ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ეპშტეინის ფაილებშია" და ეს არის "რეალური მიზეზი", რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
"დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა“, - დაწერა მასკმა X-ზე და დასძინა: "კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ!“
მან შემდგომ პოსტში დაამატა: „შეინახე პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამოაშკარავდება“.
გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტად ხელახლა არჩევამდე ტრამპმა განაცხადა, რომ "პრობლემა არ ექნებოდა" ეგრეთ წოდებული ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსებმა უარყვეს ტრამპის თავდაპირველი დაჟინებული მტკიცება, რომ ის ეპშტეინს თითქმის არ იცნობდა - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტი ეპშტეინის დანაშაულების თანამონაწილე იყო.
მასკმა გააზიარა ძველი ვიდეოც, რომლის მიხედვით, 1992 წელს ტრამპი ეპშტეინის წვეულებაზე გოგონებთან ერთად იმყოფება. ილონ მასკმა გააზიარა X-ის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტიც დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ.
მასკმა ასევე გაავრცელა 2002 წელს ეპშტეინის შესახებ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიიდან ნაწყვეტი, სადაც ტრამპი ამბობს: "ჯეფს 15 წელია ვიცნობ. შესანიშნავი ბიჭია. მასთან ურთიერთობა ძალიან სახალისოა. ამბობენ, რომ მასაც მოსწონს ლამაზი ქალები. ბევრი მათგანი ახალგაზრდაა. ამაში ეჭვი არ მეპარება - ჯეფრის უყვარს სოციალური ცხოვრება.“
„ისინი კარგი მეგობრები იყვნენ“, - განუცხადა ეპშტეინის ძმამ, მარკმა, Washington Post-ს ტრამპისა და ეპშტეინის შესახებ 2019 წელს. „ვიცი, რომ [ტრამპი] ცდილობს დისტანცირებას, მაგრამ არ გამოუვა“.
მარკის თქმით, ტრამპი ეპშტეინის დედას და დეიდას უფასო შეღავათებსაც კი აძლევდა ატლანტიკ სიტიში, ნიუ-ჯერსიში, მის ერთ-ერთ კაზინო-სასტუმროში.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი გასამართლებული იყო პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის, მათზე სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, პატიმარმა თავი მოიკლა.
წაიკითხეთ ასევე: