ავტორი:

იქნება თუ არა უკრაინის მასშტაბური თავდასხმები რუსულ აეროდრომებზე ომში გარდამტეხი მომენტი?

იქნება თუ არა უკრაინის მასშტაბური თავდასხმები რუსულ აეროდრომებზე ომში გარდამტეხი მომენტი?

BBC- მ ვრცელი სტატია მიუძღვნა რუსულ აეროდრომებზე უკრაინული დრონების იერიშს, გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს ქართულ ენაზე.

სპეცოპერაცია "ობობის ქსელიდან“ - რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე მასშტაბური თავდასხმიდან რამდენიმე დღე გავიდა და უკრაინა ჯერ კიდევ ცდილობს მისი სრული მნიშვნელობის გააზრებას.

ოთხშაბათს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ახალი, უფრო ცხადი ვიდეომასალა, რომელიც საჰაერო დარტყმებს და ამ რთული ოპერაციის ცალკეულ ეტაპებს ასახავს.

ამ ოპერაციის უპრეცედენტო წარმატებაზე ასევე მიუთითებს თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც ოლენიას, ივანოვოს, დიაგილევოს და ბელაიას საჰაერო ბაზების ასაფრენ ბილიკებთან აფეთქებული თვითმფრინავების კონტურებს აჩვენებს.

უკრაინელი დამკვირვებლებისთვის ოპერაცია, რომლის მომზადებასაც წელიწადნახევარი დასჭირდა, სასწაულს ჰგავდა.

"ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ოპერაციად... ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერები, შეგვიძლია ვიყოთ კრეატიულები და შეგვიძლია გავანადგუროთ ჩვენი მტრები, რაც არ უნდა შორს იყვნენ ისინი“, - განუცხადა BBC-ს უკრაინული სამხედრო ანალიტიკური ჯგუფის DeepState-ის დამფუძნებელმა რომან პოგორელიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის დღის შემდეგ საჰაერო დარტყმების შესახებ თითქმის ყველა ინფორმაცია თავდასხმის ორგანიზატორმა, უშიშროების სამსახურმა (SBU) გამოაქვეყნა.

წარმატებით ფრთაშესხმული, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ცდილობს ოპერაცია საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს. ამ საინფორმაციო კამპანიას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ კრემლმა თითქმის არაფერი უთქვია რუსულ აეროდრომებზე თავდასხმის შესახებ.

ოთხშაბათს, ოპერაციაში მონაწილე SBU-ს ოფიცრების დაჯილდოების შემდეგ, მედიასთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ იერიშის შედეგად 41 რუსული თვითმფრინავი დაზიანდა ან განადგურდა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემთხვევაში, ოპერაცია "ობობას ქსელი“ არ განხორციელდებოდა.

  • თვითმფრინავები ასაფრენად მზად იყვნენ...

SBU-ს მიერ გამოქვეყნებულ ოთხწუთიან ვიდეოჩანაწერში აეროდრომზე დარტყმების რამდენიმე ძირითადი დეტალია ნაჩვენები.

დარტყმები მიმართულია რუსეთის სტრატეგიული და შორი მოქმედების ბომბდამშენების, სატრანსპორტო თვითმფრინავების და საჰაერო მართვის და ადრეული აღმოჩენის და თვითმფრინავების წინააღმდეგ.

ზოგიერთი ის თვითმფრინავი რომლებზეც დრონებმა იერში მიიტანეს ცეცხლის ალშია გახვეული.

კადრებში ჩანს, რომ ზოგიერთ ბომბდამშენს ფრთების ქვეშ ფრთოსანი რაკეტები აქვს დამაგრებული, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების დროს დამანგრეველი დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა.

უკრაინელების თქმით, დრონები იყო სატვირთო მანქანებში დამალულ კონტეინერებში

უკრაინაში ოპერატორების მიერ კონტროლირებადი დრონები ფრთხილად და ზუსტად ესხმიან თავს თვითმფრინავის დაუცველ ადგილებს, მათ შორის ფრთებში განთავსებულ საწვავის ავზებს.

შეჯახების ადგილებში ძლიერი ცეცხლის ციმციმები მიუთითებს იმაზე, რომ ავზები საწვავით იყო სავსე და თვითმფრინავი აფრენისთვის მზად იყო.

  • A-50-ზე განხორციელებული იერიშის კადრები

ერთ-ერთ ვიდეომასალაში ნაჩვენებია დრონები, რომლებიც თავს ესხმიან ორ A-50 -ს - საბჭოთა წარმოების ადრეული შეტყობინებისა და მართვის თვითმფრინავებს, რომელიც Ilyushin Il-76 -ის ბაზაზეა შექმნილი.

ოპერაცია "ობობის ქსელის“ დროს განადგურებულ სამიზნეს შორის A-50, რომლის რადარიც 600 კილომეტრზე მეტ მანძილზე სამიზნეებისა და საფრთხეების აღმოჩენას ახერხებს, რუსეთისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგად შეიძლება ჩაითვალოს

2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, რუსეთი, სავარაუდოდ, დაახლოებით ცხრა A-50-ს ფლობდა. საბრძოლო მოქმედებების დროს სამი მათგანი დრონების თავდასხმების შედეგად იქნა ჩამოგდებული ან დაზიანებული.

  • . როგორ უნდა შეფასდეს ასეთი შთამბეჭდავი ოპერაციის შედეგები?

"სამხედრო თვალსაზრისით, ეს ომის გარდამტეხი მომენტია“, - განუცხადა BBC-ს უკრაინელმა ავიაციის ექსპერტმა ანატოლი ხრაპჩინსკიმ:

"ჩვენ ძლიერი დარტყმა მივაყენეთ რუსეთის იმიჯსა და რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობებს... უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსეთი სინამდვილეში სუსტია და თავის შიგნიდან დაცვა არ ძალუძს“.

  • მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვი კურსს შეიცვლის

დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან ბოლო საუბრის დროს მათ უკრაინის რუსეთის საჰაერო ბაზებზე თავდასხმები განიხილეს.

"ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმაზე რეაგირება“, - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

იხილეთ ასევე:

თარგმნა ლაშა ლაშქარაშვილმა