი ვაჟი რომ არ დამეკარგა, დღეს უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი! ახლა ეკა, თავის შვილებთან ერთად, ჩვენთვის ყველაფერია" - იმედა კახიანი როლებსა და ოჯახზე

საქართველოს სახალხო არტისტს, იმედა კახიანს, ცოტა ხნის წინ 88 წელი შეუსრულდა. როგორ შეხვდა თავის იუბილეს მსახიობი, რომელიც მთელმა საქართველომ "საბუდარელი ჭაბუკით" გაიცნო და შეიყვარა? - ამის თაობაზე იმედა კახიანი თავად გვესაუბრება:

- 88 წელი ცოტა არ არის. ხშირად ვფიქრობ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, იმ ადამიანებზე, რომლებთანაც მეგობრობა და საერთო საქმე მაკავშირებდა და გული მტკივა, რომ მათი უმრავლესობა უკვე წასულია. ჩემი ძმაკაცებიდან მხოლოდ ოთხი ვართ ცოცხალი და ჩემ გარდა, დამოუკიდებლად სიარული არც ერთს აღარ შეუძლია. 12 მაისს ვარ დაბადებული და ეს დღე ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ. ჩემი ძველი მეგობარი, ელდარ შენგელაია მესტუმრა მცხეთაში, რითაც ძალიან გამახარა. ელდარი თავის მეუღლესთან ერთად იყო მოსული, ვერანდამდე მანქანით ამოვიდნენ, იქიდან კი, ხელით ამოვიყვანეთ.

- თქვენი ცხოვრების რომელი ეტაპი გახსენდებათ ყველაზე ტკბილად?

- როცა ამ შეკითხვას მისვამენ, ომის და გაჭირვების პერიოდს ვასახელებ. რეპრესირებულ ოჯახში ვიზრდებოდი, იმის გამო, რომ მამაჩემი ციმბირში იყო გადასახლებული, ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. სოფელში ვიზრდებოდი, მაგრამ 10 წლის რომ გავხდი, მამიდამ თბილისში ჩამომიყვანა. ის მორწმუნე ქალი იყო. ყოველ კვირადღეს გამომაწყობდა და სიონის ეკლესიაში მივყავდი, რაც დღემდე ტკბილად მახსენდება. პლეხანოვზე, ახლანდელ აღმაშენებლის გამზირზე ვცხოვრობდით. 12 წლის ვიყავი, როცა მამიდა გარდაიცვალა და თბილისში სულ მარტო დავრჩი. მშობლებს მხოლოდ ჩამოსვლის და ჩემი ნახვის უფლება ჰქონდათ.

ჩემს ეზოში ყველას უჭირდა. სულ სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა: ქართველები, სომხები, რუსები, ქურთები, იცოდნენ, რომ მარტო ვიყავი და ყველა ცდილობდა, ჩემთვის ხელი გაემართა - აი, ის პერიოდი მახსენდება ყველაზე კარგად, მაგრამ სიდუხჭირე და გაჭირვება კი არა, ადამიანობა და ის ურთიერთობები მენატრება. ის ხალხი მენატრება, საოცარი მეზობლობა, მეგობრობა, ერთმანეთის სიყვარული და გატანა რომ შეეძლო! მადლობა ღმერთს, რომ ცხოვრების გზაზე კარგი ადამიანები მხვდებოდნენ.პირველ კურსზე ვიყავი, როცა "საბუდარელ ჭაბუკში" მთავარ როლზე დამამტკიცეს და გადაღებაზე დამიძახეს. იმის მერე სულ ვმუშაობდი, მატერიალური მდგომარეობაც გამიუმჯობესდა, მაგრამ ჩემი პლეხანოველი მეზობლების სიკეთე არასდროს მავიწყდებოდა.

- "საბუდარელი ჭაბუკის" გამოსვლის შემდეგ, ძალიან პოპულარული გახდით. ამ ფილმის გადაღებები როგორ გახსენდებათ?

- ესეც საოცარი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან გენიალურ მსახიობებთან ერთად ვმუშაობდი: სესილია თაყაიშვილი, იპოლიტე ხვიჩია, გრიგოლ ტყაბლაძე, გივი თოხაძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო? მათთან ურთიერთობა ერთი აკადემიის ტოლფასი იყო. ის დღეები ჩემთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარია, მაგრამ ამ ფილმში მონაწილეობას დიდი უსიამოვნება მოჰყვა - მე და ბელა მირიანაშვილი ინსტიტუტიდან გაგვრიცხეს. ბელა ფილმში თებროლეს როლს ასრულებდა, მე - საბუდარელი ჭაბუკისას.

- რატომ?

- მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში ასეთი უცნაური წესი ჰქონდათ: ფილმის გადაღებებზე ვინც წავიდოდა, ინსტიტუტიდან რიცხავდნენ. არ ვიცი, ვინ მოიფიქრა, რომ სტუდენტი გადაღებებზე არ უნდა წასულიყო, რადგან კინოს სულ სხვა სპეციფიკა აქვს: კინოში 18 წლის ბიჭს რომ განასახიერებ, შენც 18 წლისა უნდა იყოს, რადგან თვალები, მიმიკა, სახის ნაკვთები - ყველაფერი ჩანს. თეატრში ასაკს და წლებს გრიმით დაფარავ, მაგრამ კინოში ამას ვერ შეძლებ. კინოში რთულია 30 წლის კაცმა 18 წლის ბიჭის როლი შეასრულოს, თეატრში კი, გრიმის წყალობით, ასეთ როლს 60 წლის კაციც ითამაშებს. იმის გამო, რომ გადაღებებზე ხშირად მიწვევდნენ, თეატრალურიდან ოთხჯერ გამრიცხეს - მოიწვევდნენ საერთო კრებას, პირობას დავდებდი, რომ კინოში აღარ გადავიღებდი და აღმადგენდნენ.

მეოთხედ რომ გამრიცხეს, ინსტიტუტში აღდგენაზე აღარც მიფიქრია. დიპლომი მოგვიანებით, 86 წლის ასაკში გადმომცეს: ნიკა წულუკიძემ დამირეკა, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს თქვენთან შეხვედრა სურსო. მივედი და რექტორმა დიპლომი გადმომცა. ისე გამოდის, რომ მთელი 68 წელი სტუდენტი ვიყავი...ამ ამბავზე დღემდე ვხუმრობ: ჩემი სიდედრი, შურა ალფაიძე, უდიპლომობის გამო მიწუნებდა და ნეტავ, ამ დღეს მოსწრებოდა-მეთქი.