ავტორი:

"იქნებ მართლაც სადმე გავიმარჯვო და საზღვრებს გარეთ წავიდე" - "მთის გოგო", გამორჩეული ხმით: მაია მამსირაშვილის ცხოვრება, მუსიკა და კავშირი მთასთან

"იქნებ მართლაც სადმე გავიმარჯვო და საზღვრებს გარეთ წავიდე" - "მთის გოგო", გამორჩეული ხმით: მაია მამსირაშვილის ცხოვრება, მუსიკა და კავშირი მთასთან

"მაია მამსირაშვილი გამორჩეულია თავისი ინდივიდუალიზმით. მღერის ფანდურის თანხლებით, თავის სათქმელს ამბობს - ხან დატირებას გიზიარებს ისე, რომ შეუძლებელია ემოცია აარიდო, ან შენ უკარნახო შენივე ემოციას როგორ მოიქცეს. ამიტომ, მას ჩვენს პროექტში განსაკუთრებული ხიბლი აქვს", - ეს ფოლკლორისტის, ანსამბლ "შავნაბადას“ ხელმძღვანელის დავით ცინცაძის სიტყვებია.

მომღერალი მაიკო მამსირაშვილი ამ ეტაპზე პროექტის - "ხალხური“ კონკურსანტია. ნიჭიერი და გამორჩეული ხმის მუსიკოსია და არის თიანეთის სოფელ ჯიჯეთიდან. ძირითადად მთის სიმღერებს ასრულებს.

"აღნიშნავენ ხოლმე, რომ განსხვავებული, მთის ხმა მაქვს. ისეთიც, ხმით მოტირლებს რომ ახასიათებთ... ჩემს დიდ ბებოს განსხვავებული, სპეციფიკური ხმა ჰქონდა, ალბათ რაღაც მისგან გადმომეცა,“ - გვეუბნება მაიკო მამსირაშვილი, რომელიც ალბათ მაყურებელს, მუსიკის მოყვარულებს, კონკურსიდან "ჯეოსტარი“ ახსოვთ. საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა ერიდება, მიაჩნია, რომ მღერის ისე, როგორც იცის და მოსწონს, თუ ვინმე ამას უსმენს, ყველას მადლიერია.

მაიკო ახლა Ambebi.ge-ს სტუმარია და ჩვენი თხოვნით საკუთარ თავზე გვიამბობს:

- დავამთავრე ზარიძეების, ზურაბ იარაჯულის სახელობის საშუალო სკოლა, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ფოლკლორის განხრით ჩავაბარე. მყავს მშობლები და და-ძმები, - ოთხნი ვართ - 2 და და 2 ძმა. ბავშვობიდან, 5 წლის ასაკიდან ვმღერი და სიმღერა ძალიან მიყვარს.

2007 წელს პროექტში "ჯეოსტარი“ მოვხვდი, სადაც მეხუთე ტურამდე მივედი. ჩემთან ერთად კონკურსში მაშინ მონაწილეობდნენ - ელენე ფოჩხუა, ანი კეკუა, გიორგი მეფისაშვილი, ნათია ჭაბუკაიძე... "ჯეოსტარი“ მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო.

თუმცა ბავშვობიდან არაერთ ფესტივალსა და კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მიღებული მაქვს ლაურეატის წოდება, ვარ გრანპრის მფლობელი. ჩემი პირველი ფესტივალი იყო "გაზაფხულის ზარები“, მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი და ლაურეატი გავხდი. შევასრულე ჩემი საყვარელი სიმღერა "ვერცხლის თასადამც მაქცია“. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პედაგოგს, ქალბატონ ქეთევან შარმიაშვილს, რომელმაც ეს სიმღერა შემაყვარა. ასე რომ, წლების მანძილზე ბევრი წარმატება მქონია.

ვმღერი ასევე ბავშვობიდან დუეტში ჩემს ძმასთან ერთად. წლებია, ასე ერთად მოვდივართ.

"თეატრალურში“ ბადრი თოიძის ჯგუფში ვიყავი, სასიმღერო ფოლკლორი, საკრავები, საგალობლები - ეს ყველაფერი გავლილი მაქვს. უნივერსიტეტი 2011 წელს დავამთავრე.

- მოკლედ, სიმღერა ძალიან გიყვარს...

- მიყვარს და მიმაჩნია, რომ ჩემია. ვცდილობ ხოლმე, კონკურსებში მივიღო მონაწილეობა და სადაც გამოვალ, გავიმარჯვო. ძალიან მინდა ასევე, რომ საზღვრებს გარეთ გავიდე. მაგაზე ვოცნებობ, არასდროს გავსულვარ გასტროლით სადმე. იქნებ მართლაც სადმე გავიმარჯვო და საზღვრებს გარეთ მოვხვდე.

- ოჯახში და-ძმა მღერით. გამოდის გენეტიკურად გერგოთ ეს ნიჭი?

- როგორც გითხარით, დიდი ბებო, მარიამ წოწკოლაური მღეროდა ფანდურზე, ხმით ტიროდა, სოფელში განთქმული იყო როგორც ხმით დამტირებელი. შეიძლება სიმღერის უნარი მისგან გამომყვა. იმ დიდ ბებოს მე ვერ მოვესწარი. მასზე გადმოცემით და მოყოლით ვიცი ამბები.

ჩემს თავზე ლაპარაკი არ მინდა ხოლმე, მაგრამ როგორც გითხარით, ძირითადად იმას აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული ხმა მაქვს. ესეც მეუხერხულება, რომ ამბობენ და საკუთარ თავზე ლაპარაკი კიდევ უფრო ძნელია.

მამის დედაც გიტარაზე უკრავდა და მღეროდა. მამიდაშვილებიც - დები სუარიშვილებიც მღერიან. დედა გვარად სიჯანაშვილია და ქორეოგრაფია, მას უფრო ცეკვა უყვარს, მაგრამ მას მერე, რაც 4 შვილი გაგვზარდა, დიასახლისია.

- მამსირაშვილები მთიულები ხართ?

- ჩვენ მთიულები ვართ და ბებო გვყავდა ფშაველი - გონჯილაშვილი. მამსირაშვილები მთიულეთში ვლოცულობთ, ჩვენი სალოცავი ლომისაა.

- არ არის მარტივი მოსასმენი და ემოციურია ის სიმღერა "მახკვდია“, რაც "ხალხურში“ წარმოადგინე?

- პირველად ქალბატონი ლელა თათარაიძისგან მოვისმინე. საერთოდ, მისი რეპერტუარი ძალიან მომწონს და "ხალხურში“ ეს ფშაური დატირება ვიმღერე. ემოციურია ნამდვილად, ემოციის გარეშე მაგ სიმღერას ვერ ვასრულებ.

- პროექტში "ხალხური“ როგორ მოხვდი?

- ჩემი რაიონის კულტურის განყოფილების გამგისგან გავიგე, რომ ასეთი პროექტი ტარდებოდა. ის ქალბატონი დამიკავშირდა, ხომ არ მიიღებ მონაწილეობასო. შევავსე ანკეტა და სიამოვნებით ჩავერთე. მინდა, რომ ამ ხალხურის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და დავით ცინცაძეს დიდი მადლობა გადავუხადო. ყველა მონაწილეს კი წინსვლა წარმატებები ვუსურვო.

- პროექტის მიღმა მუსიკალური ხელმძღვანელი გყავს?

- ძირითადად ჩემით ვმუშაობ და ვაკეთებ ყველაფერს, მუსიკალური ხელმძღვანელი არ მყავს. ძმასთან ერთად რამდენიმე სტუდიური ჩანაწერი მაქვს. უბრალოდ ახლა ძმას სხვა საქმიანობა აირჩია და აქტიურად ვეღარ მღერის. ბატონი ტარიელ ხალხელაურის ლექსზე გვაქვს "მანძილი შენამდე დიდია“ სიმღერა.

_ "ჯეოსტარის“ კონკურსანტები სცენაზე აქტიურად დარჩნენ, შენ ასე აქტიურად არ ჩანხარ...

- ამ ყველაფერს, თუნდაც სიმღერის არანჟირებას თანხები სჭირდება. მე კი მაქვს სურვილი და სიმღერის ჩაწერა კიდეც მინდოდა, მაგრამ ამის მატერიალური საშუალება ნაკლებად მაქვს. ამდენი წელია, თბილისში ქირით ვართ. რომ მიყვარს და მინდა ეს საქმე ვაკეთო, არ კმარა, ფინანსები და ხელშეწყობაა საჭირო.

- მთის გოგო ხარ და რას გვეტყვი შენს სოფელზე?

- ჯიჯეთი თიანეთიდან 12 კილომეტრშია. ახლა სახეზე 80 კომლი იქნება, მეტი წილი წასულია. ზამთარში ძნელია იქ ცხოვრება, თოვლი მოდის, გზები იკეტება, ძირითადად მოხუცები რჩებიან, ახალგაზრდები იქიდან გაკრეფილები არიან. თუმცა ჰაერი, მთები, სილამაზე ჩვენკენ არ დაიწუნება. ჩვენს სოფელზე დოკუმენტური ფილმი "მთის შვილები“ გადაიღეს. მიყვარს ჩემი სოფელი და ჩემი რაიონი.

ჩვენთან მთაში მთის დღესასწაულები იმართება, ხატობები, ვაკეთებთ მთიულურ ხინკალს, რაც უფრო ბევრი ნაოჭი აქვს, ხინკალი უფრო გემრიელია. ფანდური ჩემთვის გამორჩეული ინსტრუმენტია, რომელსაც ბავშვობიდან ვუკრავ და ვმღერი.

დამბალ ხაჭო ჩვენი კუთხის დამახასიათებელი კერძია... ზოგადად მთა ტრადიციული ადგილია. ჩვენს სოფელში არის სალოცავი ნიში - სვეტიცხოველი, სადაც ყველა ლოცულობს. მეც მიყვარს ჩვენი კუთხის ტრადიციების დაცვა და ამას, როგორც მთიული, ვცდილობ ხოლმე.

- ბოლოს, რას გვეტყვი?

- ჩემი მოკრძალებული ნამღერი თუ დააფასეთ და ოდნავადაც მოგეწონათ და ვინმემ საერთოდ მოიწონა, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ადამიანების მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.