ქაოსში გადაზრდილი ზეიმი პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ - 2 გარდაცვლილი, 550-ზე მეტი დაკავებული, გადამწვარი მანქანები და დარბეული ქუჩები: განახლებული დეტალები პარიზიდან

ქაოსში გადაზრდილი ზეიმი პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ - 2 გარდაცვლილი, 550-ზე მეტი დაკავებული, გადამწვარი მანქანები და დარბეული ქუჩები: განახლებული დეტალები პარიზიდან

"პარი სენ-ჟერმენის" წუხანდელი გამარჯვების შემდეგ ზოგიერთ გულშემატკივარს აღნიშვნა ძვირად დაუჯდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით კი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ დაქსში გულმკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობით 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა (ჯერჯერობით დაუდგენელია, უკავშირდებოდა თუ არა მისი მკვლელობა მატჩის შედეგებს). აგრეთვე დაღუპულია 23 წლის მამაკაცი, რომელიც პარიზის ცენტრში სკუტერით მოძრაობდა და ავტომობილს შეეჯახა.

ხმაურიანი ზეიმის ფონზე იყო ფოიერვერკები, განადგურებულია ავტობუსის გაჩერებები და გადამწვარია ავტომობილები.

პარიზის პოლიციის პრეფექტმა ლორენ ნუნიესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის პსჟ-ს გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმი კვირა საღამოს გაიმართებოდა, თუმცა ადგილზე გაზრდილი იქნებოდა პოლიციისა და სამხედროების მობილიზება.

ნუნიესის განცხადება მოჰყვა შსს სამინისტროს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ღამის შეტაკებების შედეგად 192 ადამიანი დაშავდა და 559 დააკავეს, მათ შორის 491 პარიზში. მათივე თქმით, დამწვარია 264 მანქანა. სამინისტროსავე ცნობით, 22 პოლიციელი და 7 მეხანძრე დაშავდა, რომელთაგან ერთი პოლიციელი ამჟამად კომაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმმა ტრიუმფალური თაღისკენ მიმავალი ხალხის შესაჩერებლად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

იხილეთ ასევე: