ივნისში საქართველოს საფხებურთო ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 5 ივნისს თბილისში ფარერის კუნძულებთან, ხოლო 8 ივნისს ქუთაისში კაბო ვერდეს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.
ვილი სანიოლის გუნდი 31 მაისს შეიკრიბა და ამხანაგური მატჩებისთვის აქტიურად ემზადება.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ სანიოლი გუნდის რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალებას მისცემდა, ასევე ეროვნულ ნაკრებში არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.
ნაკრების განაცხადში ოთხი დებიუტანტია:
დავით კერესელიძე, საბა ხარებაშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი გაგუა. აღსანიშნავია, რომ 16 წლისა და 8 თვის საბა ხარებაშვილი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით არის გამოძახებული:
გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)
სამწუხაროდ, გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის 2 დანაკლისია. უახლოეს შეხვედრებში, ტრავმის გამო, ჩვენს ნაკრებს ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ზარია დააკლდება.
გვინდა გაგაცნოთ დებიუტანტი ფეხბურთელები:

ნათამაშები აქვს ასაკობრივ ნაკრებებში, მათ შორის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გოლის გაიტანა.


"ენით ძალიან რთულია ამის გადმოცემა, რაც ნაკრებში გამოძახებისას განვიცადე... ის ის იყო ჩამოვედი ხორვატიიდან, ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი, მანქანიდან ჩემოდნები გადმოგვქონდა, ზუსტად მაგ დროს "ხიზანამ" დამირეკა და ასეთი სასიხარულო ინფორმაცია მაცნობა... საოცარი გრძნობა იყო. ბავშვობაშიც, დღემდე და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი ვარ და ვიქნები, მაგათთან ერთად რომ გიწევს ცხოვრება ვარჯიში ეს ჩემთვის ზღაპარს ჰგავს. ეს კიდევ დიდი მოტივაციაა ჩემთვის, რომ შემდეგ შეკრებებზეც დავიმსახურო გამოძახება. ამისთვის ჩემს მაქსიმუმს გავიღებ", - განაცხადა გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

"ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, ამბის გაგებისას პატარა შოკი მქონდა, რადგან ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. მოხვდე იმ ნაკრებში, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ერს უდიდესი სიხარული აჩუქა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ეს სადებიუტო გამოძახების ემოციებს კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის.


წელიწად-ნახევარია, უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა მაქვს, ყველა ჯერზე ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და გუნდისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო. მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია. შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულ გუნდში პირველ მიწვევას ძალიან კარგ კონდიციებში ვხდები. ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო ჩემი ქვეყნისთვის თითოეულ ვარჯიშზე - და თუ შესაძლებლობა მომეცემა - რაღა თქმა უნდა, თამაშშიც“, - ამბობს დავით კერესელიძე.

საქართველოს ნაკრებში სადებიუტოდ გამოძახებული ცენტრალური ნახევარმცველი, ნიკა გაგნიძე "კოლოს კოვალივკას" მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


ის გორის დილას აღზრდილი ფეხბურთელია და ამ სეზონში უკრაინის ჩემპიონატის 22 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.
ნიკა გაგნიძე საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში 21 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის 2023 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბა ხარებაშვილი ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი სატრანსფერო შეფასება 1.2 მილიონი ევრო გახდა და ის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა.


"როდესაც ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შესახებ გავიგე, ისეთი წარმოუდგენელი შეგრძნება მქონდა, ამის აღწერა ძნელია. ფეხბურთელის კარიერაში ამაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არ არსებობს, ბავშვობის ყველა ოცნებამ თვალწინ ჩამიარა. რა თქმა უნდა, ასეთ პატარა ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობაა, ამასთანავე, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და სტიმულია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლო“, - ამბობს საბა.