პარიზში, ქალაქში, რომელიც თავისუფლების, ხელოვნებისა და მოქალაქეობრივი პოზიციის სიმბოლოდ მიიჩნევა, ბოლო დღეებში კამათი მოჰყვა ერთ საკითხს - რუსი გოგონა, რომელიც მუშაობს ანტისაომარი ხელოვნების მხარდამჭერ გალერეაში, შესაძლოა იყოს რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის არაოფიციალური ქალიშვილი...
გამოცემა Meduza ავრცელებს სტატიას, სათაურით: "პუტინის ქალიშვილი ელიზავეტა კრივონოგიხი, ახლა პარიზში ცხოვრობს და მუშაობს ანტისაომარი ხელოვნების გალერეაში".
მისივე ინფორმაციით, გოგონას ასევე იცნობენ ელიზავეტა რუდნოვას სახელით.
"ის ამჟამად ცხოვრობს პარიზში და მუშაობს გალერეაში, სადაც გამოფენილია რუსი და უკრაინელი არტისტების ანტისაომარი ხელოვანების ნამუშევრები", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც ეფუძნება პარიზში მცხოვრები მწერლის ნასტია როდიონოვას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუდნოვა არის სწორედ პუტინის არაოფიციალური ქალიშვილი, მისი დედა, სვეტლანა კრივონოგიხი კი ბანკ "რასიას" აქციონერია და შედის ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში.
როდიონოვას თქმით, რომელსაც ინტერვიუ მისცა "მედუზას“, მან გაიგო, რომ L Galerie-ს ერთ-ერთი თანამშრომელი თავს ელიზავეტა რუდნოვად წარადგენდა." სწორედ ამ სახელით სარგებლობს ვლადიმერ პუტინის სავარაუდო შვილი - ელიზავეტა კრივონოგიხი", - ამბობს ის.
უკრაინულმა ტელეარხმა ТСН-მა ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2024 წელს გამოაქვეყნა. შემდგომ ეს ინფორმაცია დაადასტურეს რიგმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა, რომელთაც იპოვეს კავშირები რუდნოვასა და კრივონოგიხის პირად მონაცემებს შორის (ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა).
როგორც ირკვევა, იგი სწავლობდა პარიზის ხელოვნების მენეჯმენტის კერძო სკოლაში ICART, სწავლის პარალელურად კი, ორგანიზებას უწევდა გამოფენებს და პრაქტიკას გადიოდა სახელოვნებო სივრცეებში.
L Galerie - ეს არის პატარა, ანტისაომარი ხელოვნების გალერეა პარიზის ბელვილის რაიონში, რომელსაც ხელმძღვანელობს დმიტრი დოლინსკი. მისი თქმით, რუდნოვა მათთან მუშაობს, როგორც მენეჯერი. მისივე თქმით, "არავინ ეკითხება თანამშრომლებს, ვინ არიან მათი მშობლები“.
რუდნოვა გალერეაში ასრულებს სხვადასხვა მენეჯერულ ფუნქციებს - მხარს უჭერს გამოფენების მოწყობას, კურირებს ვიდეოგადაღებებს, ეხმარება არტისტებს და როგორც ჩანს, მონაწილეობს გამოფენების ორგანიზებაშიც.
როდიონოვამ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ამ სივრცეში იფინებიან ანტისაომარი პოზიციის ხელოვანები, მათ შორის უკრაინიდან და რუსეთიდან ემიგრირებული არტისტები. მისი თქმით, "ხელოვანებმა უნდა იცოდნენ, ვის გალერეაში იფინება მათი ნამუშევრები“, რადგან პუტინთან დაკავშირებული პირების დასაქმება ქმნის ეთიკურ დილემას...