გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს "ხონის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან პაციენტები გაუშვეს ისე, რომ ოჯახებს არც შეატყობინეს“. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ambebi.ge ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ გოჩა ბაკურაძეს დაუკავშირდა:
"რას ნიშნავს პაციენტები გავუშვით? ეს რას ნიშნავს? ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ჭორია და არ შეესაბამება სიმართლეს. ვერ გეტყვით, ეს რას უკავშირდება, პირველად მესმის. ოჯახს არ შეატყობინეს - ასე არ ხდება, ყველას ვატყობინებთ, ვინმეს გათავისუფლების ან გაწერის დრო რომ დგება. რას ბრძანებთ...
დღესდღეობით ცენტრში იძულებითი და არანებაყოფლობითი 550 პაციენტი ერთად მკურნალობს. იძულებითია პაციენტი, როცა შეურაცხად მდგომარეობაში ჩაიდინა დანაშაული და პირდაპირი მკურნალობა შეეფარდა. არის კატეგორია, რომელმაც შერაცხად მდგომარეობაში ჩაიდინა დანაშაული, სასჯელი შეეფარდა, მაგრამ მკურნალობა სჭირდება, ჩვენთან მოვიდა და მკურნალობის დასრულების შემდგომ გააგრძელებს სასჯელის მოხდას საერთო წესით. "ცუდას რად უნდა მტერობაო", - ნათქვამია... მობრძანდით და ნახეთ, რა პირობებში გვყავს პაციენტები - ადამიანებთან ერთად ფარშევანგები დადიან და სამოთხეში არიან, ეს მარტო ადგილობრივებმა კი არა, "წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმაც“ (CPT) აღიარა - როცა ჩამოვიდნენ და ნახეს, გაოცებულები წავიდნენ. დანარჩენი, ჩვენ, ქართველებს ერთმანეთის შური და ბოღმა რომ არ გვკლავდეს, ჩვენნაირი სახელმწიფო კაცს არ ექნებოდა. საბჭოთა ფსიქიატრიიდან მოყოლებული, ეს ხალხი სატანჯველში და ადამიანის ღირსების შემლახავ გარემოში იყო, ახლა მობრძანდნენ და ნახონ, დღევანდელი ხელისუფლების გონივრული მიდგომის პირობებში რა გაკეთდა. ჩვენთან ყველაფერი რიგზეა, სიმშვიდეა, მსუბუქი მუსიკა, ვიოლინო და ა.შ. დანარჩენი ასჯერ გაზომილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო, ნათქვამია“.