ავტორი:

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ერაყში სწავლას სთავაზობს? - როგორ ეხმაურება რექტორი აჟიოტაჟს, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ერაყში სწავლას სთავაზობს? - როგორ ეხმაურება რექტორი აჟიოტაჟს, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურმა “ფეისბუქ“ გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ერაყში სწავლის მსურველთათვის, სადაც სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, სტიპენდიის მოპოვებაც არის შესაძლებელი.

“ინფორმაცია ეხება “Study in Iraq” პროგრამის მესამე ეტაპის დაწყებას. სასტიპენდიო პროგრამები ერაყის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განკუთვნილია სტუდენტებისთვის და მკვლევრებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესატანად, დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ, ეწვიონ ოფიციალურ ვებგვერდს,“ - წერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუდენტებს ოფიციალურ ლინკს უზიარებს.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებას სოციალური ქსელის მომხმარებლების, მათ შორის სტუდენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

“სირცხვილით არც უნდა გამოგექვეყნებინათ ეს პროგრამა, ალბათ თქვენი შვილების გაშვებას აპირებთ?“

“ანუ ერაყში რატომ უნდა წახვიდე სასწავლებლად? ან ტელევიზორს არ უყურებთ ან არ იცით რა ხდება ახლო აღმოსავლეთში“.

“მართალია, რა უნდათ ჩვენს სტუდენტებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, ერაყში გავუშვათ. შემდგომში გამბიის ან გაბონის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც შემოგვთავაზეთ გთხოვთ, მადლობა“, - წერენ ფეისბუკ მომხმარებლები.

აჟიოტაჟთან დაკავშირებით “სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარი გააკეთა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ.

  • ის მოქალაქეების შეშფოთებას სასაცილოს უწოდებს:

“მე ძალიან მიხარია, რომ გაბრაზებული და ვითომ აღელვებული საზოგადოება გაიგებს თქვენი საშუალებით, რომ უნივერსიტეტს ერაყთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ჩემთვის ცოტა სასაცილოა ამის გამო შეშფოთება. 2025 წელს 4 ევროპულ პროექტში გავიმარჯვეთ და ჩემი პროფესურა წასული იყო საბერძნეთში, პოლონეთში გერმანიაში. ერაყში არ ვყოფილვართ და არც ვაპირებთ“,- განაცხადა რექტორმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ერაყული უნივერსიტეტის თხოვნით გამოაქვეყნეს, რომელიც ფოსტაზე გამოუგზავნეს.

“თხოვნა იყო მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს სტუდენტებსო. არც ხელშეკრულება, არც შეთანხმება არ ყოფილა, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით“,- განაცხადა მან. იხილეთ ვრცლად