ავტორი:

ქართველი გოგონას და უკრაინელი ოფიცრის 20-კაციანი ქორწილი კიევში - "არც უკრაინული ტრადიციები იყო და არც ქართული შტრიხები"

ქართველი გოგონას და უკრაინელი ოფიცრის 20-კაციანი ქორწილი კიევში - "არც უკრაინული ტრადიციები იყო და არც ქართული შტრიხები"

უკრაინაში ომის მონაწილე ქართველმა ექიმმა, უმცროსმა სერჟანტმა ქეთი ლეშკაშელმა 11 მაისს, კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული უკრაინელი ოფიცერი - ვოვა ვეგლიჩია.

ქეთი და ვოვა უკვე მეორეა წელი ურთიერთობაში არიან, ერთმანეთი პირდაპირ ფრონტის ხაზზე - ხარკოვზე კონტრშეტევის დროს გაიცნეს. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ მიმოწერით შემოიფარგლებოდნენ.

"ოქტომბრის თვე იყო, ფრონტის ხაზიდან ვიყავით ახალი გამოსული და ვისვენებდით. უცებ ოთახში შემოვიდა ტალახიანი, სისხლიანი, ნაომარი ბიჭი და ჩვენი მთავარი ექიმი იკითხა. მე რომ შემომხედა, მიცნო (უკრაინაში ცნობილი ვარ) და მკითხა, ქეთი ლეშკაშელი ხომ არა ხარო. კი-მეთქი, ვუპასუხე. დავმეგობრდით. ერთ მიმართულებაზე ვმუშაობდით და როგორც ჩვენი ბატალიონის ჯარისკაცები გამომყავდა ფრონტის ხაზიდან, მისი მებრძოლებიც გამომყავდა. ორი თვის მერე მორიგი სამხედრო ოპერაციიდან გამოსულს, ხელში დიდი თაიგულით დამხვდა. ომში ყოფნამ რომანტიზმი კი დამავიწყა და გამიუფერულა, მაგრამ ის დღე ძალიან ლამაზი იყო..." - ამგვარად იხსენებს მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს .

ქეთი ლეშკაშელი:

- მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წელია, ხელი გვაქვს მოწერილი, ჯვრისწერა მაინც ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იყო. ამ დღეს ჩემს გული განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით და სათნოებით იყო სავსე. მე და ვოვამ ღვთის წინაშე გავაფორმეთ ჩვენი სიყვარულის სამუდამო კავშირი. ბევრი სტუმრები არ გვყოლია, სულ 20 კაცი ვიყავით მეფე-პატარძლისა და მეჯვარეების ჩათვლით.

- ორი წლის წინ, როდესაც ხელი მოაწერეთ, მახსოვს მითხარით, რომ გრანდიოზული ქართული ქორწილის გადახდა გინდოდათ საქართველოში...

- მართლა ძალიან მინდოდა, ასეც ვგეგმავდით, მაგრამ ომი გაიწელა, ვოვას კი უკრაინის დატოვება არ შეუძლია... აღარ გადავდეთ, გვინდოდა რომ უფალთან მართალნი ვყოფილიყავით. ბოლო დროს იმდენი ცუდი ამბავი შეგვემთხვა, მივხვდით, რომ ხვალისთვის არაფერი არ უნდა გადაგვედო.

- სტუმრად ვინ გყავდათ დაპატიჟებული?

- დაქალი, ვისთან ერთადაც უკვე მეოთხე წელია ვიბრძვი ჩემი მეჯვარე იყო, ვოვას თავისი ბავშვობის მეგობარი ჰყავდა მეჯვარედ. მოწვეულები გვყავდნენ უკრაინის გმირები - ჩვენი საერთო მეგობრები, ჩემი ბატალიონის მეთაური, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მოკლედ, მხოლოდ ძალიან შინაურები... სამწუხაროდ, ჩემი მშობლები და ნათესავები ვერ დაესწრნენ ცერემონიას. გადაწყვეტილება იმდენად სპონტანური იყო, ჩამოსვლა ვერ მოასწრეს. სხვათა შორის, კაბაც ნაუცბადევად, ერთი დღით ადრე ვიყიდე.

- ქორწილი მხოლოდ უკრაინული ტრადიციებით ჩატარდა თუ ქართული შტრიხებიც იყო?

- ტრადიციული ქორწილის დაგეგმვას ბევრი დრო უნდოდა, ამიტომ უბრალოდ, მართლმადიდებლურად დავიწერეთ ჯვარი, ეს იყო და ეს, არც უკრაინული ტრადიციები იყო და არც ქართული შტრიხები. უბრალოდ, ვერ მოვასწარით...

- მეუღლის ოჯახზე რას იტყვით?

- ვოვას მამა არ ჰყავს, ჩემი დედამთილი მასზე 7თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც დაიღუპა. დედამთილი დაწყებითი კლასების მასწავლებელია, ძალიან საყვარელი და თბილი ქალია. ძალიან დიდ პატივს ვცემ - ჯერ იმიტომ, რომ ვოვა ძალიან კარგ ადამიანად გაზარდა, მერე კიდევ დედამთილთან დაკავშირებული ცუდი მოლოდინები გამიქარწყლა. ჩვენი ურთიერთობა სხვაგვარად წარმომედგინა - ოფიციალურად და დაძაბულად. აბსოლუტურად სხვანაირი აღმოჩნდა. ახლა სულ მიკვირს, რას ერჩიან რძლები დედამთილებს.

- ფრონტის ხაზს ჯვრისწერის მერეც არ მიატოვებთ?

- რა თქმა უნდა, არა!

- ვოვა ამის წინააღმდეგი არ არის?

- ერთხელ, როდესაც ხელი ახალი მოწერილი გვქონდა, შუა ბრძოლის დროს მომაკითხა, მნახა და წავიდა, ვითომც არაფერი. მერე რომ დავიჭერი, დრონით დაინახა, გამოვარდა, მაგრამ ვერ შეძლო შემოსვლა... ყველაფერი რომ დამთავრდა, გამომიცხადა, პოზიციებზე აღარ გახვალო. ნურას უკაცრავად-მეთქი, მე აქ იმისთვის ვარ პოზიციებზე ვიარო და ასე რომ არ მინდოდეს, საქართველოში წავიდოდი და ჩემს სახლში დავჯდებოდი თბილად-მეთქი. ურთიერთობის დასაწყისშივე ვუთხარი, რომ ჩემს საქმე აუცილებლად გავაკეთებდი. მე და ვოვა ერთად და ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის - პირსისხლიანი რუსული იმპერიის წინააღმდეგ.