უკრაინულმა დრონებმა 1 ივნისს რუსეთის ორ მნიშვნელოვან ავიაბაზაზე – "ბელაიასა" (ირკუტსკის ოლქი) და "ოლენიაზე“ (მურმანსკის ოლქი) – წარმატებული თავდასხმები განახორციელეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა ხუთ ავიაბაზაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე შეტევები წარუმატებელი იყო. მურმანსკისა და ირკუტსკის ოლქებში კი „რამდენიმე ერთეული საავიაციო ტექნიკის“ ხანძარი გამოიწვია.

"ბელაიას" ავიაბაზის დანაკარგები
ახალი ფოტოების მიხედვით, „ბელაიას“ ავიაბაზაზე განადგურდა: სამი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95, სავარაუდოდ, CM მოდიფიკაციის. ოთხი შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22M3. ანალიტიკოსმა კრის ბიგერსმა, რომელმაც 3 ივნისს „ბელაიას“ აეროდრომის რადარის სატელიტური სურათები გამოაქვეყნა, ვარაუდობდა, რომ კიდევ ერთი Ту-95 შესაძლოა დაზიანებულიყო. 4 ივნისის ფოტოებზე ეს თვითმფრინავი იმავე ადგილას რჩებოდა, თუმცა ამ რეზოლუციით დაზიანების კვალი არ ჩანს.
BBC-ის რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ახალ სურათებზე, რომლებიც თავდასხმამდე გადაღებულ ფოტოებს ემთხვევა, ნათლად ჩანს განადგურებული თვითმფრინავები. ერთ-ერთ სლაიდერზე მოცემულია Tu-95 ბომბდამშენების სადგომი, სადაც სამი თვითმფრინავია განადგურებული. მომდევნო სლაიდერზე კი Tu-22M3 შორი მოქმედების ბომბდამშენების სადგომია, რომელთაგან ერთი დაიწვა. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავების დასაცავად სადგომები მიწაყრილით იყო შემოსაზღვრული, თუმცა ამან ვერ შეუშალა ხელი დრონების შეტევას. კიდევ ერთ სურათზე ორი Tu-22M3 თვითმფრინავია განადგურებული, მათ ირგვლივ კი დამწვარი ბალახის მუქი ლაქები ჩანს.

"ოლენიას" ვიაბაზაზე მიყენებული ზიანიმურმანსკის ოლქში მდებარე "ოლენიას“ ავიაბაზაზეც განადგურდა თვითმფრინავები. აქ მუდმივად დისლოცირებულია Tu-22M3 ბომბდამშენები. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, სარატოვის ოლქის „ენგელს-2“-დან „ოლენიაზე“ სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების გადასროლის შესახებ გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის სურვილით იყო განპირობებული, რადგან სარატოვის აეროდრომი უკვე რამდენჯერმე გახდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ობიექტი.

4 ივნისს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დამრტყმელი დრონების კამერებმა გადაიღეს Tu-95 ბომბდამშენებზე შეტევისას. OSINT-ის ანალიტიკურმა არხმა OSINTtechnical-მა ეს ჩანაწერები „ოლენიას“ ავიაბაზაზე დარტყმებად შეაფასა. სხვა არხმა, AviVector-მა, რომელიც აეროდრომების სატელიტური სურათების ანალიზზე სპეციალიზდება, დაადასტურა, რომ ვიდეოზე „ოლენიას“ ავიაბაზაზე განთავსებული ერთ-ერთი თვითმფრინავია.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, "ოლენიას" აეროდრომზე დაიწვა ოთხი თვითმფრინავი – სამი Tu-95MS და ერთი An-12. OSINTtechnical-ის ანალიტიკოსების თქმით, დამწვარი Tu-95MS-ების რაოდენობა ოთხი იყო. ამ დროისთვის, ახალი სატელიტური სურათები, სადაც თავდასხმის შედეგები ნათლად გამოჩნდებოდა, ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ოპერაცია "ობობის ქსელი": SBU-ს გრძელვადიანი დაგეგმვა
უკრაინის უშიშროების სამსახური (SBU) ირწმუნება, რომ ეს მასშტაბური ოპერაცია, სახელწოდებით "ქსელი", წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. მისი მიმდინარეობა პირადად კონტროლდებოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, ხოლო მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იყო SBU-ს ხელმძღვანელი ვასილ მალიუკი და სპეცსამსახურის თანამშრომლები.
ოპერაციის კულმინაცია იყო დამრტყმელი დრონების გაშვება მსხვილგაბარიტიანი სატვირთო მანქანების მისაბმელებიდან, რომლებიც ავიაბაზებთან მივიდნენ. SBU-ს ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე დრონები თავდაპირველად მობილური ხის სახლების სახურავების ქვეშ იყო დამალული, რომლებიც უკვე სატვირთო მანქანებზე იყო განთავსებული. საჭირო მომენტში სახლების სახურავები დისტანციურად გაიხსნა, რამაც დრონებს საშუალება მისცა რუსული ბომბდამშენების დასაზიანებლად.

"ომის კანონებისა და ჩვეულებების თანახმად, ჩვენს სრულიად კანონიერ სამიზნეებზე ვიმუშავეთ – სამხედრო აეროდრომებსა და ავიაციაზე, რომელიც ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს,“ – განაცხადა ვასილ მალიუკმა.
SBU-მ განაცხადა, რომ ოპერაციის შედეგად რუსეთის ავიაბაზებზე ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მატარებლების მესამედზე მეტი დაზიანდა. რუსული ავიაციის დანაკარგები შეფასებულია, სულ მცირე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ავიაბაზებზე თავდასხმამ აჩვენა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მსხვილი სამხედრო ობიექტების მოწყვლადობა.
წაიკითხეთ ასევე: