ავტორი:

დირექტორისა და გეოგრაფიის მასწავლებლის მუსიკალური პერფორმანსი - ძმები ხომერიკები ფოთის მე-4 სკოლიდან: "აკაკი ჩემი ძმაა. ნეპოტიზმში არ ჩამომართვათ, კონკურსით მყავს აყვანილი"

დირექტორისა და გეოგრაფიის მასწავლებლის მუსიკალური პერფორმანსი - ძმები ხომერიკები ფოთის მე-4 სკოლიდან:  "აკაკი ჩემი ძმაა. ნეპოტიზმში არ ჩამომართვათ, კონკურსით მყავს აყვანილი"

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოთის მე-4 საჯარო სკოლისა და ამავე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის მუსიკალური პერფორმანსი გავრცელდა. ვიდეოს უამრავი ნახვა ჰქონდა. მათ, ვისაც სკოლის დირექტორის, გივიკო ხომერიკის წინა პერფორმანსი ჰქონდა ნანახი, ეს არ გაჰკვირვებია. 3 წლის წინ, მასობრივად სკოლის საახალწლო ღონისძიებით გაიცნეს გივიკო მასწავლებელი.

ვირუსულად გავრცელებულ მხიარულ ვიდეოს ათასობით მოწონება ჰქონდა. იმის შემდეგ საოცრად ენერგიულ, აქტიურ და ხალისიან დირექტორთან AMBEBI.GE-მ ინტერვიუ ჩაწერა. დირექტორის ახალმა პერფორმანსმა მასთან შეხმიანება კიდევ გადაგვაწყვეტინა. ბავშვები და მუსიკაა რომ უყვარს, ეს ნათელია. მუსიკის სიყვარული კი ოჯახიდან მოჰყვება.

"ჩვენს ოჯახში მუსიკა სულ იყო, არის და იქნება, თუმცა გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ისე ვმღერი, რომ ნოტებს ვერ ვცნობ. გუნდშიც არასდროს მივლია. ჩემი მუსიკის ასეთი სიყვარული, მამაჩემის დამსახურებაა. მამა ბიტლომანია და ყველაფერი "ბიტლზის“ სიყვარულით დაიწყო. მან ჩაგვიდო ეს სიყვარული. მერე უკვე როკი, როკ-ენ-როლი 60-იანების, 70-იანების, 80-იანების და ეს ყველაფერი აქტუალური იყო ჩვენთან და ყველაფერი სამოყვარულო დონეზე. კი, მოყვარულები ვართ და არანაირი სხვა ამბიცია თუ პრეტენზია არ გვაქვს და გვქონია,“ - ამბობდა გივიკო ხომერიკი ჩვენთან საუბარში.

- კვალავ საოცარი პერფორმანსი გქონდათ თქვენს მოსწავლეებთან ერთად...

- ეს იყო მე-12 კლასელების გამოსაშვები საღამო, ბანკეტი, სადაც მიწვეული ვიყავით. 20 მაისს ბოლო ზარი ჰქონდათ და შემდეგ უკვე საბანკეტო ღონისძიება გამართეს... სივრცეში, სადაც ვიყავით, იყო ცოცხალი მუსიკა, ბენდი "ლურჯი იალქანი“, გვთხოვეს, თუ შესაძლებლობა იქნება, გაგვამხიარულეთო. ბენდს კარგი და მაგარი ბიჭები ჰყავს და მხარში დაგვიდნენ.

- მოემზადეთ ამისთვის, თუ ექსპრომტი იყო ის, რაც შეასრულეთ?

- არა, არც იმ სასკოლო ღონისძიებისთვის მოვმზადებულვართ. მოყვარული მუსიკოსები ვართ... ახლა ბავშვებს მხოლოდ სკოლის დამთავრება მივულოცეთ. ამას ჩვენგან მიჩვეულები არიან, არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა ღონისძიებაზე შევხვედრივართ. იციან ჩვენი მუსიკალური მიდრეკილებების და სიმპათიების შესახებ. ექსკურსიაზე, შინაურულ გარემოშიც მომხდარა მსგავსი რამ. მუსიკაზეც ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე.

- კლავიშებზე გეოგრაფიის მასწავლებელი უკრავდა. გაგვაცანით ეს ადამიანი.

აკაკი ხომერიკი

- აკაკი ხომერიკი, გეოგრაფიის მასწავლებელია და ჩემი ძმაა. ოღონდ, ნეპოტიზმში არ ჩამომართვათ, კონკურსით მყავს აყვანილი. ჩვენს სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის. მისი ძირითადი განათლება გეოგრაფიაა, მაგრამ ჩვენთან მაინც შეთავსებითაა, ის სახელმწიფო იზოგრაფიის სამსახური მუშაობს. ეს არის ფოთის ცნობილი შუქურა, გემების ნავიგაციის სპეციალისტია.

ძმები ხომერიკები

- უკვე მეთოთხმეტე წელია, საჯარო სკოლაში დირექტორის პოზიცია გაქვთ. რა არის ეს საქმიანობა თქვენთვის?

- ფართო საზოგადოება ამ ვიდეოებით მიცნობს, თუმცა ეს ჩემი არაფორმალური მხარეა. ფორმალური მხარე ყოველ დილით სკოლაში 9-ის ნახევარზე იწყება. ყველაფერი ჩვეულებრივად ხდება, არაფერი განსხვავებული. ეს კი, რაც მუსიკას ეხება, როგორც გითხარით, არის არაფორმალური გარემო, რომელსაც საზოგადოება ვიდეოების სახით იცნობს.

მოგეხსენებათ, ვიდეოს სოციალურ ქსელში რომ განთავსდება, მერე გადაზიარებებით ვრცელდება და პოპულარული ხდება. ხომ გეუბნებით, ძირითად ნაწილში ჩემი საქმიანობა ჩვეულებრივია. დილით სკოლაში მივდივარ, რაც სახელმწიფოსგან არის სკოლისთვის გათვალისწინებული და რაც უნდა შესრულდეს, რასაც ეროვნული სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს, სრულდება.

მე სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. ჩემთვის პედაგოგის, თუნდაც დირექტორის ამპლუა საპასუხისმგებლოა. სტრესული სამუშაოცაა, რადგან ბავშვებთან გაქვს შეხება და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო. მუდმივად 100 თვალი და 100 ყური გჭირდება.

- რა არის თქვენთვის მთავარი?

- მთავარი ისაა, რომ ბავშვები აღვზარდოთ კეთილსინდისიერ, მოწესრიგებულ, ნორმალურ მოქალაქეებად. უყვარდეთ თავიანთი სამშობლო - ესაა მნიშვნელოვანი. თუ ეს გამოგვივა და მით უფრო იდეალურად გამოგვივა, ამას რა სჯობია. ყოველ შემთხვევაში, ამას ცდა არ უნდა დავაკლოთ. ესაა ჩემი საქმე, ვაკეთებ ამას და პირნათლად ვემსახურები.

- მკაცრი ხართ?

- საერთოდ ძალიან ჰუმანური ადამიანი ვარ, მაგრამ ის რასაც სამსახურებრივი წესრიგი მოითხოვს, დისციპლინა, სკოლის შინაგანაწესი, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, ის უნდა გაკეთდეს.

- ბავშვების გულის მოგებას, მათ თვალში ნდობის მანდატის მოპოვებას რა სჭირდება?

- ამისთვის მზამზარეული რეცეპტი არ მაქვს. არ ვიცი, ურთიერთობა რაღაცნაირად გამოგვდის. ასე მიმაჩნია, რომ ბავშვი ლაღ გარემოში უნდა გაიზარდოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც კანონითაა დადგენილი, სკოლის წესებით არის დადგენილი, ყველაფერს ვცდილობთ. მერე სკოლით ხომ არ მთავრდება ჩვენი ურთიერთობა, ფოთი პატარა ქალაქია, ამ ბავშვებს შემდეგ ქუჩაში, ეზოში ვხედავთ, ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს. შესაბამისად ეს საერთო სიტუაციაც რაღაცებს ქმნის. მთავარია, რომ არ უნდა შეზღუდო ისინი და სწორედ ეს პროცესია რთული, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

- უკვე გასულ სასწავლო წელს როგორ შეაფასებთ?

- ნაყოფიერად ვიმუშავეთ, სკოლა სულ 23-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა. მათ შორის გვყავს 2 ოქროსმედალოსანი. დაახლოებით 8 მოსწავლეს მედალი არ აქვს, მაგრამ წარმატებულები არიან. საერთაშორისო პროგრამების მონაწილეები არიან - გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა აქვთ მიღებული. როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების წარმომადგენლები არიან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ. ასე რომ, ნამდვილად კარგად შევაფასებ ამ ბოლო წელს... სექტემბრიდან სკოლაში ველოდებით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას, რომელიც დიდი პროგრამაა, რაც ფოთის სკოლების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოკლედ, ამის მოლოდინში ვართ და საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით.

მოკლედ, ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენი მოსწავლეები იქნებიან თუ ჩვენ ვიქნებით, ყველამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ...

- როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხართ...

- მუსიკოსობისა არ იყოს, პედაგოგიც არ ვარ, ჟურნალისტიკა მაქვს ბაკალავრიატი დამთავრებული, მერე მაგისტრატურა ფინანსების კუთხით წავედი. სხვათა შორის, პალიტრა ჰოლდინგში, კერძოდ, "ინტერპრესნიუსში“ გავდიოდი პრაქტიკებს. ეს იყო 2007 წელი. მერე სხვანაირად წავიდა საქმე. არადა, დიდი მონდომებით ჩავაბარე. თუმცა ჟურნალისტობა სასკოლო საქმიანობაში გამომადგა. ესაა წერილების წერა, დოკუმენტაციების და საქმის წარმოება.

- თქვენი შვილებიც თქვენს სკოლაში დადიან?

- კი, გოგონამ მეექვსე კლასი დაასრულა, ბიჭმა - მეორე. მინდა, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ როგორც ჩემი შვილები, ისე ჩვენი მოსწავლეები. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

იხილეთ ასევე: