თურქეთის მუღლას პროვინციაში, ქალაქ მარმარისში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა, - ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მინისტრის ინფორმაციით, ბიძგები მუღლასა და სხვა რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა.

"14 წლის აფრანურ გიუნლუს მიწისძვრის დროს პანიკური შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - წერს იერლიკაია.
მისი თქმით, 69 ადამიანი სიმაღლიდან გადმოხტომის შედეგად დაშავდა.
"მიწისძვრა დილის 02:17 საათზე (ორშაბათს, 23:17 GMT) მოხდა მარმარისის სანაპიროდან დაახლოებით 10 კილომეტრში (ექვსი მილი)“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სააგენტო AFAD-მა.
არსებული ინფორმაციით, 14 ადამიანს ადგილზე დასჭირდა მკურნალობა, ხოლო 46 საავადმყოფოში მკურნალობს.
ასტრონომიისა და გეოფიზიკის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრა ეგვიპტეშიც იგრძნობოდა.
ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რომ პანიკაში მყოფი მოსახლეობა სასტუმროებსა და სახლებს ტოვებს. მათ ღამე ქუჩაში გაათენეს.
იხილეთ ასევე: