ეს იყო გულისამაჩუყებელი დრამა - ხუთი წლის ბიჭუნა ზოოპარკში გორილას ვოლიერში ჩავარდა და უგონოდ ეგდო მიწაზე, როცა მას უზარმაზარი ვერცხლისფერი გორილა მიუახლოვდა.
უცებ, ყველას გასაოცრად -114 კილოგრამიანი გორილა, სახელად ჯამბო, ნაზად მოეფერა უგონოდ მყოფ ბავშვს ზურგზე და მის სიახლოვეს დაჯდა, რათა სხვა გორილებისგან დაეცვა.
ამ შემთხვევიდან თითქმის 40 წელი გავიდა. კადრები ტურისტის ვიდეოკამერამ გადაიღო და მთელ მსოფლიოში გავრცელდა - მომენტი, რომელმაც შეცვალა ჩვენი შეხედულება გორილებზე და მათ ურთიერთობაზე ადამიანებთან.
"ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩა" - ამბობს ლევანი.
დღეს ლევანი სამი შვილის მამაა და ბაღების მოვლის სფეროში მუშაობს. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს დაუვიწყარი შემთხვევა 5 წლის ასაკში გადახდა, მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია.
"მაშინაც მიყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით გარეული ცხოველები, და დღესაც მიყვარს. ჩემი შვილებიც ცხოველებზე გიჟდებიან..“
მისი შვილები — ლეო (12 წლის), რაილი (11) და ჰოუპი (9) ზოოპარკში ხშირად დადიან, თუმცა მამამისის ისტორია მათთვის უკვე ცოტა მოსაბეზრებელია.
"მათი თვალით რომ შეხედო, უკვე მოსაბეზრებელია. ზოგი ჯერ კიდევ ახსოვს ის კადრები, მაგრამ მე აღარ ვყვები ასე ხშირად. მეზობლებიდან და ახლობლებიდან ზოგმა იცის, ზოგმა - არა.“
შემზარავი ინციდენტი 1986 წლის ზაფხულში მოხდა, როცა მერიტების ოჯახი ჰორშამიდან (დასავლეთ სასექსი) ჯერსიზე საზაფხულო არდადეგებზე იმყოფებოდა.
თავდაპირველად ბავშვებს ობობა-მაიმუნები აინტერესებდათ და ლევანს ახსოვს, როგორ გაეცინა იმაზე, რომ ერთ-ერთმა მამამისზე მოშარდა.
მაგრამ როცა გორილების ვოლიერს მიუახლოვდნენ, ბიჭები ძალიან მოიხიბლნენ ვერცხლისფერი გორილათი, სახელად ჯამბო. ლევანი მამას სთხოვდა, რომ გორილების უკეთ დასანახად მხარზე შეესვა.
„მინდოდა უკეთ დამენახა და დავიხარე. შემდეგ კი მოულოდნელად გადავვარდი.“
ბავშვმა წონასწორობა დაკარგა და 6 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა ვოლიერში. ბიჭი ბეტონის იატაკზე დაეცა. გონება დაკარგა და დაცემისას თავის ქალა გაუტყდა, ასევე მოიტეხა მკლავი.
ლევანი საკაცეზე დააწვინეს და საუთჰემპტონის საავადმყოფოში გადააფრინეს.
ლევანს თავის ქალა მძიმედ ჰქონდა დაზიანებული და მკლავიც მოტეხილი - ბავშვმა ექვსი კვირა საავადმყოფოში გაატარა. თავში ლითონის ფირფიტა ჩაუდგეს.
„ოჯახი შოკში იყო. ყველაზე მეტად სტეფანი დაზარალდა. ის მაშინ 10 წლის იყო და თავი დამნაშავედ იგრძნო. დღემდე ვერ უყურებს ვიდეოს. ალბათ რაღაცნაირად დამნაშავედ გრძნობს თავს. სამწუხაროა.“
გამოჯანმრთელების შემდეგ ლევანი ოჯახით ზოოპარკში მიიწვიეს და მას შემდეგ ათჯერ მაინც ეწვია საბედისწერო ადგილს.
1992 წელს, როცა ჯამბო გარდაიცვალა, ლევანმა მონაწილეობა მიიღო ბრინჯაოს ქანდაკების გახსნაში.
ჯამბო - მამაცი გორილა
ჯამბო 1961 წლის 17 აპრილს, ბაზელის ზოოპარკში დაიბადა. დაბადებისას მხოლოდ 1.8 კგ იწონიდა. ის იყო პირველი მამრი გორილა, რომელიც ტყვეობაში დაიბადა და დედამ თავად გაზარდა.
გორილა 1992 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა - მთავარი არტერიის დაზიანებით გამოწვეული გულმკერდის სისხლდენით.
მის პატივსაცემად ზოოპარკში ბუნებრივი ზომის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგა. 2012 წელს კი ჯერსის სპეციალურ 1 ფუნტიან მარკა მისი სურათით გამოუშვეს.