დიდი ბრიტანეთის "საომარი მზადყოფნის მდგომარეობას აცხადებს". ამის შესახებ საუბარია თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში.
"სამეფოს დასაცავად საზოგადოების ყველა ნაწილს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს თავისი როლი აქვს შესასრულებელი, რადგან უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი შეიცვალა. დიდი ბრიტანეთის წინაშე არსებული საფრთხე სერიოზული და არაპროგნოზირებადია. "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა“ არის გეგმა, რომელიც ბრიტანეთს უფრო უსაფრთხოსა და ძლიერს გახდის, ბრძოლისთვის მზად გახდის, ძლიერი ალიანსებითა და მოწინავე შესაძლებლობებით“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტის შესახებ, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, დეტალურად არ ისაუბრა, თუმცა სამი მიზანი დაასახელა, რომლითაც დიდი ბრიტანეთის არმია "2035 წლისთვის 10-ჯერ უფრო ლეტალური უნდა გახდეს“.
ამასთან, კირ სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა საჰაერო და თავდაცვის სისტემებში ინვესტიციებს ჩადებს, ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე 15 მილიარდ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს და ექვს სამხედრო საწარმოსა და 12 ბირთვულ წყალქვეშა ნავს ააშენებს.