პორტუგალიისა და გერმანიის პოლიცია პორტუგალიაში ერთობლივ სამძებრო სამუშაოს ატარებს, რომელიც მადელინ მაკკენის გაუჩინარების საქმეს უკავშირდება.
2007 წლის 3 მაისს, 3 წლის მადელინი ოჯახთან ერთად, დასასვენებლად საცხოვრებელ კომპლქსში იყო, საიდანაც გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების ამბავს ევროპის მასშტაბით იძიებენ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გაუხსნელ საქმედ იქცა.
გერმანელმა სპეციალისტებმა ამ საქმეში წამყვანი როლი ითამაშეს მას შემდეგ, რაც 2020 წელს მადელინის გაუჩინარების საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად დაასახელეს 48 წლის კრისტიან ბრიუკნერი. ეს უკანასკნელი ამჟამად სხვა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და გერმანიის ციხეში იმყოფება. კონკრეტულად კი, 72 წლის ტურისტის გაუპატიურება ედება ბრალად.
პორტუგალიელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ნებისმიერ მტკიცებულებას, რომელსაც იპოვიან, გერმანელ კოლეგებს გადასცემენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით ბოლოს სამძებრო სამუშაოები 2023 წელს ჩატარდა. მაშინ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა კაშხალთან, რომელიც მდებარეობს იმ ადგილთან ახლოს, სადაც გოგონა ბოლოს ნახეს. ამჯერად კი პოლიციელების სამიზნე კიდევ ერთხელ არის იმ სახლის შემოგარენი, საიდანაც მადელინი გაუჩინარდა.
მშობლები მთელი საღამოს განმავლობაში ამოწმებდნენ ბავშვებს, სანამ დედამ, ქეითმა, დაახლოებით 22:00 საათზე არ აღმოაჩინა, რომ გოგონა სახლში აღარ იყო. მას შემდეგ მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.