2 ივნისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართება, რისთვისაც უკრაინის დელეგაცია სტამბოლში დღეს ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უკრაინის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა. შეხვედრა დღეს შუადღისთვისაა დაგეგმილი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ მედიასთან საუბარში.
დაგეგმილ შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უახლოესი მომავლის ამოცანები და უკრაინის პოზიციები განსაზღვრა. პირველ რიგში, საუბარია სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე, ტყვეების გათავისუფლებაზე, მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების გარანტირებისთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადება.
"ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი“, - დაწერა ზელენსკიმ თავის "ტელეგრამარხზე".

შეხვედრამდე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინისგან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ მემორანდუმის ვერსია მიიღო.
მისი თქმით, მემორანდუმი რუსეთს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გადაეცა.
ცნობისთვის, რუსეთის დელეგაცია, მედინსკის ხელმძღვანელობით, უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის სტამბოლში ჩავიდა გუშინ საღამოს ჩავიდა. შეხვედრა ჩირაგანის სასახლეშია დაგეგმილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 29 მაისს განაცხადა, რომ მეორე რაუნდზე რუსეთის დელეგაცია იმავე შემადგენლობით წარდგება.
რუსეთის დელეგაციას პირველ რაუნდზე [15-16 მაისი] წარმოადგენდნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მიხაილ გალუზინი; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს [ГРУ] უფროსი - იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ალექსანდრ ფომინი.