ავტორი:

მეცნიერები იტალიაში სუპერვულკანის ამოფრქვევის საფრთხეზე ალაპარაკდნენ - რა ემუქრება ჩვენს პლანეტას თუ ეს მართლაც მოხდა?

მეცნიერები იტალიაში სუპერვულკანის ამოფრქვევის საფრთხეზე ალაპარაკდნენ - რა ემუქრება ჩვენს პლანეტას თუ  ეს მართლაც მოხდა?

იტალიაში, ნეაპოლთან ახლოს მდებარე ფართო ვულკანურმა რეგიონმა - ფლეგრეის ველებმა - მეცნიერები სერიოზულად შეაშფოთა ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის საგანგაშო ზრდის გამო. ისინი შიშობენ, რომ მომავალში სუპერვულკანმა შესაძლოა გაიღვიძოს, რაც გლობალურ შედეგებს გამოიწვევს, წერს Farmingdale Observer.

აღსანიშნავია, რომ სოლფატარას კრატერიდან ნახშირორჟანგის ყოველდღიური გამონაბოლქვი 4000-დან 5000 ტონამდე აღწევს, რაც პოტენციური ვულკანური საფრთხის სიგნალია.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამჟამად კრატერიდან გამოყოფილი ნახშირორჟანგის დაახლოებით 80% ზედაპირის ქვემოთ მდებარე მაგმიდან მოდის. დანარჩენი გამონაბოლქვი წარმოიქმნება ცხელი მიწისქვეშა სითხეების და კალციტით მდიდარი ქანების ურთიერთქმედების შედეგად. ეს გამონაბოლქვი, მიწის დეფორმაციასთან და მიწისქვეშა ბიძგებთან ერთად, ამოფრქვევის რისკის შეფასების მთავარ ინდიკატორებად მიიჩნევა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფლეგრეის ველების სუპერვულკანს ჩვეულებრივ ვულკანებზე გაცილებით ძლიერი ამოფრქვევის პოტენციალი აქვს. დაახლოებით 40 000 წლის წინ ამ რეგიონში უკვე მოხდა გამანადგურებელი ამოფრქვევა, რომელმაც ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობით ფერფლი და გაზები გაავრცელა და გლობალური კლიმატის მოდელები მნიშვნელოვნად შეცვალა.

ვულკანოლოგების პროგნოზით, ამ სუპერვულკანის ამოფრქვევის შედეგები თანამედროვე ეპოქაში ბევრად გასცდება იტალიის ფარგლებს. ფერფლის ღრუბლებმა შესაძლოა დაფაროს ევროპის დიდი ნაწილი, შეაფერხოს საჰაერო მიმოსვლა, სოფლის მეურნეობა და ელექტროენერგიის წარმოება.

გარდა ამისა, ვულკანური გაზები, სავარაუდოდ, გამოიწვევს გლობალურ კლიმატურ დარღვევებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს რამდენიმე წლით ტემპერატურის ვარდნა და ამინდის პირობების ცვლილება, რაც მსოფლიოს მასშტაბით საკვების წარმოებაზე მოახდენს გავლენას.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ფლეგრეის ველებზე მუდმივი მონიტორინგია საჭირო. თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ყოველთვის ვერ ხერხდება ძლიერი ამოფრქვევების საფრთხის დროულად აღმოჩენა.

  • ცნობისთვის:

ფლეგრეის ველები (იტალიურად: Campi Flegrei) მდებარეობს ნეაპოლის დასავლეთით და წარმოადგენს დიდ ვულკანურ კალდერას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო ამოფრქვევა 1538 წელს მოხდა, ბოლო წლებში დაფიქსირდა სეისმური აქტივობის ზრდა, გაზების გამოყოფის ინტენსიფიკაცია და მიწის ზედაპირის აწევა, რაც მიუთითებს შესაძლო ამოფრქვევის საფრთხეზე,

2024 წელს რეგიონში 6740 მიწისძვრა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მიწისძვრების სიხშირე და ინტენსივობა 2025 წელსაც გრძელდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში შიშსა და შეშფოთებას იწვევს.