ავტორი:

"მათ არ იციან კიდევ სად დგას დრონებით დატვირთული ფურები. "ობობის ქსელის" შემდეგ, თავდასხმა ყირიმის ხიდზე - ამ ოპერაციებმა რუსების ცხელი თავები გააცია" -  რა შეიძლება მოიმოქმედოს პუტინმა?

"მათ არ იციან კიდევ სად დგას დრონებით დატვირთული ფურები. "ობობის ქსელის" შემდეგ, თავდასხმა ყირიმის ხიდზე - ამ ოპერაციებმა რუსების ცხელი თავები გააცია" -  რა შეიძლება მოიმოქმედოს პუტინმა?

რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ, უკრაინამ დღეს ანექსირებულ ყირიმის ხიდს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკვე მესამედ, დღეს დილით, ოპერაციის რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ, უწყებამ ყირიმის ხიდის წყალქვეშ მდებარე საყრდენებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა ხიდის საყრდენებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.

"ღმერთს სამება უყვარს და უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს ის, რასაც გეგმავს. ჩვენ, 2022 და 2023 წლებში ყირიმის ხიდს ორჯერ დავარტყით. დღეს ეს ტრადიცია წყალქვეშ გავაგრძელეთ. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის არცერთი უკანონო ობიექტის ადგილი არ არის. ამიტომ, ყირიმის ხიდი, აბსოლუტურად, ლეგიტიმური სამიზნეა. ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი სახით გამოვლინებას ჩვენი მკაცრი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ვასილი მალიუკმა.

"თავხედი ხალხია, მაგრამ ცოტა უფრო მოკრძალებულად იქცეოდნენ - იქნებ კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა საჭირო და ეცდებიან, მოიქცნენ ადამიანებივით“, - ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდს წინ უძღოდა სპეცოპერაცია "ობობის ქსელი“, რომლის ფარგლებშიც უკრაინელებმა რუსებს, სულ ცოტა, 41 ერთეული სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავი გაუნადგურეს. რაც შეეხება, მოლაპარაკების შედეგებს, მხარეებმა ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის საკითხზე შეთანხმდნენ. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვების საკითხიც განიხილეს და უკრაინულებმა რუსეთს იმ 339 ბავშვის უკან დაბრუნება მოსთხოვეს, რომლებიც ოკუპანტებმა საკუთარი ქვეყნიდან იძულებით გაიყვანეს. შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მზად არის მოამზადოს შემდეგი რაუნდი, რომელსაც პუტინი, ზელენსკი ტრამპი დაესწრებიან. შედგება თუ არა შეხვედრა ლიდერების მონაწილეობით, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას უკრაინის პრეზიდენტმა იმისათვის, რომ რუსების უფრო ადამიანურად მოიქცნენ და როგორ შეიძლება განვითარდეს ომი? - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება:

- პირველ რიგში არ შემიძლია არ ვთქვა, რომ "ობობას ქსელი“ ისტორიაში შევა, როგორ ბრწყინვალე სტრატეგიული დონის ოპერაცია. თავისი ხარისხით, დაგეგმარებით და შედეგით ძალიან ჰგავს ისრაელის მიერ ~ 2024 წლის სექტემბერში განხორციელებულ სტრატეგიულ სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანიც ჰეზბოლას ხელმძღვანელობის დასუსტება და მისი სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვა იყო. სახუმარო საქმე არ არის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მინიმუმ 1/3-ის განადგურება. ამ ოპერაციამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო სტამბულში ჩასული რუსული დელეგაცია, სწორედ ამიტომ შენიშნა ზელენსკიმ, რომ რუსები ცოტა უფრო მოკრძალებულები იყვნენ, მაგრამ კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა საჭირო მათი სრულად გაადამიანურებისთვისო...

- რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ამ ოპერაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთში დასრულდება და პასუხი უბრალოდ ასიმეტრიული არ იქნება. რა უნდა გააკეთოს რუსეთმა ისეთი ახლა, რაც მანამდე არ გაუკეთებია უკრაინაში?

- უკრაინა წარმატებული ოპერაციები სრულად დამოკიდებულია დასავლეთის ტექნიკურ და საფინანსო დახმარებაზე. როგორ უნდა გასცეს რუსეთმა კიევს შესაბამისი პასუხი, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე არაფერია ისეთი, რისი განადგურება მოსკოვს სტრატეგიულ უპირატესობას მისცემს. უკრაინა იბრძვის დასავლეთში წარმოებული ტექნოლოგიების საშუალებით. ძალიან რთული ამოცანა დგას პუტინის წინაშე - როგორ უნდა მოახერხონ უკრაინის საბრძოლო საშუალებების შემცირება, ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანას დაარტყამს?

- სხვათა შორის, მედვედევმა ისიც განაცხადა, რომ მათ იციან, "სად იღებენ გადაწყვეტილებებს, სად სხედან ისინი, ვისაც ჰგონიათ, რომ ბრძოლა სხვისი ხელით შეუძლიათ. დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიანო...

- რუსეთს არაერთი არაადეკვატური გადაწყვეტილება აქვს მიღებული და მჯერა, რომ ამჯერადაც ასე მოიქცევიან და კიდევ უფრო დააზარალებენ საკუთარ ქვეყანას. თუმცა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, უკრაინას სტრატეგიულ ზიანს ვერ მიაყენებენ. ეს იციან და ამიტომ შემოაქვთ დღის წესრიგში მუქარა - მოდით, დავბომბოთ ნატოს რომელიმე წევრი ქვეყანა. ძირითადად პოლონეთს და სლოვაკეთს ემუქრებიან. იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი მუდმივად ზრდიდა და აწესრიგებდა სამხედრო ინფრასტრუქტურას ბალტიის ქვეყნების საზღვრების გასწვრივ, არ გამიკვირდება, რომ პოლონეთის რომელიმე სამხედრო, თუნდაც ლოჯისტიკურ ობიექტზე განახორციელონ დარტყმა. ვინაიდან რუსები მიიჩნევენ, სამხედრო დაპირისპირებაში არიან, არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთლიანად დასავლეთთან და ნატოს ბლოკთან, მათივე დღის წესრიგისთვის მომგებიანიც კი არის ასეთი ნაბიჯის გადადგმა. იქნება თუ არა საპასუხო დარტყმა პოლონეთიდან, არავინ არ იცის, მაგრამ ჩემი აზრით ახლო მომავალში ჩვენ ვიხილავთ, რუსეთისა და ნატოს ქვეყნების დაპირისპირებას. ვნახოთ, დაველოდოთ, რა იქნება. რაც შეეხება, რუსეთის უახლოეს ნაბიჯებს, ეს იქნება კიევის მასობრივი დაბომბვა, ალბათ სამთავრობო კვარტალსაც დაარტყამენ, გამოიყენებენ "ორეშნიკის“ რაკეტებსაც. არა მგონია რომ "ორეშნიკებში“ ბირთვული ქობინები ჩადონ ან ზოგადად გამოიყენონ ტაქტიკურ-ბირთვულ ქობინები...

რუსეთი აუცილებლად შეეცდება იმ სტრატეგიული ობიექტების და შესაძლებლობების განადგურებას, რომლებსაც უკრაინა მის წინააღმდეგ იყენებს. ეს სტრატეგიული ობიექტები კი ნატო-ს წევრ ქვეყნებშია განლაგებული. ვნახოთ, სადამდე შეტოპავს პუტინი.

- როგორც ჩანს, აღარც უკრაინა აპირებს უკან დახევას, "ობობის ქსელს“ მალევე მოჰყვა ყირიმის ხიდის დაზიანება. ამასთანავე, ნიშანდობლივად მეჩვენება ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროა შემდეგ ღონისძიებები რომლებიც რუსებს კიდევ უფრო ადამიანურებს გახდის...

- ზელენსკის ეს განცხადება ნამდვილად არ არის კონტექსტიდან ამოვარდნილი. რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით. რუსეთში ნამდვილად აქვთ იმის შიში, რომ უკრაინას კიდევ ბევრი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ რუსეთს პასუხი აგებინოს. მათ არ იციან კიდევ სად დგას დრონებით დატვირთული ფურები...

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელების მიერ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩატარებულმა ოპერაციებმა რუსების ცხელი თავები გააცია. თქვენ იცით, რომ დასავლეთში საკმაოდ დიდ ხანს ითრევდნენ ფეხს და უკრაინას ბოლომდე არ უხსნიდნენ ხელ-ფეხს, რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ზელენსკიმ მათ დაანახა, რომ უკრაინას ისეთი ოპერაციების განხორციელება შეუძლია, შეუძლია, რომ რუსეთი, პრაქტიკულად, შეიარაღების გარეშე დატოვოს. პირდაპირ გეტყვით, უკრაინამ ნატო-ს სტრატეგიული ამოცანა შეასრულა. რუსეთის სტრატეგიული ავიაციის გასანადგურებლად უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსი დასჭირდებოდა, უკრაინელებმა კი ეს რამდენიმე ასეული დრონით მოახერხეს.

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ძალიან დიდი სტრატეგიული ზიანი მიიღო და უახლოეს დღეებში ამერიკის სენატი სანქციების კანონპროექტზე მუშაობას იწყებს, რუსული სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს მემორანდუმს, რომელშიც პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიძლება ითქვას წარმოუდგენელ მოთხოვნებს აყენებს. ლაპარაკია ყირიმის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობის ყოფნის საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარებაზე, უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და უარის თქმაზე, სამხედრო კავშირებში შესვლაზე. ასევე, პუტინი ითხოვს უკრაინის არაბირთვული სტატუსს, უკრაინაში სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვას, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზედა ზღვრის განსაზღვრას და რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას... და ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი...

- დიახ, გასაგებია, პუტინის არაადეკვატურობას ზღვარი არ აქვს. იმთავითვე, ყველამ იცოდა, რომ რუსეთის მოთხოვნები არაადეკვატური და არარეალური იქნებოდა. ამიტომ იყო უკრაინულმა მხარემ სტამბოლში წასვლამდე რომ გამოაქვეყნა პირობები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდებოდა. ამ ჩამონათვალში იყო, რომ უკრაინა არ იტყოდა უარს საკუთარ ტერიტორიებზე, უკრაინა თავად აირჩევა საკუთარ მომავალს და უარს არ იტყოდა ნატოში გაწევრებაზე. ეს ყველაფერი თავიდანვე გამორიცხავდა იმას, რომ რუსეთ-უკრაინას შორის რაიმე შეთანხმება შემდგარიყო. ტრამპმა სულ ტყუილად მისცა ორი კვირის ვადა პუტინს იმისთვის, რომ მშვიდობის დამყარების ნება ეჩვენებინა. მით უფრო, უკრაინის მიერ განხორციელებული ოპერაციების შემდეგ რუსეთს ძალიან გაუჭირდება თავის შეკავება. შესაბამისად, თუ პუტინს ტრამპზე ზემოქმედების საიდუმლო მექანიზმებს არ ფლობს, საბოლოოდ უნდა გაბრაზდეს პუტინზე და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.