გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ბოლო თამაში კაპიტნის სამკლავურით, ფარერებთან ჩაატარა. ამხანაგურ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა. ბოლო წუთებზე შეცვლილი მეკარე ფეხზე ამდგარმა გულშემატკივარმა ოვაციებით გააცილა მოედნიდან და ნაკრებიდან...

გიორგი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2008 წლიდან იცავდა. პირველად ნაკრების მაისურით 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. სულ "ჯვაროსნების“ ფორმა 79-ჯერ მოირგო - ამ მაჩვენებლით ქართველ მეკარეებში პირველია, ვინც ნაკრებში ამდენი მატჩი ჩაატარა. არის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
გიორგი ლორია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სტაბილური მეკარეა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში. მან წლების განმავლობაში თავდადებით იასპარეზა როგორც საკლუბო დონეზე.
გიორგი ლორია დაიბადა 1986 წლის 27 იანვარს თბილისში. ფეხბურთისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გამოავლინა.
"მეკარეობა ჩემთვის ბავშვობიდანვე იყო ბუნებრივი არჩევანი - მომწონდა, როცა თამაშის ბედი ჩემი ერთ-ერთი მოქმედებით წყდებოდა", – ამბობს ლორია ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლორიას პროფესიონალური კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო.
17 წლის ასაკში თბილისის "დინამოს“ აკადემიაში გადავიდა, საიდანაც მთავარ გუნდში პირველად 2005 წელს ითამაშა.
"დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ, კლუბი 2014 წლის ივლისში დატოვა და თამაში ბერძნულ "ოფი კრეტაში“ განაგრძო.
"დინამოში თამაშით ვისწავლე პასუხისმგებლობა. იქიდან დაიწყო ჩემი დიდი გზა ფეხბურთში", - იხსენებს გიორგი.

ლორიამ იასპარეზა საქართველოს, საბერძნეთის, რუსეთის, გერმანიისა და კვიპროსის გუნდებში. მისი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პერიოდი "ანორთოსისში" ჰქონდა.
2023 წელს, სეზონის ბოლოს, ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი ლორია წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
2024 წლის 15 მაისს ლორიამ "დინამოში“ მე-100 "მშრალი“ მატჩი ჩაატარა.
გიორგი ლორია:
"სხვადასხვა ქვეყანაში თამაში იყო გამოწვევებით სავსე, მაგრამ თითოეულმა გამოცდილებამ გამზარდა როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი".
ფარერებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი ლორიამ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ამთავრებდა. თითქმის 20 წლის განმავლობაში მისი ადამიანური ღირსებები, პროფესიონალიზმი და მაღალი კლასი დიდ დახმარებას უწევდა ეროვნულ გუნდს.

"17 წელი ცოტა არ არის. ფარერებთან ბოლო თამაშს ჩავატარებ ჩვენი ქვეყნის ნაკრების მაისურით. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს, ვისთანაც მუშაობა მომიხდა. ნაკრებში რომ მოვედი, ალექსანდრე იაშვილი ჯერ კიდევ თამაშობდა... მადლობა ნაკრების სტაფს, მთელ პერსონალს...
ისინი ქმნიან იმ გუნდს, რომელიც გულშემატკივრებს ახარებს. გულშემატკივრის თანადგომას კი განსაკუთრებულად ვგრძნობდი. მახსოვს, ესპანეთთან რომ ვითამაშე, 55 ათასი ადამიანი სკანდირებდა ჩემს გვარს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, ჩემს გვერდით აღარ არიან.
საქართველოს ნაკრების მაისური იყო ჩემთვის პატივი, ჩემი ბავშვობის ოცნება. მე ვამთავრებ კარიერას ნაკრებში სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა. დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში. მადლობა, საქართველო!
ხვიჩა კვარაცხელიას მინდა წარმატება მივულოცო! ის ჩვენთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა. ამიტომ, ახალგაზრდებს ვურჩევ, იშრომონ და ფეხბურთის ერთგულები დარჩნენ", - თქვა გიორგი ლორიამ პრესკონფერენციაზე.
ლორია ოჯახს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

ის უკვე 13 წელია დაქორწინებულია სალი კოპალიანზე. წყვილს 2 გოგონა ჰყავს.

2022 წელს გიორგი ლორია ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, რომელშიც მეუღლის შესახებ ისაუბრა:
"მეუღლემ მომწერა და მითხრა, ჩემზე თქვი, რომ გიყვარვარო… 10 წელია ერთად ვართ მე და სალი. ადამიანს ჩემი ასე ესმოდეს, იშვიათია. ძალიან მაგრად მიგებს. მეც ვუგებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უფრო მიგებს ბევრ რაღაცაში. მაგრად მომყვება. რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად. თბილისის "დინამოდან" წასვლით დაიწყო…
მგონი, სიყვარული არ ნელდება. ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სიყვარული სულ თანმდევია. მონატრება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ის გაანელოს. ჩემთან ერთად არ ცხოვრობს კვიპროსში, მიდის და მოდის, მაძლევს მონატრების საშუალებას. ამას თავისებური მუღამი აქვს. ადრე უფრო ვეუბნებოდი, რომ მიყვარს… სალი, მიყვარხარ…“ - თქვა გიორგი ლორიამ გადაცემაში.
ერთ-ერთი ინტერვიუში კი განაცხადა:
"ფეხბურთი ჩემი საქმეა, მაგრამ ჩემი ძალა მოდის ოჯახიდან - იქ ვარ მე ყველაზე მშვიდად და თავდაჯერებულად".
"ლორია საქართველოს ნაკრებისთვის ვერაფრით და ვერასოდეს იქნება რიგითი ფეხბურთელი. ყოფილა მატჩები, როცა სწორედ ლორიას გადაურჩენია ქულა თუ ქულები ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდისთვის.

ახლა, როცა კარგი სანაკრებო დროება უდგას საქართველოს, შესაძლოა, ბევრს ძველებური სიმძაფრით აღარ ახსოვდეს ლორიას ეპიკური თამაშები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ გვერწმუნეთ - ასეთი მატჩები იყო და თანაც - არაერთი...
მან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღირსეულად ატარა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ტვირთი და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ერთხმად ვუთხრათ მას: "მადლობა, "ლორი!.." წაიკითხეთ სტატია სრულად
იხილეთ ასევე: