ღალატში ბრალდებებიდან "სვინგერის" სკანდალებამდე, სერიალი The Secret Lives of Mormon Wives (მორმონ ცოლთა საიდუმლო ცხოვრება) მნახველს სრულიად განსხვავებულ მორმონულ რეალობას აჩვენებს - ისეთ სინამდვილეს, რომელიც შორს არის ტრადიციული წარმოდგენებისგან.
თუმცა სენსაციის მიღმა კიდევ უფრო ღრმა ისტორია იმალება - ისტორია პატარა, შეკრულ საზოგადოებაში არსებული ურთიერთობების დინამიკის შეცვლაზე.
სერიალში მონაწილე მორმონი დედები უკვე ხუთი წელია, რაც ონლაინ კონტენტს ქმნიან, თუმცა აცხადებენ, რომ რეალითი-ტელევიზიის კონცეფცია მათთვის ჯერ კიდევ უცხოა.
"მესმის, რომ ადამიანები ოდესმე სწავლობენ რეალითი შოუს თამაშის წესებს, მაგრამ ჩვენ ჯერ იქ არ ვართ - ჯერ კიდევ ვცდილობთ გავერკვეთ ყველაფერში,“ - ამბობს ჯესი ნგატიკაურა BBC-თან. "ასე რომ, ეკრანზე ნამდვილად ნამდვილი ჩვენ დაგხვდებით".

ის, რაც ჰობად დაიწყეს, ახლა უკვე სამსახურად იქცა და ქალები ღიად საუბრობენ იმაზე, რამდენ ფულს გამოიმუშავებენ რეალითი-შოუდან და ბრენდებთან თანამშრომლობით.
"ახლა ეს ნამდვილად ჩვენი სამსახურია, მაგრამ ეს ჩვენ ავირჩიეთ და ნებისმიერ დროს შეგვიძლია წავიდეთ, თუ აღარ გვინდა ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ" - ამბობს ჯესი.
უიტნი ლევიტი ამატებს, რომ "ბუნებრივია, როცა ფული და ოჯახი ერთვება საქმეში, ურთიერთობები იცვლება და ზოგჯერ კონკურენციაც ჩნდება, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებით ამბობს, რომ ჯგუფის წევრები კადრს მიღმაც მეგობრებად რჩებიან.
ორივე სეზონის განმავლობაში, ჯესისა და უიტნის რთული ისტორიები ჰქონდათ. უიტნი პირველ სეზონში ანტაგონისტად არის წარმოჩენილი, ხოლო მეორე სეზონის ბოლოს ჯესის ღალატში ადანაშაულებენ.
"ძალიან რთული იყო იმის გააზრება, რომ ჩვენი ნარატივი ჩვენ აღარ გვეკუთვნის და მასზე კონტროლი აღარ გვაქვს - ამასთან შეგუება მარტივი არ არის, მაგრამ უნდა მიიღო ეს რეალობა და უბრალოდ გაატარო" - ამბობს ის.
"კვირაში ოთხიდან ხუთ დღემდე მიმდინარეობს გადაღებები, და ჩვენ არ ვიცით, საბოლოოდ რა მოხვდება ეთერში,“ - ამბობს ის.
ჯესი ამტკიცებს, რომ მისი ხმაურიანი ჰელოუინის წვეულება პროდიუსერების მიერ დაგეგმილი არ ყოფილა და რომ „ბუნებრივად იმდენი დრამაა, დამატებით არაფრის შეთხზვა არ სჭირდებათ.“
"ბევრი წყენა"
დრამის ინტენსივობიდან და გადაღებების დატვირთულობიდან გამომდინარე, აუცილებელია ძლიერი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რასაც ორივე ქალი დიდად აფასებს.
„ყოველთვის არის თერაპევტი ხელმისაწვდომი. თავიდან ვფიქრობდი - რატომ იღებენ თერაპიას ტეილორი და ჯენი ასე ხშირად? ახლა კი თავად ვატარებ თვეში ხუთიდან ექვს საათამდე თერაპიაზე,“ - აღიარებს ჯესი.

უიტნიმაც მიიღო ფსიქოლოგიური დახმარება პირველ სეზონში მას შემდეგ, რაც "ბოროტი პერსონაჟის" როლი მიენიჭა.
"ძალიან მძიმე იყო - თავს საშინლად ვგრძნობდი, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი. იმდენი ძლიერი ემოცია მაწუხებდა, მაგრამ ამაყი ვარ, რომ გავუძელი და რთულ დიალოგებს არ ავარიდე თავი,“ - ამბობს უიტნი.
უიტნი MomTok ჯგუფის იმ წევრთაგანი იყო, ვისზეც ტეილორ ფრანკი პაულმა საჯაროდ თქვა, რომ იყო ჩართული ე.წ. „სვინგინგში“ - რაც უიტნიმ უარყო და რის შედეგადაც მეგობრობა დალაგდა.
სერიალში სექსზე, ქორწინებით ურთიერთობებსა და ალკოჰოლზე ღია საუბარმა მორმონური ეკლესიისგან უკმაყოფილება გამოიწვია.
"როცა პირველი თრეილერი გამოვიდა, ეკლესიაში გაუჩნდათ შიში და კრიტიკა წამოვიდა. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ ვცხოვრობთ მორმონებად - და ყველას განსხვავებული გამოცდილება გვაქვს,“ - ამბობს უიტნი.
ჯესი ამატებს, რომ დოკუმენტური დრამა მაყურებელს აჩვენებს, რომ "ჩვენ ჩვეულებრივი, ყოველდღიური გოგონები ვართ და არა ადამიანები ჩაჩითა და კარაქის სადღვებით, როგორც ზოგს ჰგონია".
ქალები ამბობენ, რომ არა მხოლოდ ეკლესია შეეგუა შოუს, არამედ შოუ ახალგაზრდა ქალებს ეხმარება, რწმენას სხვა თვალით შეხედონ.
"ბევრ ადამიანს ვუბიძგეთ, რომ საკუთარი რწმენა გაიაზრონ, მასში ღრმად ჩახედონ ან უფრო გულწრფელად შეაფასონ. ზოგი მწერს კიდეც, რომ ეკლესიაში სწორედ ჩემ გამო შევიდნენ,“ - ამბობს ჯესი.
მათთვის მორმონობა მნიშვნელოვანია, თუმცა მათ არ სურთ, რომ საზოგადოებამ იფიქროს, თითქოს ყველა მორმონებმა მათნაირად უნდა იცხოვრონ, ან მათი ცხოვრება მორმონობის ოფიციალურ და სწორ მოდელად ჩაითვალოს.
"მორმონებს შორის ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც შოუ არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ჩვენს ვარიანტს ვაჩვენებთ და ვფიქრობ, ეს სხვებისთვის შთამაგონებელი შეიძლება იყოს - ისინი საკუთარი თავიც ამოიცნონ ჩვენს ისტორიებსა და ბრძოლაში,“ — ამბობს უიტნი.
წაიკითხეთ ასევე: