ბექა მაისურაძე ის იშვიათი პროფესიონალია, რომელიც მედიაში ყოფნას არ გულისხმობს მხოლოდ ეკრანზე ან ვებგვერდებზე გამოჩენას, ის ხშირად პასუხებს იმ კითხვებს, რომლებიც თავად მაყურებელსაც კი ჯერ არ დაუსვამს. ამბობს, რომ კინოს შესახებ წერა მისთვის არა უბრალოდ პროფესიად, არამედ ცხოვრების წესად იქცა. მისი პროფესიული მოგზაურობა მოიცავს არა მხოლოდ ქართული მედია გარემოს კულტურული ტრანსფორმაციის პროცესში გადამწყვეტ მონაწილეობას, არამედ ჟიურის წევრობას კინოფესტივალებზე და შეხვედრებს კინოს სამყაროს ყველაზე გავლენიან ადამიანებთან.
- ბექა, როგორ შეიძლება კარგი კინოჟურნალისტი დააკვირდეს და აღწეროს თანამედროვე კინო ისე, რომ ეს იყოს საინტერესო ყველასთვის?
- კარგ კინოჟურნალისტს სჭირდება ცოდნა, მაგრამ ასევე გულწრფელობა. როდესაც წერ ფილმზე, არ უნდა ეცადო ვინმეს მოაწონო საკუთარი გემოვნება. პირიქით, უნდა დაეხმარო მკითხველს, მაყურებელს, გაიაზროს და გაიგოს, რატომ და როგორ იქმნება კინო. უნდა დაუტოვო ადგილები ახალ ინტერპრეტაციებს და იზრუნო არა იმაზე, ვინ მოგიწონებს, არამედ იმაზე, ვის დაეხმარები მეტი დაინახოს. კულტურის თემების შერჩევისას ჩემთვის მთავარი პრინციპი შინაარსობრივი მნიშვნელობა და დროულობაა. თუმცა, ეს არ გულისხმობს მხოლოდ სიახლეს ან პოპულარულ თემებს. მე მჯერა, რომ კულტურა პირველ რიგში ღირებულებაზეა დაფუძნებული და არა ტრენდზე. ხშირად ვირჩევ ისეთ თემებს, რომლებიც თავიდან შეიძლება უცნობი ან თითქოს “არაპოპულარული” ჩანდეს, მაგრამ სწორად ნაჩვენები ისტორია, კონტექსტი და ანალიზი მას საზოგადოებისთვის საჭირო, აქტუალურ და შთამაგონებლად აქცევს.
- არაერთ კინოფესტივალზე იმყოფებოდით როგორც ჟიურის წევრი, მათ შორის თბილისის და ქუთაისის კინოფესტივალებზე. როგორია შიგნიდან დანახული ეს სამყარო და რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ?
- ჟიურის წევრობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. როდესაც შენს ხელშია ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, უნდა შეგეძლოს, დაინახო ის ღირებულებები, რომელიც ფილმში დევს. სიუჟეტის მიღმა უნდა წაიკითხო ავტორის დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, მისი სოციალური და კულტურული ფესვები, შთაგონება და კრიტიკული პულსი. ამგვარად, მუშაობისას, იწყებ დაკვირვებას იმაზე, როგორ იქმნება თანამედროვე კინო - არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ღირებულებების ჭრილშიც. მნიშვნელოვანია ჟიურის სხვა წევრებთან ურთიერთობაც. სწავლობ, როგორ დაიცვა პოზიცია არგუმენტირებულად და ამავდროულად, როგორ მოისმინო სხვების ხედვა პატივისცემით. ეს კიდევ ერთხელ გაჩვენებს, რომ კინო დიალოგია და კრიტიკა ამ დიალოგის ერთ- ერთი ყველაზე ფაქიზი, მაგრამ საჭირო ფორმა. და ბოლოს, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ამ გამოცდილებიდან, არის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კონკრეტული პრიზის მიმართ, არამედ იმ ავტორის მიმართ, ვინც ამ ფილმის დასრულებას წლები მოანდომა, ხშირად ძალიან რთულ პირობებშიც კი.
- ფესტივალებზე დასწრება თქვენთვის ნიშნავს არა მხოლოდ ფილმების ნახვას, არამედ ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრას. ლეგენდარულ მსახიობებთან კომუნიკაციას. გაგვიზიარეთ, რომელი შეხვედრები იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
- როდესაც ერთ სივრცეში გხვდებიან ადამიანები, ვინც კინოს ისტორია შექმნეს და დღესაც ქმნიან, ეს არ არის უბრალოდ პროფესიული გამოცდილება, ეს გარკვეული მაგიაცაა. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ეკრანიდან გადმოსულ რეალობაში შედიხარ და ის, ვისაც წლები აკვირდებოდი როგორც არტისტს, უკვე შენს გვერდით დგას, თვალებში გიყურებს და დიალოგში შედიხართ კინოს არსზე, ფორმაზე, გრძნობებზე. კანის კინოფესტივალზე ჩემთვის ბევრი შთამბეჭდავი შეხვედრა შედგა, მაგალითად, სულ ბოლოს დავესწარი რობერტ დე ნიროს, ტომ კრუზისა და გილერმო დელ ტოროს მასტერკლასებს. ასევე მქონია საშუალება სხვადასხვა ფორმატში, მესაუბრა ისეთ მსახიობებთან, რომლებიც ჩემთვის არა მხოლოდ ვარსკვლავები, არამედ შთაგონების წყარო არიან. ქეით ბლანშეტთან შეხვედრა განსაკუთრებით დამამახსოვრდა, მისი აურა, ინტელექტუალური გამჭრიახობა და თითოეული პასუხის სიზუსტე რაღაც საოცარი სიმშვიდით და ძალით იყო გაჟღენთილი. ნიკოლ კიდმანი - ელეგანტურობის და შარმის სრული განსახიერებაა, საოცრად თბილი და ღია აღმოჩნდა. წარმოუდგენლად მეგობრულია ტილდა სუინტონი, რომელიც ყოველთვის ღიაა კითხვების მოსასმენად და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად, ჯენიფერ ლოურენსი კი ისეთივე უშუალო და ენერგიულია რეალურ ცხოვრებაშიც, როგორიც ეკრანზე. მასთან შეხვედრისას ვიგრძენი, როგორ მნიშვნელოვანია არტისტისთვის სოციალური პასუხისმგებლობა. ემა სტოუნი კიდევ, ძალიან ყურადღებით ისმენდა ყველაფერს, ყოველი წინადადება გულწრფელი იყო და თავისი სამსახიობო გამოცდილების უკან ისეთი მგრძნობიარე სული ჩანს, რომელსაც არც კი ელოდები კამერის მიღმა. გარდა ამისა, მისი იუმორის გრძნობა, ისეთივე დიდებულია, როგორიც მისი სამსახიობო ნიჭი. რაც შეეხება პედრო პასკალს, ისეთი გულწრფელი ღიმილი აქვს, რომ გგონია, წლებია იცნობ. რამდენიმე წუთიანი დიალოგიც კი დაგრჩება მეხსიერებაში როგორც ღრმა, შინაარსიანი გამოცდილება. არ შემიძლია არ მოვყვე ხანმოკლე, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის შესახებ პედრო ალმოდოვარის მუზასთან, მარისა პარედესსთან. როდესაც ქუთაისის კინოფესტივალზე ჩამოვიდა, ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენ შორის ისეთი თბილი მეგობრობა გაჩნდებოდა, როგორიც შედეგად მივიღე. ერთი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, ხელჩაკიდებულები დავდიოდით და მთელი ქალაქი დავათვალიერებინე. სამწუხაროდ, ჩვენი გაცნობიდან მალევე, რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. მართლა ძალიან რთულია რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა, ყველა შეხვედრა საბოლოოდ თავისებურად საინტერესო, კარგი და შთამაგონებელი აღმოჩნდა. მათი ნახვა, თუნდაც გასაუბრების გარეშე კი მარწმუნებდა და მარწმუნებს იმაში, რატომ მიყვარს ეს საქმე და ზოგადად, როგორი მაგიურია კინოსამყარო.
- ბევრს საუბრობენ "ინთერთეიმენთ“ ჟურნალისტიკაზე, როგორც ნაკლებად სერიოზულ ფორმაზე. თქვენ როგორ ხედავთ ამ სივრცეში საკუთარ როლს?
- "ინთერთეიმენთ“ ჟურნალისტიკაში ყოფნა ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ მედიას ევალება კულტურის პულსზე ხელი ეჭიროს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი საქართველოში არის კულტურის მიმართ არასისტემური და არამდგრადი დამოკიდებულება. ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ კულტურა არის “რბილი” თემა - ლამაზი, მაგრამ მეორეხარისხოვანი. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნო წყაროების ნაკლებობა და სამწუხაროდ, პროფესიული სტანდარტების დეფიციტი კულტურის ჟურნალისტიკაში. ხშირად კონკრეტულ თემებზე საკმარისი კვლევა, მონაცემები ან კრიტიკული რეფლექსია არ არის ხელმისაწვდომი, რაც ართულებს ანალიზურ გაშუქებას. მუდმივად ვადევნებ თვალს დასავლური და სხვა საერთაშორისო მედიის კულტურის გაშუქების სტილს. ისინი ხშირად ჩემთვის არამხოლოდ ინფორმაციის წყაროა, არამედ პროფესიული სტანდარტების მაჩვენებელი. ეს მედიები მაძლევენ მაგალითს, როგორ შეიძლება ანალიზური, კომპლექსური ტექსტი იყოს პოპულარული და წაკითხვადი. დასავლურ მედიაში კულტურა განიხილება როგორც სოციალური დისკურსის ნაწილი. არა როგორც “დასვენება” ან “განტვირთვა”, არამედ როგორც საზოგადოების ცნობიერების ფორმირებაში მონაწილე სფერო.
მაგალითად, როდესაც ერთ-ერთ გამოცემაში დავიწყე მუშაობა, მალევე შევძელით შეგვემუშავებინა ისეთი სტრატეგია, რომელიც ჰოლივუდის სიახლეების სანდო და ხარისხიან გაშუქებაზე იყო დაფუძნებული. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ მკვეთრად გაიზარდა მნახველების რაოდენობა, რაც გახდა საფუძველი კულტურის, კინოსა და სერიალების სექციების შექმნისთვის. იმ პერიოდში, როცა ამ თემებზე წერა სერიოზულ ჟურნალისტიკად არ ითვლებოდა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კარგად გააზრებული და ხარისხიანი კონტენტი ნებისმიერ თემაზე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, გავლენიანი და წარმატებული. საქართველოში, სამწუხაროდ, კულტურის გაშუქება ჯერ კიდევ ხშირ შემთხვევაში რჩება ღონისძიების აღწერის დონეზე - როდის, სად და ვინ იყო, მაგრამ არა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ან რას გვიყვება ეს მოვლენები ჩვენს საზოგადოებაზე? ასევე, დასავლური მედიები ხშირად ახდენენ კულტურის პოლიტიკურ, სოციალური და ფილოსოფიური ჭრილში გააზრებას, მაშინ, როდესაც ქართულ მედიაში ჯერ კიდევ დომინირებს პიროვნებებისა და სიახლეების ზედაპირული გაშუქება.
ჩემთვის კინოსა და კულტურის მიმართ ინტერესი არ არის სტაბილური წერტილი. ეს არის მუდმივად მოძრავი და ცვალებადი ველი. რაც უფრო მეტს ვწერ, მით უფრო ვხვდები, რამდენი რამ მრჩება ჯერ კიდევ შეუმჩნეველი, ჯერ კიდევ შესასწავლი და გასაგები. რაც მთავარია, როდესაც ვიღაც გწერს, რომ შენმა ტექსტმა მას სხვა თვალით დაანახვა ფილმი, ან გადააფიქრებინა რაღაც, ეს არის იმაზე დიდი მოტივაცია, ვიდრე ყველაზე გავლენიანი არტისტის კომენტარი. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს - დიალოგი გაჩნდა, და როცა დიალოგი გრძელდება, ინტერესი არასდროს ქრება.