როგორც უკვე იცით, Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუ“ ძირითადად მკითხველის კითხვებზეა აგებული. პრინციპი ასეთია - დაუსვი შეკითხვა რესპონდენტს Ambebi.ge - ს კომენტარების ველში და დაელოდე მის პასუხს "პალიტრანიუსის“ ტელეეთერში. "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ჟურნალისტი, გადაცემა "360 გრადუსის“ წამყვანი ემა ტუხიაშვილი.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
- როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს ჟურნალისტიკაში და პირველ ინტერვიუს?
- ჩემი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში, შეიძლება ითქვას, რომ თამაშ-თამაშით დაიწყო. მართლა თამაში ერქვა იმას, რადგან საყმაწვილო გადაცემაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი და პირველი ნათლობა კამერასთან, სწორედ იქ მივიღე. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ამით "მოვიწამლე“, ჩემთვის ბევრმა რამემ გადაწყვიტა შემდეგ ამ პროფესიის არჩევა...

არასდროს დამავიწყდება პირველი ინტერვიუ და ეს ინტერვიუ ზუსტად ვიცი, რომ მისტიკური იყო, რამაც ჩემი კარიერა მთლიანად განსაზღვრა. კი, ეს იყო ჩემი პირველი ინტერვიუ და მსახიობ იზა გიგოშვილისთვის უკანასკნელი... ლეგენდარული გრუშე "კავკასიური ცარცის წრიდან“ საკმაოდ მძიმედ იყო, როდესაც მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. მაშინ ერთ-ერთ ჟურნალში სტაჟირებას გავდიოდი და რაღაც ისეთი მასალა უნდა მიმეტანა, რაც ჩემს ბედს განსაზღვრავდა, მასზე იყო დამოკიდებული, იმ ჟურნალში სამუშაოდ დავრჩებოდი, თუ არა.
დავუკავშირდი იზა გიგოშვილს, მიუხედავად მისი მძიმე ავადმყოფობისა, დამთანხმდა, დაუვიწყარი იყო შეხვედრა, ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდა თავისი ვიტყოდი, ანგელოზისებრი სილამაზე. სახლში ხელჯოხით გადაადგილდებოდა, მართლა ძალიან საინტერესო ინტერვიუ მომცა... 2003 წლის დასაწყისში ის გარდაიცვალა...
ამ ინტერვიუმ თავიდან ბოლომდე განსაზღვრა ჩემი შემდგომი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში და არასდროს დამავიწყდება... ჩემი კარიერის ადრეულ პერიოდში იყვნენ ადამიანები, ვინც მართლაც, დაუვიწყარი და წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემზე როგორ ადამიანზე და შემდეგ უკვე ბევრი რამ მასწავლეს პროფესიაში. მქონდა ასევე ინტერვიუ საოცარ მსახიობ მარინა ჯანაშიასთან, არც ეს საუბარი დამავიწყდება და არც ლეგენდარული ანიკო დეიდა "კუკარაჩადან“ მისი დიდრონი, შავი თვალებით.
მასთან სახლში 2 საათის განმავლობაში ვიყავი. იმ 2 საათის განმავლობაში მისი ძაღლი განუწყვეტლივ ყეფდა და მაშინებდა (არადა, მაშინ ძაღლების ძალიან მეშინოდა). ქალბატონი მარინა ცდილობდა, ინტერვიუ არ შეწყვეტილიყო და ამისთვის მთლიანად დახარჯულიყო... შეუძლებელია, ეს შეხვედრა დამავიწყდეს. საოცარი იყო ინტერვიუ კახი კავსაძესთან... ეს ისეთი შეხვედრები იყო, რომლის ენერგეტიკაც მთელი ცხოვრების მანძილზე მომყვება.
- როგორც მახსოვს, პრესის ჟურნალისტი იყავით. თავიდანვე ტელეჟურნალისტიკის მიმართულებით რატომ არ წახვედით და შემდეგ რატომ გაგიჩნდათ ტელეჟურნალისტობის სურვილი?
- არ მქონია ტელეჟურნალისტობის სურვილი. პირველ კურსზე ვიყავი, რომ ძალიან მცირე ხნით პრაქტიკა "პირველ არხზე“ გავიარეთ. იმ მოკლეხნიან პერიოდში მივხვდი, რომ ტელეჟურნალისტისთვის ცოტა მეტი სითამამე და კარგი გაგებით, თავხედობა მაკლდა. ამიტომ არ ვფიქრობდი ტელეჟურნალისტიკაზე. იქ შემთხვევით მოვხვდი და მივხვდი, რომ მარტო მე კი არ ავირჩიე ეს პროფესია, თვითონ პროფესიამაც ამირჩია.
როცა ჟურნალისტობა დავიწყე, უკვე დედა ვიყავი, მცირეწლოვანი ბავშვი მყავდა და ეს ორი რამ უნდა შემეთავსებინა. პრესის ჟურნალისტობა ამის შესაძლებლობას, ძირითადად დროის თვალსაზრისით, იძლეოდა. მოკლედ, სატელევიზიო ჟურნალისტიკამ თვითონ ამირჩია. ეს აქ ჩვენთან ტელევიზიაში მოხდა. მაშინ "პალიტრა ტვ“ ერქვა, ახალი დაფუძნებული იყო და ერთგვარი კასტინგი ტარდებოდა. შემომთავაზეს, ძალები მომესინჯა. მოვსინჯე და აგერ ვარ თქვენთან.
- უკვე დიდი ხანია, მედია საქართველოში საკმაოდ დაუცველია. ის შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის ობიექტია... ამის არაერთი მაგალითი გვაქვს სახეზე. ეს რის გამო ხდება და ყოველ ასეთ გამოვლინებაზე როგორია თქვენი რეაქცია?
- რთულია იმ ყველაფრის ყურება, რაც ჩვენს ქვეყანაში და რაც ჟურნალისტების მისამართით ხდება. შეუძლებელია, ამ ყველაფერზე მძაფრი რეაქცია არ გქონდეს. უმძიმესი იყო განსაკუთრებით დეკემბრის მოვლენები, როდესაც ჩვენს თვალწინ საშინელი ფიზიკური ძალადობა და ანგარიშსწორება ხდებოდა. არ ვიცი, რომელი ერთი ფაქტი გავიხსენო. ვგმობ ასეთ ძალადობას ჟურნალისტებზე.

განსხვავებული შეხედულებებისა და განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებმა რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან თანაცხოვრება... მედია, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი, განვითარების წინაპირობაა. თავისუფალი მედიის გარეშე ძალიან სწრაფად მოხდება ჩვენი უკუსვლა და დეგრადირდება. ამიტომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად დასაგმობია. ყველა ის ადამიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც მედიის წინააღმდეგ განსაკუთრებით ფიზიკურ ძალადობას მიმართავს. სამწუხაროდ სამაგალითოდ არავინ დასჯილა. სამაგალითო დასჯა გარკვეული პრევენციისთვისაა საჭირო, რომ აღარ მოხდეს მსგავსი რამ.
- თქვენს გადაცემაში სტუმრად რომელი პოლიტიკოსი არ მოსულა და ვისი უარი გახსოვთ ყველაზე მძიმედ?
- კარგი შეკითხვაა. ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გადაცემაში სტუმრობაზე უარს ამბობდა, პრეზიდენტობის დროსაც, ეს არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ასე პირდაპირ უარი არ უთქვამს, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ არმოსვლა შეფუთული იყო სხვადასხვა ფორმით და დროის გაწელვის მცდელობას ემსახურებოდა.
მოკლედ, სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა არ მომეცა არც მისი პრეზიდენტობის ვადის პერიოდში და სამწუხაროდ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არც მისი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ რატომ, ამაზე ქალბატონმა სალომემ უნდა გვიპასუხოს. ჩემი ეთერი მისთვის ახლაც ღიაა და გახსნილი. მობრძანდეს, ჩემს ინტერესსაც დააკმაყოფილებს და თქვენს ინტერესსაც.
- ემა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც წამყვანი და კრიტიკული ჟურნალისტი, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს?
- ჩემ მიმართ საფრთხე რა მოსატანია, როდესაც ვხედავ ე.წ. ველზე მყოფ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის, თავგანწირვის ფასად მუშაობენ და ცდილობენ, ოპერატიული ინფორმაცია მოგვაწოდონ და უნიკალური კადრები შექმნან. ზოგადად რომ გითხრათ, მომეტებულ საფრთხეს ვგრძნობ და რაღაცებისგან თავს ვიკავებ, იმას, რასაც ვფიქრობ, არ ვამბობ ან შერბილებულად ვამბობ - მეთქი, ტყუილი იქნება. ნამდვილად არ არის ასე.
ზოგადად ჟურნალისტი პროფესია რისკიანია და როდესაც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებ, ესეც უნდა გქონდეს გათავისებული. შესაძლებელია შეეჯახო საფრთხეს, რომელიც მოდის პირდაპირ ხელისუფლებისგან, ხელისუფლებისგან იმიტომ, რომ მედია ველზე მეტად ხელისუფლების მაკონტროლებელია.
შესაძლებელია საფრთხე სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებიდანაც მოდიოდეს და არანაკლები, ვიდრე ხელისუფლებისგან, რომლის ხელში ბევრი ბერკეტია. როდესაც ამ ინტერესთა ჯგუფის ან კონკრეტული ადამიანის ინტერესს მის საწინააღმდეგოდ შეეხები, საფრთხე შესაძლოა გარდაუვალი იყოს. ამიტომ ჩვენი პროფესია რისკიანია და როდესაც ამ პროფესიაში მოვდივართ, ამ რისკებს ვითვალისწინებთ და ყველაფერს ანგარიშს ვუწევთ.
- ქალისთვის რთულია შეუთავსო ერთმანეთს ოჯახი და სამსახური. მოგვიყევით როგორ ახერხებთ და თავს როგორ უვლით?
- დროის მენეჯმენტია აქ ალბათ მნიშვნელოვანი. ვცდილობ, კარგი დედა ვიყო და კარგი ჟურნალისტი, რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, მოწესრიგებული მქონდეს სახლში ყველაფერი.
თავის მოვლას რაც შეეხება, ბოლო 8 წელია, ინტენსიურად ვვარჯიშობ, ჯერ სახლში, ჩემით დავიწყე, ბოლო ერთი წელია, დარბაზში დავდივარ. კვირაში სამჯერ, საკმაოდ მძიმე წონებს ვარ შეჭიდებული. ჩემი თავის მოვლის ძირითადი რუტინა ეს არის და სხვა არაფერი.
- რა იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი ფაქტი, ამბავი, რამაც გული გატკინათ?
- სამწუხაროდ ბევრჯერ მატკინეს გული, მაგრამ გულის ტკენა რა მოსატანია, მკითხველს უფრო მეტს ვეტყვი. ჩემს ცხოვრებაში იყო ფაქტი და არაერთი, როდესაც ძალიან ახლობელმა ადამიანებმა, არა მხოლოდ გულით ახლობელმა, სისხლით ახლობლებმა გამიმეტეს უსახლკარობისთვის, გამიმეტეს ფიზიკური საფრთხისთვის, გამიმეტეს სიკვდილისთვის, იმიტომ, რომ იცოდნენ, თუ ამ მდგომარეობაში დამტოვებდნენ, ფიზიკური საფრთხე მემუქრებოდა და სასიკვდილო. ამიტომ, გულისტკენა რა მოსატანია, როდესაც ცხოვრებაში ასეთი შემთხვევებიც მქონია.
- როგორია კადრს მიღმა ემა? ძლიერი ადამიანია თუ ძლიერი საყრდენი ჰყავს?
- ძლიერი საყრდენი ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, მეგობრები არიან, მაგრამ ემა ძლიერი ადამიანია და იმაზე ძლიერი, ვიდრე ვინმეს ჰგონია. ემამ ეს საკუთარ თავს ბევრჯერ დაუმტკიცა.
- მოგვიყევი თქვენს ოჯახზე... როგორი დიასახლისი ხართ?
- ყველაფერს ჩემით ვაკეთებ... სახლშიც თუ რამ შესაკეთებელი, იმასაც კი. თითქმის ყველაფრის შეკეთება შემიძლია, ხელსაწყოებს კარგად ვიყენებ, იმიტომ, რომ ამის საჭიროება ცხოვრებამ მოიტანა და დავხელოვნდი. პირდაპირ გეტყვით, კარგი მზარეული ვარ.
მყავს ორი შვილი. 18 წლის ვაჟი და მე ერთად ვცხოვრობთ, ქალიშვილს უკვე თავისი ოჯახი ჰყავს, მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს. ახლა ჩამოსულები არიან, ერთი თვით გვსტუმრობენ და შვილიშვილთან ყოფნის ბედნიერება მაჩუქეს.
- ბებიობამ შეგცვალათ? როგორია ეს ამპლუა?
- ბებო ენაცვალოს, - ასეთია. საოცარია, ეს ყველაფერი - ძალიან შემცვალა. სიყვარულის კიდევ სხვა განზომილებაა. ისეთი გრძნობაა, რომელიც უნდა გამოცადო, იმისთვის, რომ გაიგო.
- რა რჩევას მისცემდით მომავალ ჟურნალისტებს?
- ყოველდღიურად ვაჯობოთ საკუთარ თავს. რაც გუშინ ვიყავით, ხვალ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ, ვიდრე დღეს შევძელით. როდესაც ეს გამოგვივა და ამას გავაკეთებთ, ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წარმატებისკენ. ვეცადოთ, ყოველდღიურად შევეცადოთ ვაჯობოთ საკუთარ თავს. ახალბედა ჟურნალისტებს ამას ვურჩევდი.