ავტორი:

"როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - "ინტერის" თავდამსხმელის პასუხი კითხვაზე და პსჟ-ს განწყობა დიდი ფინალის წინ

"როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - "ინტერის" თავდამსხმელის პასუხი კითხვაზე და პსჟ-ს განწყობა დიდი ფინალის წინ

ევროპული საკლუბო ფეხბურთის გვირგვინს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, განსაკუთრებულად ველით. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "ინტერის" წინააღმდეგ - დღეს, 31 მაისს, 23:00 საათზე.

პარიზელები ტიტულის პირველად დაუფლებას ეცდებიან, მილანელებმა კი გადამწყვეტი დაპირისპირება 2 წლის წინ დათმეს და მისი გამოსწორება სურთ.

ფინალში ორი სხვადასხვა სტილის გუნდი შეხვდება და რთულია თქმა, რომელი აჯობებს. პსჟს თავისუფალი, ექსპანსიური ფეხბურთი სასიამოვნოა, ხოლო "ინტერის" ელეგანტურობამა და ტაქტიკურმა სიჯიუტემ გზიდან გრანდები ჩამოიცილა.

ფინალში "ინტერთან" შეხვედრამდე პსჟ-ს თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ისაუბრა:

"საკუთარ თავზე ვიყავით კონცენტრირებული და სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება. რას ვფიქრობ "ოქროს ბუცზე“? ამაზეც ვფიქრობ, მაგრამ ინდივიდუალურ ჯილდოებზე უფრო ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა. ლუის ენრიკეს უნდოდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მეთამაშა, სადაც მოქმედების მეტი თავისუფლება მაქვს და ეს მომწონს. კვარაცხელია? "კვარა" ძალიან კარგი ფეხბურთელია, ადაპტაციის პერიოდი ადვილად გაიარა და გუნდს შეეგუა. თუმცა, ეს აქ რთული არ არის. სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ. ძალიან კარგი ფეხბურთელია“.

პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, "ინტერის" თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა.

  • - თქვენ კვარაცხელიას ძალიან კარგად იცნობთ, ეს დიდი გამოწვევა იქნება. მის წინააღმდეგ თამაში ძნელია. როგორ შეაჩერებთ?

- ჩვენ მას ძალიან კარგად ვიცნობთ. როდესაც "ნაპოლიში" იყო, იტალიაში ერთმანეთის წინააღმდეგ ხშირად გვითამაშია. სივრცეებში კარგად მოქმედებს, ერთი ერთზე ძლიერია, მაგრამ მხოლოდ კვარაცხელიას არ მივაქცევთ ყურადღებას, მეტოქეს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და სიფრთხილე გვმართებს. დღეს ბოლო დეტალებზე ვიმუშავებთ, შემდეგ დავისვენებთ და მატჩისთვის მოვემზადებით.

პსჟ "ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს სრულ მზადყოფნაში ხვდება. პარიზული გუნდის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა უნდა შეარჩიოს.

"პარიზიენი“ წერს, რომ ესპანელი სპეციალისტი არავითარ სიურპრიზებს არ შემოგვთავაზებს და მხოლოდ ისაა გასარკვევი, სასტარტოში ბრედლი ბარკოლას დააყენებს თუ დეზირე დუეს. გამოცემა ვარაუდობს, რომ რადგან სწრაფ ბარკოლას კონტრშეტევაზე თავის გამოჩენის მეტი საშუალება აქვს, ესპანელი სპეციალისტი მას მიანიჭებს უპირატესობას.

წყარო