რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემები რამდენიმე რეგიონში მოქმედებდა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად კიევში მაშველები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობდნენ.
რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მასშტაბური შეტევის შედეგად ზიანი კიევის სულ მცირე ექვს რაიონში დაფიქსირდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.
დაზიანებულ ტერიტორიებზე ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ლუცკის მერის, იგორ პოლიშჩუკის ცნობით, დაზიანებულია კერძო შენობები და საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამთავრობო უწყება.
თავდასხმის დროს, მშვიდობიან მოსახლეობას ეძინა.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მერის ინფორმაციით, ლუცკზე თავდასხმის დროს მოწინააღმდეგემ 15 უპილოტო საფრენი აპარატი და 6 რაკეტა გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონები გაანადგურეს ბრიანსკის, როსტოვის, სარატოვის, ვორონეჟის, კალუგას, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, ტულას, ბელგოროდის, ტამბოვისა და მოსკოვის ოლქებში და დროებით ოკუპირებულ ყირიმში.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შავი ზღვის აკვატორიის თავზე „ნეპტუნ-მდ“ ტიპის სამი მართვადი რაკეტა გაანადგურეს.