აფხაზეთიდან გააძევეს რუსეთის მოქალაქე ოთარ კობახიძე, ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა. აფხაზური უწყების ინფორმაციით, კობახიძე თავის ქალიშვილთან ერთად ეწვია სოხუმს და ვიდეოში განაცხადა, რომ "33 წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში".
ვიდეომ "ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი" გამოიწვია, განაცხადეს უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც ჩავიდნენ გაგრის რაიონში, დააკავეს კობახიძე და შემდგომ გააძევეს აფხაზეთიდან. ასევე გამოაქვეყნეს კობახიძის ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ის ბოდიშს იხდის "აფხაზი ხალხის წინაშე იმის გამო, რომ ასე მოხდა".
"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ვიდეოები შეურაცხყოფს აფხაზეთის მოქალაქეების პატრიოტულ გრძნობებს, ასევე კონფლიქტური სიტუაციების და საზოგადოებაში შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, კობახიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გააცილეს აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ, რუსეთის ფედერაციაში. შემდგომში ქვეყანაში შემოსვლაზე მოქალაქე კობახიძეს უარი ეთქმება. სუს-ში ასევე აფრთხილებენ, რომ ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას მსგავს ქმედებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთს ადრეც სტუმრობდნენ წარმოშობით ქართველო რუსეთის მოქალაქეები, რასაც ასევე სკანდალი მოჰყვა. მაგალითად, 2024 წელს რუსი ბიზნესმენი ერასტი ბუკია ეწვია დაბა განთიადს, სადაც ის ცხოვრობდა ქართულ-აფხაზურ ომამდე. მან პირობა დადო, რომ დაბრუნდებოდა იქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, რის შემდეგაც ისიც გააძევეს აფხაზეთიდან.